Facebook Twitter

საქმე№ას-1049-1003-2013 30 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჟ-ი, თ. ც-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, წარმოებაში მიიღოს სააპელაციო საჩივარი 26000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ან საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით დაუბრუნოს ქვემდგომ სასამართლოს

დავის საგანი – გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჟ-სა და თ. ც-ას მიმართ და მოითხოვა თ. ჟ-ის ქ. ც-ას სასარგებლოს უ. ც-ას კუთვნილი სხლის რემონტისათვის, ასევე დაკრძალვის გამო გაწეული ხარჯის - 10000 ლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თ. ჟ-სა და თ. ც-ის მ. კ-ის სასარგებლოდ 26000 ლარის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოპასუხე თ. ჟ-ის მ. კ-ის სასარგებლოდ 10000 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის მოთხოვნაზე - გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი სრული მოცულობით; დაეკისროთ მოპასუხეებს - თ. ჟ-ს და თ. ც-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 26000 ლარის გადახდა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა ხარვეზიანი სარჩელი, კერძოდ, მასში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომები; მოსარჩელედ დაფიქსირებული იყო მ. კ-ე, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნაში შეცდომით მიეთითა ქ. ც-ა, ასევე - დავის საგანიც უნდა ყოფილიყო 26000 ლარის დაკისრება (აუდიტის დასკვნის თანახმად სწორედ ამ ოდენობის ხარჯი ჰქონდა გაწეული მ. კ-ეს უძრავი ნივთზე) და არა სარჩელში მითითებული 10000 ლარის გადახდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, დასაშვებობის ეტაპზე, არ იმსჯელა ამ ხარვეზებზე და მოსარჩელესაც არ მისცა შესაძლებლობა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, დაეზუსტებინა მოსარჩელის ვინაობა და დავის საგანი, რადგან ამას არ დაეთანხმა მოპასუხე.

პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ემ 2013 წლის 12 აპრილს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: თ. ჟ-ის და თ. ც-ას მიმართ და მოითხოვა თ. ჟ-ს დაკისრებოდა 10000 ლარის გადახდა ქ. ც-ას სასარგებლოდ.

2013 წლის 12 ივნისს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილ იქნა განჩინება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამორიცხვის თაობაზე.

2013 წლის 18 ივნისს ჩატარდა მთავარი სხდომა, რომელზედაც მოსარჩელემ სცადა, შეეცვალა დავის საგანი შემდეგნაირად: მოეთხოვა 26000 ლარის გადახდის დაკისრება ორივე მოპასუხისათვის მ. კ-ის სასარგებლოდ. სასამართლომ განუმარტა მოსარჩელეს, რომ მთავარ სხდომაზე ასეთი ცვლილება დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიუთითა, გაგრძელებულიყო დავა იმ სახით, როგორც იყო სარჩელში დაფიქსირებული.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 381-ე მუხლით და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობას წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო საჩივრის საგანი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული სარჩელის საგნის იდენტური, ან შემცირებული. სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, არ ყოფილა წარდგენილი განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

აპელანტი ცდილობდა დავის საგნის შეცვლას (გაზრდას) ისე, რომ ორ მოპასუხე ფიზიკურ პირს დაკისრებოდათ 26000 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ, მაშინ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ერთი მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხე თ. ჟ-ის 10000 ლარის გადახდას მ. კ-ის სასარგებლოდ, აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 46-ე, 364-ე, 365-ე, 368-369-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც მისის წარმოებაში მიღების წინაპირობა იყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, წარმოებაში მიიღოს სააპელაციო საჩივარი 26000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ან საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით დაუბრუნოს ქვემდგომ სასამართლოს. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

მ. კ-ემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოცემული საქმე კანონდარღვევით განიხილა, კერძოდ, წარმომადგენლის მიერ სარჩელის შევსებისას დაშვებული უსწორობის გამო სასამართლოს სარჩელი წარედგინა ტექნიკური შეცდომებით. ეს შეცდომები იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელედ მიეთითა მ. კ-ე, ხოლო სარჩელის მოთხოვნაში – ქ. ც-ა. ამასთან, დავის საგნის ღირებულებად მიეთითა 10000 ლარზე, მაშინ როდესაც აუდიტის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე მ. კ-ის მიერ გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობა 26000 ლარს შეადგენს. სასამართლომ ისე მიიღო წარმოებაში ხარვეზიანი სარჩელი, რომ მისი დასაშვებობის პირობები არ შეუმოწმებია. მითითებული ტექნიკური შეცდომების არსებობა კერძო საჩივრის ავტორისათვის მთავარ სხდომაზე გახდა ცნობილი, რა დროსაც მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მათი გამოსწორება, თუმცა იმ მიზეზით, რომ მოპასუხე აღნიშნულს არ დაეთანხმა და მთავარ სხდომაზე სარჩელში მითითებულ მონაცემებს სასამართლო ვერ შეცვლიდა მოპასუხის თანხმობის გარეშე, სარჩელი თავდაპირველი სახით იქნა განხილული. აღნიშნულით შეილახა მ. კ-ის კანონიერი უფლებები, სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა სარჩელის დასაშვებობის საკითხი, ხოლო ხარვეზის არსებობის შემთხვევაში – უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა ამ შეცდომების გამოსწორების შესახებ. მოსარჩელეს დავის საგნის ღირებულება არ გაუზრდია, მან ითხოვა, სარჩელში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამოსწორება. მ.კ-ის განმარტებით, იგი სოციალურად დაუცველია და სასამართლო ვალდებული იყო, უზრუნველეყო კვალიფიციური დაცვა. კერძო საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე ჰყავდა წარმომადგენელი, თუმცა სასამართლოს უფლება ჰქონდა, არ დაეშვა იგი წარმომადგენლად.

სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე საქმიდან ამოღებულ იქნა მტკიცებულება - აუდიტის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იყო მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის სრული ოდენობა, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნულზე თანხმობა არ განუცხადებია, ამასთანავე, სასამართლოს არ განუმარტავს მხარისათვის თანხის ოდენობის დადასტურებისათვის ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღებაზე უარი მ.კ-ეს იმ საფუძვლით უთხრა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე მოთხოვნის გადიდება არ დაიშვებოდა, შესაბამისად, სასამართლო საქმეს განიხილავდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ დასკვნას და მოითხოვს მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას მასში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, მოპასუხეების: თ. ჟ-სა და თ. ც-ის მ. კ-ის სასარგებლოდ 26000 ლარის დაკისრება.

თავის მხრივ, კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ არგუმენტებს: ა) საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ხარვეზიან სარჩელზე, განუხილველად უნდა დაეტოვებინა იგი და მიეთითებინა მხარისათვის არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე; ბ) სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის კვალიფიციური ადვოკატის მიერ დაცვა, ხოლო არსებული არ უნდა დაეშვა წარმომადგენლად; გ) სასამართლომ მთავარ სხდომაზე არ გამოასწორებინა მოსარჩელეს სარჩელში დაშვებული უზუსტობები და საქმე არასწორად ფორმულირებული მოთხოვნის ფარგლებში განიხილა; დ) მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელის თანხმობის გარეშე იქნა ამოღებული საქმიდან აუდიტის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იყო მ.კ-ის მიერ გაღებული ხარჯების ზუსტი ოდენობა, ამასთან, არ განემარტა მხარეს, რომ სადავო თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო იყო ექსპერტიზის ჩატარება.

კერძო საჩივრის ამ პრეტენზიების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეში წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს მ.კ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ა.ჩ-ე, მოსარჩელედ მითითებულია მ. კ-ე, მოპასუხეებად კი: თ. ჟ-ი და თ. ც-ა;

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თ. ჟ-ის ქ. ც-ას სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრება;

სარჩელის თანახმად, დავის სანის ღირებულება განსაზღვრულია 26000 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 780 ლარით;

მ.კ-ე, როგორც სოციალურად დაუცველი პირების ერთიანი ბაზის ბენეფიციარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

2013 წლის 17 მაისის განჩინებით ქუთაისი საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომელიც მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო ამავე წლის 12 ივნისს;

2013 წლის 12 ივნისის მოსამზადებელი სხდომის ოქმის შესწავლით, რომელსაც ესწრებოდა როგორც მოსარჩელე მ.კ-ე, ისე მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ირკვევა, რომ მოპასუხემ მიუთითა სარჩელზე დართული აუდიტორული დასკვნ სიყალბეზე, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა დოკუმენტის მტკიცებულებებიდან ამორიცხვის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საოქმო განჩინებით (იხ. მოსამზადებელი სხდომის ოქმი 12:53:32);

საოქმო განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით აპელანტს ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად არ გაუსაჩივრებია;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით 2013 წლის 16 ივნისს დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა;

მთავარ სხდომაზე ახსნა განმარტების ეტაპზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოითხოვდა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26000 ლარის დაკისრებას, რაც სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გაზრდას წარმოადგენდა და საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის გამო, საჭიროებდა მოპასუხის თანხმობას, საბოლოოდ, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ მოითხოვდა საქმის განხილვის გაგრძელებას იმ სახით, როგორც ეს სარჩელში იყო დაფიქსირებული, კერძოდ, ქ. ც-ას სასარგებლოდ მოპასუხე თ. ჟ-ის 10000 ლარის დაკისრებას (იხ. 18.062013 წლის სხდომის ოქმი 16:13:17).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ ერთი მხრივ, ჩაატარა მოსამზადებელი სხდომა, რა დოსაც მხარეს მისი უფლება მოთხოვნის დაზუსტების (მათ შორის მოთხოვნის გაზრდის თაობაზე) არ გამოუყენებია და არც იმგვარ გარემოებებზე მიუთითებია, რაც გამორიცხავდა მის შესაძლებლობას, გაცნობოდა საქმის მასალებსა თუ სხვა, მეორე მხრივ, მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავადვე დააზუსტა, რომ მხარს უჭერდა სარჩელში მითითებულ მოთხოვნას, იმგვარად, რომ თუნდაც მოთხოვნის გაზრდის უფლებით, მათ შორის სასამართლოს მთავარ სხდომაზე (სსსკ 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად), არ უსარგებლია, ამდენად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, არ გააჩნია ფაქტობრივი შესაძლებლობა, შეფასება მისცეს სადავო გარემოებას. ამ ვითარების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს ხარვეზიანი სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, ასევე იმას, რომ მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოესწორებინა სარჩელში დაშვებული უსწორობანი.

უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, მისი თანხმობის გარეშე საქმიდან დოკუმენტის ამოღების თაობაზე, ასევე ის, რომ სასამართლოს თავად უნდა განემარტა მხარისათვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესახებ, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოპასუხემ მიუთითა დოკუმენტის სიყალბეზე, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა ამ დოკუმენტის მტკიცებულებიდან ამორიცხვის თაობაზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლისა, ამასთანავე, ეს საოქმო განჩინება დადგენილი წესით გასაჩივრებული არ არის, რის გამოც ზემდგომი სასამართლო მის სამართლებრივ საფუძვლიანობას ვერ შეაფასებს, თავის მხრივ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეს მიუთითოს სადავო გარემოებები რა მტკიცებულების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მტკიცებულების წარდგენა კი, ევალება იმ მხარეს, რომელიც ამა თუ იმ სადავო გარემოებაზე ამყარებს მოთხოვნას, თანახმად საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა.

უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ იქნება გაზიარებული მ.კ-ის მტკიცება, რომ სასამართლოს უნდა უზრუნველეყო იგი კვალიფიციური დაცვით, ხოლო ა.ჩ-ე არ დაეშვა წარმომადგენლად, რადგანაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, უარი უთხრას იმ პირს წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საპროცესო უფლებებს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე იცავდა ა.ჩ-ე, მხარეს არც მისი კვალიფიციურობა და არც ის გარემოება, რომ ეს პირი ადვოკატი არ არის, სადავოდ არ გაუხდია, ასეთ ვითარებაში კი, სასამართლო არ წარმოშობია ვალდებულება, უარი ეთქვა ა.ჩ-ის მოსარჩელის წარმომადგენლად დაშვებაზე. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.ჩ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის სუბიექტია, რაც მის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავდა, ამასთანავე, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ მოუთხოვია ადვოკატის დანიშვნა, მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარემ საქმის პირველი ინსტანციის წესით დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად, მოითხოვა თ. ჟ-ის ქ. ც-ას სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრება, ხოლო სააპელაციო საჩივრით გაადიდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად გაზრდილი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე