№ას-95-91-2014 28 აპრილი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ. ა-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – იძლებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით:
1. დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „კ. ა-ს“ დ. ნ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანება 200 ლარის ოდენობით;
3. დ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძლებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე შპს „კ. ა-ს“ დ. ნ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით დაეკისრა 6 520 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ა-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, მაგრამ საქმის მასალების დამატებითი გამოკვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებული საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი მ. თ-ი (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 43) ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ.2, ს.ფ. 73-74). აქედან გამომდინარე, კასატორი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, კასატორს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 20 დეკემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 20 დეკემბრის შემდეგ, კერძოდ, ამავე წლის 26 დეკემბერს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 89). ასეთ ვითარებაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 9 იანვარს. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღის დადგენა ხდება სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების განმეორებით შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმულ სარეგისტრაციო შტამპზე საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღი გარკვევით არ იკითხებოდა, ხოლო, თავად კასატორს საჩივრის შეტანის თარიღად მითითებული ჰქონდა 2014 წლის 15 იანვარი. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით ირკვეოდა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო 2014 წლის 15 ინვარს. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოდან დამატებით გამოითხოვა სარეგისტრაციო ჟურნალში დაცული ინფორმაცია შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის წერილით ირკვევა, რომ შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2014 წლის 15 იანვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კასატორმა დაარღვია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების მიხედვით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „კ. ა-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 327.00 ლარი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 15 იანვარი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე