№ას-909-867-2013 10 აპრილი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – შ. ტ-ე, რ. ტ-ე-ტ-ე, დ. ტ-ე-ზ-ე, ნოტარიუსი ბ. დ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კანონისმიერ მემკვიდრე ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სანოტარო აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ტ-ემ მოპასუხეების შ. ტ-ის, რ. ტ-ე-ტ-ის, დ. ტ-ე-ზ-სა და ნოტარიუს ბ. დ-ას მიმართ კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით ქ. ქუთაისში მ. ყ-ას ქ. №26-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა მამის - კ. ტ-ის საკუთრებას. 2002 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა კ.ტ-ე, რის შემდეგაც მამის დანაშთ ქონებაში ცხოვრობდა მისი ძმის დ. ტ-ის ოჯახთან ერთად და ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას. მისი ძმა დ. ტ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 11 სექტემბერს. 2012 წლის აპრილში მიმართა ნოტარიუსს ბ. დ-ას და მოითხოვა კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი უთხრა. ნოტარუსმა უარის თქმის საფუძვლად მიუთითა 2002 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობაზე. კერძოდ აქტში მითითებულია, რომ ნ. ტ-ემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. მოსარჩელის განმარტებით მას სამკვიდროზე უარი არასოდეს არ უთქვამს და სამკვიდრო მოწმობაში მსგავსი მითითება ეწინააღმდეგება რეალობას. 2012 წლის 10 დეკემბერს ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა შ. ტ-ის სასარგებლოდ და მიიჩნევს, რომ ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება შ. ტ-ის სახელზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა, რადგანაც მათ შორის არსებობდა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავა, გარდა ამისა ერთ-ერთმემკვიდრეს თვითონაც წარმოადგენს და მასაც აქვს მიღებული სამკვიდრო ქონება.ნოტარიუსმა კი არ გაითვალისწინა მისი კანონიერი ინტერესი და ქონება მთლიანად გადასცა შ. ტ-ეს. აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სანოტარო აქტები: კერძოდ 2002 წლის 24 სექტემბრის №1-10138 სამკვიდრო მოწმობა, 2012 წლის 26 აპრილის №120429952 და 2012 წლის 27 აპრილის №120432146 სანოტარო აქტები, 2012 წლის 25 სექტემბრის სანოტარო აქტი და 2012 წლის 10 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა №121309790. ასევე მოითხოვს ცნობილი იქნას მისი მამის კ. ტ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მასზე გაცემული იქნას სამკვიდრო მოწმობა.
მოპასუხე შ. ტ-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ დ. ტ-ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ კანონით დადგენილი წესით მიმართა ნოტარიუსს და სამკვიდრო ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა. კ. ტ-ეს ჰყავდა 7 შვილი. დ. ტ-ის სასარგებლოდ დანარჩენმა მემკვიდრეებმა უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე. ასეთივე უარი განაცხადა ნ. ტ-აც, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ დ. ტ-ე. მოსარჩელემ უარი თქვა სამკვიდროზე, რის გამოც მან დაკარგა სამკვიდრო ქონებიდან მემკვიდეობის მიღების უფლება. გარდა ამისა ნ. ტ-ე არ ცხოვრობდა კ.ტ-ის საკუთრებაში. ის კ. ტ-ის სიცოცხლეშიც და მას შემდეგაც ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართებზე მდგმურის სახით. მამის სახლში დადიოდა მხოლოდ სტუმრად, ამიტომ ის სამკვიდრო ქონებას მფლობელობის გზით დაუფლებული არაა. დ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ მის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა შ. ტ-ე და რ. ბ-ე. რ. ბ-ემ და შ. ტ-ემ ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლენ დ. ტ-ის დანაშთ ქონებას. რ. ბ-ემ შ. ტ-ის სასარგებლოდ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. აღნიშნულის საფუძველზე 2012 წლის 10 დეკემბერს შ. ტ-ემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა.
ნოტარიუსი ბ. დ-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ მიღებული სანოტარო აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელემ 2002 წელში უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ დ. ტ-ის სახლეზე. დ.ტ-ეს გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ დარჩა მისი ცოლი და შვილი. მეუღლემ სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა შესაბამისად სამკვიდრო მოწმობა გაიცა შ. ტ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები დაობენ სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში მ. ყ-ას ქ. №26-ში. სადაო ქონება 2003 წლამდე წარმოადგენდა კ. ტ-ის საკუთრებას.
კ. ტ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 3 სექტემბერს.
კ. ტ-ეს ჰყავდა 7 შვილი. მათგან ერთ-ერთია მოსარჩელე ნ. ტ-ე. მოპასუხე შ. ტ-ე კ. ტ-ის შვილიშვილია. მისი მამა დ. ტ-ე ნ. ტ-ის ძმა იყო.
კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ 2002 წლის 24 სექტემბერს დ. ტ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა კ.ტ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა სს ,,რ-ი” კ. ტ-ის სახელფასო დავალიანება. ნოტარიუსმა განიხილა მისი განცხადება, დაადგინა, რომ დ. ტ-ე კ. ტ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა. მიიჩნია, რომ აკმაყოფილებდა სამკვიდრო მოწმობის გაცემის ყველა მოთხოვნას და 2002 წლის 24 სექტემბერს მიიღო №1-10198 სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ტ-ემ მემკვიდრეობით მიიღო კ. ტ-ის დანაშთი სახელფასო დავალიანება.
შ. ტ-ის მამა დ. ტ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 11 სექტემბერს.
2011 წლის 14 ოქტომბერს დ. ტ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ რ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და უარი განაცხადა დ. ტ-ის სამკვიდრო ქონებაზე შვილის, შ. ტ-ის სასარგებლოდ.
2012 წლის 6 აპრილს ნ. ტ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა.
2012 წლის 26 და 27 აპრილს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნოტარიუს ბ. დ-ას დაუკავშირდა კ. ტ-ის შვილები დ. ზ-ე და რ. ტ-ე. მათ ნოტარიუსს მიაწოდეს განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობენ მამის კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე მათი ძმის შვილის შ. ტ-ის სასარგებლოდ.
2012 წლის 27 აპრილს ნოტარიუსმა განიხილა ნ. ტ-ის განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და მიიღო №120432139 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. დადგენილებაში განმარტა, რომ 2002 წლის 24 სექტემბერს დ. ტ-ის სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა იმ ქონებაზე, რომლის სამკვიდრო მოწმობის გაცემასაც ამჟამად მოითხოვს ნ. ტ-ე. დ. ტ-ის სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ ნ. ტ-ეს უარი აქვს ნათქვამი სამკვიდრო ქონებაზე. ნოტარიუსმა მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოება გამორიცხავდა მის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემას, რის გამოც მასზე არ გასცა სამკვიდრო მოწმობა.
2012 წლის 25 მაისს ნ. ტ-ემ სარჩელი აღძრა ნოტარიუს ბ. დ-ას მიმართ და 2012 წლის 27 აპრილს ნოტარიუს ბ. დ-ას მიერ გაცემული №120432139 დადგენილების გაუქმება და მამის კ.ტ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი არგუმენტებით:
2002 წლის 03 სექტემბერს გარდაიცვალა მისი მამა კ. ტ-ე, რომლის საკუთრებაში იყო ქ.ქუთაისში მ. ყ-ას ქუჩა №26-ში მდებარე სახლი. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მამის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც შვილთან ე. კ-ან და ძმის დ. ტ-ის ოჯახთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მაგრამ უსახსრობის გამო ვერც მან და ვერც მისმა ძმამ ვერ მიმართეს ნოტარიუსს და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია, რის გამოც სახლი კვლავ გარდაცვლილი მამის კ. ტ-ის სახელზე ირიცხება. 2011 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა მისი ძმა დ. ტ-ე, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისმა რძალმა რ. ბ-ემ კ. ტ-ის სამკვიდროს მისაღებად მიმართა ნოტარიუს ბ. დ-ას. 2012 წლის 06 აპრილს მიმართა ნოტარიუს ბ. დ-ას სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ 2012 წლის 27 აპრილის დადგენილებით ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან 2002 წლის 24 სექტემბერს მას უარი აქვს ნათქვამი სამკვიდრო ქონების მიღებაზე, რაც სინამდვიელს არ შეესაბამება. აღნიშნული სანოტარო აქტით დადგენილია, რომ მან უარი თქვა მხოლოდ სს ,,რ-ი” 2002 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით, მამის კ. ტ-ის სახელფასო დავალიანების 4104 ლარის მიღებაზე. ამ აქტით მან უარი თქვა მხოლოდ ხელფასის მიღებაზე და არა მთელ სამკვიდრო ქონებაზე.
სასამართლო სხდომაზე ნ.ი ტ-ემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა. მან კ. ტ-ის სამკვიდრო ქონების მის მიერ მიღებულად მიჩნევის მოთხოვნა გაიხმო, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო დავის საგნად დარჩა ნოტარიუსის აქტის კანონიერება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისს სხდომაზე ნოტარიუსი ბ. დ-ა არ გამოცხადდა, რის გამოც საქმეზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ბ. დ-ას 2012 წლის 27 აპრილის №120432139 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნოტარიუსმა განაახლა ნ. ტ-ის 2012 წლის 6 აპრილის განცხადების განხილვა და 2012 წლის 24 სექტემბერს მიიღო სანოტარო აქტი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც ნ. ტ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. დადგენილებაში მითითებულია, რომ სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს თ. მ-ის მიერ დ. ტ-ის სასარგებლოდ 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. საქმის შესწავლის მიზნით არქივიდან გამოთხოვილი იქნა სამკვიდრო საქმე, მაგრამ მისი მიღება ვერ მოხერხდა, რადგანაც ნოტარიუს თ. მ-ის სანოტარო ბიუროს არქივი დამწვარია, რის გამოც ვერ შეძლო დოკუმენტების მიღება და გაცნობა. თ.მ-ის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ საქმეში არსებობს ნ. ტ-ის თანხმობა დ. ტ-ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე. ნოტარიუსმა ჩათვალა, რომ ადგილი ქონდა სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის მიხედვითაც თუ მემკვიდრე უარს ამბობს ნაწილზე, ითვლება, რომ უარს ამბობს მთლიან სამკვიდროზე. ნოტარიუსმა ჩათვალა, რომ ნ. ტ-ეს უარი აქვს ნათქვამი თავის სამკვიდრო წილზე, ამიტომ დადგენილებით მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო პალატამ მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ უდავოდ დაადგინა, რომ ნ. ტ-ემ 2002 წელში უარი თქვა კ. ტ-ის სამკვიდროზე. აპელანტმა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოშიც განმარტა, რომ მან თანხმობა განაცხადა მის ძმას დ.ტ-ეს მიეღო მამის ხელფასი. დასახელებული თანხა ოჯახს სჭირდებოდა გასვენების ხარჯების დასაფარავად და სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე უნდა აეღოთ, ამიტომ მან თანხმობა განაცხადა ხელფასის დ. ტ-ის მიერ განკარგვაზე. მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ მითითებულია 2002 წლის 24 სექტემბრის №1-10138 სამკვიდრო მოწმობაში.
ნ. ტ-ის განცხადების განხილვის პროცესში 2012 წლის 8 ივნისს ნოტარიუსს ბ. დ-ას იტალიიდან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა შ. ტ-ის კანონიერი წარმომადგენელი რ. ბ-ე და მოითხოვა კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე შ. ტ-ის, როგორც დ. ტ-ის პირველი რიგის მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
2012 წლის 10 დეკემბერს ნოტარიუსმა ბ. დ-ამ შ. ტ-ის სასარგებლოდ გასცა სამკვიდრო მოწმობა №121309790, რომლითაც შ. ტ-ემ მიიღო ქ. ქუთაისში მ. ყ-ას ქ. №26-ში მდებარე კ. ტ-ის დანაშთი ქონება.
შ. ტ-ე და მისი დედა რ. ბ-ე იმყოფებიან იტალიაში. მათ მ.ყ-ას ქ. №26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საპატრონოდ დატოვებული აქვთ მათი ახლობლისათვის მ. ღ-ის. 2012 წლის 17 ივნისს ნ. ტ-ე მივიდა მ.ღ-ის ჩაბარებულ სახლში და ძალის გამოყენებით შევიდა სახლის მეორე სართულზე და დაიკავა იგი, რის გამოც მ. ღ-ის მიერ გამოძახებული იქნა პოლიცია.
2012 წლის 13 დეკემბერს პოლიციას განცხადებით მიმართა შ. ტ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში მ.ყ-ას №26-ში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო პოლიციის მეორე განყოფილების მიერ შ. ტ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის ღონისძიების განხორციელება. ამ მიზნით 2013 წლის 11 იანვარს მიღებული იქნა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების აქტი, რომლითაც ნ. ტ-ე გაფრთხილდა შეწყვიტოს სხვისი საკუთრების ხელყოფა. 2013 წლის 30 იანვარს ხელყოფის აღკვეთის ღონისძიება დასრულდა ნ. ტ-ის გამოსახლებით.
ნ. ტ-ემ ჩათვალა, რომ მასზე სამკვიდრო მოწმობის გაუცემლობითა და შ. ტ-ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემით დაირღვა მისი სამკვიდროს მიღების უფლება, რის გამოც სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2002 წლის 24 სექტემბრის №1-10138 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ტ-ემ მიიღო მისი -მამის კ. ტ-ის სახელფასო დავალიანება, 2012 წლის 26 აპრილის №120429952 სანოტარო აქტი, რომლითაც კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე უარი თქვა დ. ზ-ემ, 2012 წლის 27 აპრილის №120432146 სანოტარო აქტი, რომლითაც კუკური ტ-ის დანაშთ ქონებაზე უარი თქვა რ. ტ-ემ, 2012 წლის 25 სექტემბრის სანოტარო აქტი, რომლითაც ნ. ტ-ეს უარი ეთქვა მის სასარგებლოდ სანოტარო აქტის გაცემაზე, 2012 წლის 10 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა №121309790, რომლითაც სამკვიდრო მოწმობა გაიცა შ. ტ-ის სახელზე. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ცნობილი იქნას მისი მამის კ. ტ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მასზე გაცემული იქნას სამკვიდრო მოწმობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა მოპასუხეთა მოწმეები, კერძოდ: მ. ტ-ე, შ. ს-ე, ნ. დ-ე და მ. ღ-ე. მ.ტ-ე ნ. ტ-ის დაა. მან განმარტა, რომ მის დას ნ. ტ-ეს, მამის - კ.ტ-ის გარდაცვალების შემდეგ დანაშთ ქონებაში არ უცხოვრია. მან ასევე განმარტა, რომ ნ. ტ-ე მამის გარდაცვალებამდეც ცხოვრობდა მდგმურად ქ. ქუთაისში გ-ის ქუჩაზე, მ.ყ-ას №12-ში და სხვა მისამართებზე. ასევე სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობდა მამის გარდაცვალების შემდეგაც. განმარტა, რომ 2004 წლის 15 ოქტომბრიდან სამუშაოდ იყო საბერძნეთში, საიდანაც დაბრუნდა 2010 წელში. ნ. ტ-ე ამ პერიოდში ცხოვრობდა მის სახლში და მას შემდეგაც 2012 წლის აპრილამდე ნ. ტ-ე ცხოვრობდა მის სახლში ქ. ქუთაისში ტ. ტ-ის ქ. №7-ში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს შ. ს-ემ, რომელიც სადაო სამკვიდრო სახლის მეზობლად ცხოვრობს. ასევე ნ. დ-ემ, რომელიც კ.ტ-ის ნათლულია. მათ განმარტეს, რომ ნ. ტ-ეს კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ მამის დანაშთ ქონებაში არ უცხოვრია.
ნ. ტ-ის საცხოვრებელ მისამართთან მიმართებაში საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსისათვის 2005 წლის 6 ნოემბრის ნ. ტ-ის მიერ მიწერილ წერილში, ნ. ტ-ე უთითებს, რომ ცხოვრობს ქ. ქუთაისში ტ. ტ-ის ქ.№7-ში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების მიღების ბარათით, ნ. ტ-ის მისამართად მითითებულია ტ. ტ-ის ქ. №7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 17 ივნისის მიმართვაში, ნ. ტ-ის მისამართად მისი განცხადების შესაბამისად მითითებულია ტ. ტ-ის ქ. №7. მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 ივნისის მიმართვით, რომლითაც ნ. ტ-ეს პასუხი გაეცა მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ნ. ტ-ის მისამართად მისივე განცხადების მიხედვით მითითებულია ტ. ტ-ის ქ. №7. ამ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა ნ. ტ-ეს მიმართვა. სს,,ქ-ის” 2007 წლის 6 და 10 აგვისტოს მიმართვით დგინდება, რომ ნ. ტ-ეს პასუხი გაეცა მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე. დასახელებულ მიმართვაში ნ. ტ-ის მისამართად მისივე განცხადების მიხედვით მითითებულია ტ. ტ-ის ქ.№7. იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპეექციის 2005 წლის 13 სექტემბრის მიმართვით, რომლითაც ნ. ტ-ეს პასუხი გაეცა მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე. ნ. ტ-ის მისამართად მისივე განცხადების მიხედვით მითითებულია ტ. ტ-ის ქ.№7.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაკითხა მოსარჩელის მოწმეები: ე. ს-ე, ლ.გ-ა და ლ. ა-ა მოსარჩელის მიერ დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივი მფლობელობით მიღების დასადასტურებლად, მაგრამ არ გაიზიარა მათი ჩვენებები შემდეგი გარემოებების გამო: კ. ტ-ე გარდაიცვალა 2002 წლის სექტემბერს. მოწმე ლ. გ-ა განმარტავს, რომ 2004 წლამდე ქ. ქუთაისში არ იმყოფებოდა. 2004 წელში დაბრუნდა ქუთაისში და მას შემდეგ მისთვის ცნობილია, რომ ნ. ტ-ე ცხოვრობდა მამის დანაშთ ქონებაში და სტუმრადაცაა მასთან ნამყოფი. ე. ს-ე ნ. ტ-ის მეგობარია და განმარტავს, რომ ნ. ტ-ეს სხვა საცხოვრებელი გარდა მამისეული ქონებისა, არ ჰქონდა და ამ სახლში ცხოვრობდა მუდამ. ასეთივე განმარტება მისცა სასამართლოს ლ.ა-აც. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი ჩვენებები არაა სარწმუნო, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ უფრო სარწმუნო მტკიცებულებებს (2.21. პუნქტში მითითებულია). ე.კ-ის გარდა სხვა მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ვერ ამტკიცებენ ნ. ტ-ის ცხოვრებას დანაშთ ქონებაში 2002 წლის 2 სექტემბრიდან 2004 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ზუსტად ამ პერიოდში უნდა დაუფლებოდა ნ. ტ-ე სამკვიდრო ქონებას. ამ პერიოდში მის მიერ ქონების დაუფლება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. ე. კ-ე მოსარჩელის შვილია და მისი ჩვენება უნდა შეფასდეს კრიტიკულად. მისი ჩვენება ეწინააღმდეგება წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ე. კ-ე განმარტავს, რომ დედის ერთად ცხოვრობდა კ. ტ-ის დანაშთ ქონებაში და ამ მისამართზე ცხოვრობდენ მუდმივად, კ. ტ-ის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც. წერილობითი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ნ. ტ-ე 2004-2008 წლებში ცხოვრობდა ტ.ტ-ის ქ. №7- ში. ამიტომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კრიტიკული შეფასების თვალსაზრისით მისი ჩვენება არ იყო გასაზიარებელი სხვა ნაწილშიც. გარდა ამისა ნ. ტ-ის მოწმეები არიან მეგობრები (გარდა ე. კ-სა), რომლებიც უფრო ნაკლებად უნდა იყვენ ინფორმირებულები კ. ტ-ის დანაშთი ქონების დაუფლების შესახებ, ვიდრე მოპასუხის მოწმეები, რომლებიც არიან მხარეთა ნათესავები და ახლო მეზობლები.
ნ. ტ-ის და შ. ტ-ის მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. ტ-ე არ ცხოვრობდა კ. ტ-ის ქონებაში. მას არ ფლობდა, ამ ქონებით არ სარგებლობდა და არ განკარგავდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სამართლებრივად შემდეგნაირად დაასაბუთა:
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით”. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 1320-ე მუხლით სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი მ.ყ-ას ქუჩა №26-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო კ. ტ-ე. იგი გარდაიცვალა 2002 წლის 3 სექტემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომლის მიღებაც მის მემკვიდრეებს შეეძლოთ, როგორც კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ისე ანდერძით.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით `სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე”.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ, რომ ნ. ტ-ე კ. ტ-ის შვილია, ხოლო შ. ტ-ე ნ. ტ-ის გარდაცვლილი ძმის დ. ტ-ის შვილია. ნ. ტ-ე და დ. ტ-ე ორივე მათგანი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ ორივე მათგანი პირველი რიგის მემკვიდრეა და მათ თანაბრად ეკუთვნებოდათ სამკვიდრო ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მტკიცებულებათა გამოკვლევით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში 2002 წლის 24 სექტემბერს დ. ტ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა კ.ტ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა სს ,,რ-ი” კ. ტ-ის სახელფასო დავალიანება. ნოტარიუსმა განიხილა მისი განცხადება, დაადგინა, რომ დ. ტ-ე კ. ტ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა. მიიჩნია, რომ აკმაყოფილებდა სამკვიდრო მოწმობის გაცემის ყველა მოთხოვნას და 2002 წლის 24 სექტემბერს მიიღო№1-10198 სანოტარო აქტი -სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ტ-ემ მემკვიდრეობით მიიღო კ. ტ-ის დანაშთი სახელფასო დავალიანება. ნ. ტ-ეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს და მემკვიდრეობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოუთხოვიათ. შ. ტ-ემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2012 წლის 10 დეკემბერს. ნოტარიუსმა მიიჩნია, რომ შ. ტ-ე იყო დ. ტ-ის შვილი, რომელსაც მიღებული ჰქონდა სამკვიდრო და გასცა სამკვიდრო მოწმობა.
ნ. ტ-ეს სადაოდ არ გაუხდია დ. ტ-ის მიერ ქონების ფაქტობრივი მფლობელობა. საქმის მასალებითაც დადგინდა, რომ დ. ტ-ე კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა მ. ყ-ას ქ. №26-ში, მისი ცოლ-შვილის ერთად სარგებლობდა და ფლობდა მის სამკვიდრო ქონებას და ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლა მას. გარდა ამისა მან ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართა იმავე თვეში, როდესაც გარდაიცვალა მამკვიდრებელი და მიიღო სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ნ. ტ-ის მოსაზრება მასთან დაკავშირებით, რომ დ. ტ-ის სახელზე ნოტარიუსმა უკანონოდ გასცა მთლიან სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნოტარიუსს უნდა გაერკვია კ. ტ-ეს ჰყავდა თუ არა სხვა მემკვიდრე. თუ დაადგენდა, რომ მას ჰყავდა სხვა მემკვიდრეც, მაშინ მას უნდა ეზრუნა დანარჩენი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2002 წელში ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება სამკვიდრო მოწმობა გაეცა მხოლოდ დ. ტ-ის სახელზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ 2002 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზია მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ან კიდე თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და ამ გზით მიიღო მემკვიდრეობა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსისათვის სამვიდროს გახსნის შემდეგ არ მიუმართავს და არ მოუთხოვია სამკვიდრო მოწმობა. ასევე მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მან ქონებას დაეუფლა და მფლობელობის გზით მიიღო სამკვიდრო ქონება. მოსარჩელის და მოპასუხის მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ კ. ტ-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. ტ-ე არ ცხოვრობდა კ.ტ-ის ქონებაში. მას არ ფლობდა, ამ ქონებით არ სარგებლობდა და არ განკარგავდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ. ტ-ე და ე. კ-ე რეგისტრირებულნი იყვენ ქ. ქუთაისში მ. ყ-ას ქ. №26-ში.მაგრამ ამათუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში ამ ქონებასთან ზოგადი კავშირი არ იგულისხმება. სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს იმას, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს მფლობელობით. სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა, ნივთების განკარგვა და მათი ბედის გადაწყვეტა. მოსარჩელის მტკიცებულებები კი ასეთ რამეს არ შეიცავს. არ დგინდება, რომ მოსარჩელე ამ ნივთებს ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა როგორც საკუთარს. შესაძლებელია ნ. ტ-ეს კავშირი ჰქონდა სამკვიდრო ქონებასთან, დადიოდა სტუმრად და ღამესაც ათენებდა და პერიოდულად რჩებოდა სახლშიც, (მიუხედავად იმისა, რომ მისი პერიოდულად ცხოვრება არ დადგინდა), მაგრამ ეს არ ნიშნავს ფაქტობრივი მფლობელობით ქონების დაუფლებას. მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას დაუფლებული, რომ ყოფილიყო, მაშინ არ იცხოვრებდა მ. ტ-ის სახლში და თავშესაფარი არ ექნებოდა ამ სახლში, ასევე რ. ბ-ე სახლს არ ჩააბარებდა მ. ღ-ეს და ნ. ტ-ეს 2012 წლის ზაფხულში არ მოუხდებოდა საცხოვრებელ სახლში ძალის გამოყენებით შესვლა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ქონების ფაქტობრივი მფლობელობა არ დასტურდება.
პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ნ. ტ-ემ ნოტარიუსს მიმართა 2012 წლის 6 აპრილს, რა დროსაც მას უკვე გაშვებული ჰქონდა ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსზე მიმართვისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადა. თუ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა და ქონებასაც მფლობელობის გზით არ დაუფლებია, ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ნოტარიუსი სწორად მოიქცა თუ არა 2002 წლის 24 სექტემბერს, როდესაც სამკვიდრო მოწმობა გასცა დ. ტ-ის სახელზე, ამ გარემოების დადგენით მოსარჩელისათვის შედეგი არ შეიცვლება, რადგანაც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა არა ნოტარიუსის მართლზომიერი მოქმედების საკითხი, არამედ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღების საკითხი. თუ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაუფლებული არ აქვს, ამ შემთხვევაში, რომც დადგინდეს ნოტარიუსის მიერ კანონის დარღვევა, ასეთ დროსაც კი ის ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას, იმის გამო, რომ მას გაშვებული აქვს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 თვიანი ვადა და სამკვიდრო ქონებაც მფლობელობის გზით არ აქვს მიღებული.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ 2002 წლის 24 სექტემბერს დ. ტ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და 2012 წლის 10 დეკემბერს შ. ტ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის წინააღმდეგ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ მემკვიდრეს, ვისაც მემკვიდრეობა მიღებული აქვს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული მემკვიდრის მოთხოვნის საფუძველი იქნება მის მიერ უკვე მიღებული სამკვიდროს ქონების ნაწილში იმ პროპორციით, რაც მას ერგება. ანუ მან უნდა დაასაბუთოს, რომ სამკვიდრო ქონება მფლობელობის გზით მიღებული აქვს არამარტო დ. ტ-სა და შ. ტ-ეს, არამედ თვითონ მასაც.
პალატას სწორედ მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ნ. ტ-ეს სამკვიდრო ქონების მისაღებად კ. ტ-ის გარდაცვალებიდან არც 6 თვის განმავლობაში და არც მას შემდეგ 2012 წლის 6 აპრილამდე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აქედან გამომდინარე მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოითხოვა. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ მან დაკარგა უფლება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართოს ამ ვადის აღდგენის გარეშე. მოსარჩელეს ნოტარიუსზე მიმართვის გარეშეც შეეძლო სამკვიდროს მიღება, მას მემკვიდრეობა მიღებულად ჩაეთვლებოდა თუ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლებოდა და შეუდგებოდა მის მართვას. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი მფლობელობის გზით. მოსარჩელის არგუმენტები ქონების მფლობელობის შესახებ მთლიანად გაბათილებული იქნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ (სამკვიდროს მფლობელობის გზით მიუღებლობის გამო) ნოტარიუსი არ იყო ვალდებული მოსარჩელის თანხმობის გარეშე არ გაეცა სამკვიდრო მოწმობა.მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე პირველი რიგის მემკვიდრეა, კანონმა ის შეზღუდა სამკვიდროს მიღებისათვის გარკვეული ვადით. კერძოდ 6 თვეში უნდა მიემართა ნოტარიუსისათვის ან ქონება უნდა მიეღო მფლობელობით. მან არც 6 თვეში მიმართა ნოტარიუსს და არც მფლობელობით მიიღო ქონება, ხოლო მოპასუხემ მფლობელობით მიიღო და შეუდგა მის მართვას, რის გამოც სამკვიდროს მისაღებად მოსარჩელის თანხმობა არ იყო საჭირო. კანონი არ ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების უფლების მთელი ცხოვრების განმავლობაში შენახვას. სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც 2002 წლის 24 სექტემბერს დ. ტ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობით, ისე 2012 წლის 10 დეკემბერს შ. ტ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობით მოსარჩელე ვერ მიიღებს სამკვიდრო ქონებას, რის გამოც დასახელებული აქტები მოსარჩელეს ზიანს არ აყენებს. დასახელებული აქტები ასახავს იმ პირთა მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, ვინც რეალურად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, სარგებლობდა ამ ქონებით და განკარგავდა მათ ბედს. შესაბამისად სარჩელი 2002 წლის 24 სექტემბრის №1-10138 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, 2012 წლის 25 სექტემბრის სანოტარო აქტის ბათილად ცნობისა და 2012 წლის 10 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა №121309790-ის ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა. არარსებობს იმ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რომლითაც სამკვიდრო მოწმობა გაიცა ჯერ დ. ტ-ე, შემდეგ შ. ტ-ე. ასევე არარსებობს მოსარჩელის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ აღიარებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების საფუძველი.
ნ. ტ-ის მამის კ. ტ-ის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ჩათვლის შესახებ ნ. ტ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა შემდეგ:
სამოქალაქო კოდექსის 1435–ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. ამავე მუხლის კომენტარში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ლადო ჭანტურია წიგნი მეხუთე გვ. 481) აღნიშნულია, რომ ,,მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო ან მთლიანად უარი უნდა თქვას მასზე, თუ მემკვიდრე სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას დაუკავშირებს რაიმე პირობას, მაშინ ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე“. უდავოდ დგინდება და აპელანტი ადასტურებს, რომ ნ. ტ-ემ 2002 წელში უარი თქვა კ. ტ-ის სამკვიდროზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მან თანხმობა განაცხადა მის ძმას დ.ტ-ეს მიეღო მამის ხელფასი. დასახელებული თანხა ოჯახს სჭირდებოდა გასვენების ხარჯების დასაფარავად და სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე უნდა აეღოთ, ამიტომ მან თანხმობა განაცხადა ხელფასის დ. ტ-ის მიერ განკარგვაზე.
აპელანტის ნ. ტ-ის მიერ (მოსარჩელის) სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ მითითებულია 2002 წლის 24 სექტემბრის №1-10138 სამკვიდრო მოწმობაში, ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, რომ აპელანტმა თავის დროზე უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები ადგენენ წესებს, რომლის მიხედვითაც მხარეები ვალდებულნი არიან არამარტო განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ, არამედ ვალდებულნი არიან თვითონ წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებენ სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ გარემოებებს. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელის მოთხოვნები იყო ასევე: 2012 წლის 26 აპრილის №120429952 სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე უარი თქვა დ. ზ-ემ. ასევე 2012 წლის 27 აპრილის №120432146 სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე უარი თქვა რ. ტ-ემ. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანცის საამართლოს მსჯელობას მოსარჩელის ამ მოითხოვნებთან მიმართებაში და დამატებით განმარტა:
სამოქალაქო კოდექსის 1439-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება.ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ. უარის თქმა არის ერთჯერადი აქტი, ნების გამოხატვა, ცალმხრივი გარიგება, აქედან გამომდინარე კანონი არეგულირებს სამკვიდროს მიღებაზე მხოლოდ უარის თქმასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მათგან ყველაზე მთავარი მემკვიდრედ მიწვეული პირის განცხადებაა იმის თაობაზე, რომ მას არ სურს მიიღოს სამკვიდრო და ჩაებასსამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში. ასეთი განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სანოტარო ორგანოში (მემკვიდრეობის სამართალი რ.შ-ა ე. შ-ია 2011 წ. გვ. 158-166).
დადგენილია, რომ 2012 წლის 26 და 27 აპრილს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნოტარიუს ბ. დ-ას დაუკავშირდა კ. ტ-ის შვილები (კანონიერი მემკვიდრეები) დ. ზ-ე და რ. ტ-ე. მათ ნოტარიუსს მიაწოდეს განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობენ მამის კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე მათი ძმის შვილის შ. ტ-ის სასარგებლოდ, რისი უფლებაც მათ კანონით ქონდათ. ამასთან უდავოა, რომ შ. ტ-ე ან მისი მამა უღირსი მემკვიდრეები არ იყვნენ.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით ,,ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება”.
ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს; ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს; ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს; რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს; ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 26 და 27 აპრილს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნოტარიუსისათვის კ. ტ-ის შვილების დ. ზ-ის და რ. ტ-ის მიერ მიწოდებული განცხადებები (მასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობენ მამის კ. ტ-ის დანაშთ ქონებაზე მათი ძმის შვილის შ. ტ-ის სასარგებლოდ). ნოტარიუსმა ბ. დ-ამ დაამოწმა.
სააპელაციო პალატის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დ. ზ-ეს და რ. ტ-ეს ჰქონდათ უფლება გამოეხატათ ნება იმ საკითხებზე, რომელიც მხოლოდ მათ ეხებათ, თავის მხრივ ნოტარიუსის ვალდებულება იყო დაემოწმებინა წარდგენილი განცხადება, რაც ასე მოხდა კიდეც. დასახელებული აქტები (სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ) მოსარჩელეს არ აყენებდა ზიანს, მისი უფლებები ამ აქტებს არ შეუზღუდავს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ნ. ტ-ის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-ემ.
ნ. ტ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიღებულ იქნას ახალი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულია შემდეგნაირად:
კასატორის განმარტებით მართალია 6 თვის ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მოწმობის მისაღებად, მაგრამ იგი ფაქტობრივად დაეუფლო ქონებას, ცხოვრობდა მამის სახლში მის არასრულწლოვან შვილთან ერად, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით, რაც ნოტარიუსს სადაოდ არ გაუხდია, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პირის საცხოვრებელი ადგილი განისაზვრება სამოქალაქო რეეტრში დაცული მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ პირი არ არის რეგისტრირებული სამკვიდრო ქონებაზე ასეთ შემთხვევაში მან სხვა მტკიცებულებებით უნდა ადასტუროს სამკვიდრო ქონების ფლობა. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტს. სასამართლომ მიუთითა, რომ დაკითხული მოწმეები არ იყვნენ მისი მეზობლები რის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენლი იქნა მის მიერ და დადასტურდა, რომ მოწმეების საცხოვრებელი კ-ის ქუჩა მ.ყ-ის ქუჩის მომიჯნავე ქუჩაა.
კასატორის განმარტებით 2002 წლის 24 სექტემბრის #1-10198 სამკვიდრო მოწმობა უკანონოა და უნდა გაუმდეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის შემდეგ, ნებისმირ დროს. აქედან გამომდინარე 2002 წლის 24 სექტემბერს მამის გარდაცვალებიდან არ იყო გასული 6 თვე. დ. ტ-ის გარდა არსებობდა პირველი რიგის კიდევ ექვსი სხვა მემკვიდრე და ნოტარიუსმა განახორციელა კანონსაწინააღმდეგო ქმედება სამკვიდროს მოწმობის მხოლოდ დ. ტ-ე გაცემით. პირველი და სააპელაციო სასამართლოს ინსტანციებმა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმით დაარღვიეს ამ მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებმა რ. ტ-ემ და დ. ზ-ემ მამის გარდაცვალები შესახებ გაიგეს 2002 წელს. კანონით დადგენილ 6 თის ვადაში მათ არ მიუმართავთ ნოტარიუსისასთვის და არც დაუფლებიან სამკვიდრო ქონებას. ასევე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში არ განუცხადებიათ უარი სამკვიდროს მიღებაზე სხვა მემკვიდრეების სასარგებლოდ. 2012 წლის აპრილში მათ მიერ განცხადებული უარი სამკვიდროს მიღებაზე უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად არის პირველი რიგის მემკვიდრე და ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მის ძმასთან დ. ტ-ან ერთად მამის სიკვდილის შემდეგ დაეუფლა სამკვიდროს და ფაქტობრივად შეუდგა მის ფლობას, რითაც მიიღო სამკვიდრო ქონება. აქედან გამომდინარე ნოტარიუს ბ.ა დ-ას მისთის უნდა მიეცა სამკვიდრო მოქმობა ქონების ნაწილზე. ნოტარიუსი დაეყრდნო 2002 წლის 24 სექტემბრის სანოტარო აქტს, რომელიც მას არ უნდა გაეზიარებინა, რადგან იგი კანონსაწინააღმდეგო და ბათილია. ნოტარიუსი უთითებს, რომ მან გადაწყვეტილების მიღების დროს სრულყოფილად ვერ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, დოკუმენტები და გაურკვეველი დარჩა 2002 წლის სამკვიდრო მოწმობის კანონიერება. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნლმა მთლიანად გაიზიარა და მასზე დაყრდნობით უთხრა უარი კასატორს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსს ბ.ა დ-ას 2012 წლის 25 სექტრემბრის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ არ ცნო ბათილად, რითაც უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელი რიგი ნორმები. 2012 წლის 25 სექტემბრის უარის თქმის დადგენილების საფუძველს წარმოადგენდა იგივე გარემოება, რაც მითითებული იყო 2012 წლის 27 აპრილის უარის თქმის დადგენილებაში. ეს დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, რითაც ნოტარიუსს მოესპო სამართლებრივი უფლება იგივე საფუძვლით ეთქვა უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. რადგან სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ე.ი. დამტკიცებულად ჩაითალა, რომ 2002 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა კანონსაწინააღმდეგო იყო და აღნიშნული სანოტარო აქტით კასატორს უარი არ უთქვამს მამის კ. ტ-ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე. რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესრულია კანონიერ ძალაში პრეიდიციული ძალა გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება სხვაგვარად ემსჯელა აღნიშნულ ფაქტებზე და სხვაგვარად შეეფასებინა. ტყუილია როდესაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს რომ სასამართლო სხდომაზე ნ. ტ-ემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟჲს შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე