Facebook Twitter

№ას-134-127-2014 2 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. მ-ე, გ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მისო „ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს მისო „ბ-მა“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. და გ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს მისო „ბ-ის” სარჩელი ა. და გ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებაზე და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე. შეწყვეტილად იქნა ცნობილი შპს მისო „ბ-სა“ და ა. მ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ასევე ცვლილება №1 და მოპასუხე ა. მ-ეს დაეკისრა შპს მისო „ბ-ის“ სასარგებლოდ 40619,67 აშშ დოლარის გადახდა, რომელშიც შედის სესხის ძირი თანხა 26 000 აშშ დოლარი, გადასახდელი პროცენტი 11988,54 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2631,13 აშშ დოლარი. ა. მ-ეს დაეკისრა შპს „მისო ბ-ის“ სასარგებლოდ ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 26 000 აშშ დოლარის 4%-1040 აშშ დოლარის გადახდა 10.06.2013 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 26 000 აშშ დოლარის 0,07% ანუ 18,2 აშშ დოლარის გადახდა 10.06.2013 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. დაკისრებული თანხის ამოღების უზრუნევლსაყოფად დადგინდა მოპასუხე გ. მ-ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ა. მ-ის ქ. 2/4/6 ბ №4 ს/კ №... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს მოპასუხე ა. მ-ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტემბა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადა მიეცათ. აღნიშნული განჩინება გ. მ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 19 თებერვალს; გ. მ-ემ სატელეფონო შეტყობინება ჩაიბარა ასევე, ძმისთვის - ა. მ-ის გადასაცემად (იხ.ტ.I, ს.ფ. 143).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 20 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 24 თებერვალს (22 და 23 თებერვალი იყო დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-სა და გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-სა და გ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი