საქმე№ას-176-165-2014 7 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ც. და კ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ც. და კ-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების - 783 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ც. და კ-ას“ ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 783 (შვიდას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს „ც. და კ-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მომზადებისას დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის გაუქმებასაც მხარე მოითხოვდა, შპს „ც. და კ-ას“ ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 783 ლარის გადახდა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 783 ლარს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, მოცემული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ც. და კ-ამ“, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მისი ღირებულება შეადგენდა 783 ლარს და არ აჭარბებდა 1000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სრულიად დაუსაბუთებელი და სცდებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძველი გახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი, მხარე მოკლებულია მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებით ი. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც. და კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის დავალიანების სახით 783 ლარის დაკისრებას;
უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის სააპელაციო წესით გასაჩივრებაც კერძო საჩივრის ავტორს სურს, სარჩელი სრულადაა დაკმაყოფილებული;
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ შეფასებას, რომ პროცესუალური თვალსაზრისით მოცემული დავა ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელს წარმოადგენს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი გადასახდელი თანხით - 783 ლარით განისაზღვრება, რაც, ბუნებრივია, ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას - 1000 ლარს არ აღემატება.
განსახილველი კერძო საჩივარი არგუმენტირებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია და არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, რაც სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის აღნიშნულ არგუმენტს და თვლის, რომ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მართებულად დატოვა განუხილველად შპს „ც. და კ-ის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ დავებთან მიმართებით კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება, საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
რაც შეეხება მხარის არგუმენტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო უსწორობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ იმსჯელა მათზე ვინაიდან არ არსებობდა თავად სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის სწორ განმარტებას ემყარება და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ც. და კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე