Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-928-886-2013 1 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე გაერთიანების მმართველ ა. ლ-ის 2011 წლის 20 აგვისტოს №83 ბრძანების ბათილად ცნობა, გაერთიანების ფილიალის – მ.ბ-ის სახელობის ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგად აღდგენა და იძულებითი მოცდენის შრომის ანაზღაურება 2011 წლის 26 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სარჩელის აღძვრის მომენტისათვის – 8330,21 ლარი).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანების პირველი პუნქტი, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, დანარჩენ ნაწილში კი, მის მოთხოვნას ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ა-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 8265,22 ლარის გადახდა, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა აღნიშნული გადაწყვეტილება 3 თვის ხელფასის – 1199,70 ლარის ანაზღაურების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1967 წლიდან 2011 წლის 26 აგვისტომდე ე. ა-ე მუშაობდა მუსიკის ლიტერატურის პედაგოგად.

თავდაპირველად მან მუშაობა დაიწყო ქუთაისის მ.ბ-ის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ქუთაისის მ.ბ-ის სახელობის სამუსიკო სასწავლებლად. 2008 წლიდან, რეფორმისა და საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული სასწავლებელი დაფუძნდა ააიპ „მ.ბ-ის სახელობის ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის“ სახით. ამჟამად, სასწავლებელი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს.

სამართლებრივი ფორმის შეცვლის მიუხედავად, 1967 წლიდან გათავისუფლების დღემდე ე. ა-ეს გააჩნია ზემოაღნიშნულ სასწავლებელში უწყვეტი პედაგოგიური სტაჟი. იგი დანიშნული იყო ბრძანების საფუძველზე.

ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის ა. ლ-ის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით 2011 წლის 26 აგვისტოდან ე. ა-ე გათავისუფლდა პედაგოგის თანამდებობიდან თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 15 ივნისის №159 განკარგულების „ქალაქ ქუთაისის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – სამუსიკო სასწავლებლისა და სკოლების გაერთიანების“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ მე-5 მუხლის, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების ნაწილში არ გაუსაჩივრებია, რის გამოც ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველ ანდრო ლოსაბერიძის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება უკანონოა.

უტყუარადაა დადასტურებული, რომ 2011 წლის 26 აგვისტოდან ე. ა-ე სამსახურს იძულებით მოცდა.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ე. ა-ემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც შეადგენს 8265,22 ლარს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების ნაწილში კანონიერ ძალაში 2013 წლის 15 ივლისს შევიდა.

ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის – მ.ბ-ის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორ მ. კ-ის ცნობით დადგენილია, რომ 2010 – 2011 სასწავლო წლისათვის მ.ბ-ის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგ ე. ა-ის პედაგოგიური დატვირთვა ოყო 30 კვირეული საათი, შესაბამისად, ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 399.90 ლარს.

სააპელაციო პალატის მითითებით, ე. ა-ემ მოითხოვა, სამსახურიდან იძულებითი მოცდენის გამო, 2011 წლის 26 აგვისტოდან 2013 წლის ივლისამდე მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, რაც შეადგენს 8265,22 ლარს.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა – შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი პრინციპებით უნდა მოწესრიგდეს.

პალატამ მიუთითა, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებაა. შრომის კონსტიტუციური უფლება შრომის კოდექსით წესრიგდება.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსს აკონკრეტებს და მუშაკთა ძირითად შრომით უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს. კონსტიტუციის ფორმულირება – შრომა თავისუფალია ნიშნავს, რომ თითოეულ მუშაკს აქვს იმ შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც თავისუფლად ირჩევს ან რომელსაც იგი თანხმდება.

შრომის ანაზღაურების უფლებას შრომის კანონთა კოდექსის VII თავი აწესრიგებს, რომლის თანახმად მუშაკისთვის შრომის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებით და დაადგინა, რომ სამსახურიდან ენი ა-ის იძულებითი მოცდენა გამოწვეული იყო დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო ბრძანებით. ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის –მ.ბ-ის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორ მანანა კიკაბიძის ცნობით დადგენილია, რომ 2010 – 2011 სასწავლო წლისათვის მ.ბ-ის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგ ე. ა-ის პედაგოგიური დატვირთვა შეადგენდა 30 კვირეულ საათს და, შესაბამისად, ყოველთვიური ანაზღაურება იყო 399.90 ლარი. ე. ა-ემ კი, მოითხოვა იძულებითი მოცდენისათვის ხელფასის ანაზღაურება 2011 წლის 26 აგვისტოდან 2013 წლის 18 მარტამდე (სარჩელის შეტანის) პერიოდზე.

მართალია, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის – ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა სადავოდ გახადა ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის – მ.ბ-ის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორ მ. კ-ის მიერ გაცემული ე. ა-ის ხელფასის შესახებ ცნობა, თუმცა სხვა საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა მისი მხრიდან ვერ მოხერხდა, პირიქით, თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 26 ივლისით დათარიღებული მტკიცებულებაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. ა-ის დატვირთვა ნამდვილად შეადგენდა 30 კვირეულ საათს. რაც შეეხება ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ უშედეგოდ მისცა შესაძლებლობა მოწინააღმდეგე მხარეს, წარმოედგინა აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულება, რაც თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (ხელფასის ცნობას) მეტ სანდოობასა და უტყუარობას ანიჭებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელ ორგანიზაციას მეტად ხელეწიფებოდა ხელფასის თაობაზე ცნობის გაცემა, თუმცა მან ასეთი მტკიცებულება სასამართლოს არ წარუდგინა, ამდენად, პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ე. ა-ის განაცდურის სახით ყოველთვიურად მისაღები თანხის დაკისრებისა და ამ თანხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი.

უპირველესად აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე თავად არ ცხადდებოდა სამუშაოზე და მისი იძულებით მოცდენა არ მომხდარა. ამასთანავე, გაურკვეველია მისთვის გადასახდელი თანხის გამოანგარიშების პრინციპი და აღნიშნული თანხის კასატორისათვის დაკისრების საფუძველი.

ე.ა-ის სამუშაოზე გამოცხადების შემთხვევაშიც, მას ყოველკვირეულად 30-საათიანი დატვირთვა ვერ ექნებოდა. მითითებულ გარემოებას ადასტურებს სასწავლო დაწესებულებათა პედაგოგთა ამჟამინდელი დატვირთვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის №83 ცნობა მტკიცებულებად არ უნდა ჩაეთვალა.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს.

კასატორმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული დავა განეხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 413,26 ლარის 70% – 289,28 ლარი.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლით კანონმდებელი ზუსტად და ამომწურავად განმარტავს შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა მხარემ ვერ დაადასტურა, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 413,26 ლარის 70% – 289,28 ლარი.

3. ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ შუამდგომლობა საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე