Facebook Twitter

Nას-109-104-2014 1 აპრილი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მ. ხ-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანსიათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-მა მისი მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 2013 წლის 25 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. გადაწყვეტილება 2013 წლის 6 დეკემბერს გადაეცა, რის შემდეგაც 14-დღიან ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია, მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და, მიმართვის შემთხვევაში, ჩააბაროს მხარეს გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას კანონით დადგენილ ვადაში, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე, 23 ნოემბერი, შაბათი იყო. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. ხ-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ 2013 წლის 25 ნოემბერს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღეს) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი, ჩაბარდა 2013 წლის 6 დეკემბერს, ხელახალი განცხადების დაწერის შემდეგ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნისთანავე ჩაბარება, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს.

ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს 2013 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იმავე წლის 20 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი, აღნიშნული ვადის დაცვით, 2013 წლის 9 დეკემბერსაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე