საქმე№ას-181-170-2014 7 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალდებულება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ 2011 წლის 22 თებერვლის №28/კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის - 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე, ასევე შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის №28/კ ბრძანება ნ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ნ. გ-ა აღდგენილ იქნა სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ან მის ტოლფას თანამდებობაზე, სსიპ „თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ ნ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები.
2014 წლის 6 იანვარს აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სასამართლოს, ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზი და წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 5 დღის ვადა და დაევალა დამატებით გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 159,89 ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინება 2014 წლის 17 იანვარს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 18 იანვრიდან და ამოიწურა 2014 წლის 22 იანვარს. საქმის მასალების თანახმად, დანიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ პროფესიულმა კოლეჯმა „მერმისმა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის ქვემდგომი სასამართლოსათვის დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, სასამართლომ 2014 წლის 6 იანვარს აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა ვადა სახელმწიფო ბაჟის 159,89 ლარის გადასახდელად, რაც აპელანტმა დროულად განახორციელა, კერძოდ, 2014 წლის 17 იანვარს აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 160 ლარი და აღნიშნულით სრულად გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ, რომ სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისა და მის მიერ განსაზღვრული ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
2014 წლის 6 იანვარს აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სასამართლოს, ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზი და წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 5 დღის ვადა და დაევალა დამატებით გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 159,89 ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინება 2014 წლის 17 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს.
საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავსებით მართებულად დაუკავშირა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღის მომდევნო დღეს, რომელიც ამოიწურა 2014 წლის 22 იანვარს.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა ის გარემოებაც, რომ დანიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და სწორედ ეს გარემოება დაუდო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არსებობდა საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც მან დაკისრებული საპროცესო მოქმედება დროულად შეასრულა. ამ ფაქტის მტკიცების მიზნით კერძო საჩივარს ერთვის ასევე N1373 ელექტრონული საგადახდო დავალება, შესრულებული 2014 წლის 17 იანვარს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ მიერ ჩარიცხულია 160 ლარი, თუმცა მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ საპროცესო ვადის დაცვით მხარემ სასამართლოს მიმართა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არ არსებობს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დადგენილ ვადაში განახორციელა. პალატა განმარტავს შემდეგს: საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ მხარე ვალდებული იყო, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით, ამასთანავე ინფორმირებული იყო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე. საკასაციო პალატის აღნიშნული განმარტება დადგენილია უზენაესი სასამართლოს სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკითაც, სადაც მსგავსი შემთხვევისას სასამართლომ არ ჩათვალა გამოსწორებულად ხარვეზი, როდესაც მხარემ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა და დაარღვია სასამართლოს ინფორმირების ვადა ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას (იხ.სუსგ 2010 წლის 12 აპრილი, საქმე №ას-191-182-2010), ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრით, მართალია, დასტურდება აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის წინაპირობა არაა სასამართლოს არაინფორმირების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივრის გამო 2014 წლის 17 იანვარს N1373 ელექტრონული საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მხარემ კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დამოწმებული ასლი, ამასთან, რადგანაც საკასაციო პალატის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს სრულად უნდა დაუბრუნდეს ქვითარში მითითებული თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ (ს/N209467646) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 17 იანვარს N1373 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე