Facebook Twitter

№ას-184-173-2014 14 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ. ა. ს. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.კ. ა. ს.ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ს. კ. „ა. ს. ჯ-ს“ შპს „…“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: - 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 82 958.23 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარი; - 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო - 2 755.64 (ორი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი; - 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად - 82.96 ლარი 2012 წლის 27 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით კორპორატიული პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 22 575.65 (ოცდაორი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარი; - 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით კორპორატიული პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო - 3 320.47 (სამი ათას სამას ოცი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარი; - 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით კორპორატიული პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად - 22.58 ლარი 2013 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „…“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა მოსამართლის თანაშემწე უარს ეუბნებოდა გადაწყვეტილების გადაცემაზე. 2013 წლის 5 და 17 ივლისს აპელანტმა წერილობით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება ჩაბარდა მხოლოდ 2013 წლის 19 აგვისტოს. მეორე მხარეს გადაწყვეტილება 14 აგვისტოს ჩაბარდა, რაც ადასტურებს, რომ ამ დრომდე დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 5 ივნისს გამოცხადდა, რასაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, შესაბამისად, მას არაუადრეს 25 ივნისისა და არაუგვიანეს 5 ივლისისა უნდა მიემართა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად;

2. 2013 წლის 5 ივლისს შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენელმა ე. ტ-ამ ფოსტით გააგზავნა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია;

3. 2013 წლის 17 ივლისს შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენელმა ე. ტ-ამ პირადად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. რეაგირება არც ამ განცხადებას მოჰყოლია;

4. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მოპასუხეს ჩაბარდა 2013 წლის 19 აგვისტოს;

5. მოსარჩელეს გადაწყვეტილება 2013 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადაწყვეტილება მხარეს სასამართლოს მიზეზით არ ჩაბარდა, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაიწყოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მსჯელობა არასწორია.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ ორჯერ მიმართა განცხადებით სასამართლოს, თუმცა 2013 წლის 19 აგვისტომდე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა დადასტურდეს სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით. სასამართლოს ევალება, მხარის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ იქნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საპროცესო კანონმდებლობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და არა მე-20 ან 30-ე დღეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით (მაგ. მხარემ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე და ა.შ.). ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მზად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამ ვარაუდს ის გარემოება ამყარებს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2013 წლის 5 ივლისს, შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენელმა ე. ტ-ამ ფოსტით გააგზავნა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად; მხოლოდ ფოსტის მეშვეობით განცხადების გაგზავნის შემთხვევაში კი, გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იწყება; მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ განცხადებაზე პასუხის გაცემა არ ევალება. 2013 წლის 17 ივლისს შპს „ს.კ. ა.ს. ჯ-ის“ წარმომადგენელმა ე. ტ-ამ პირადად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. რეაგირება არც ამ განცხადებას მოჰყოლია. გადაწყვეტილება მოპასუხეს მხოლოდ 2013 წლის 19 აგვისტოს ჩაბარდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე მზად არ ჰქონდა და მისი ჩაუბარებლობა მხარის მიზეზით არ ყოფილა განპირობებული. საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილება მოსარჩელესაც იმავე პერიოდში - 2013 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან - 2013 წლის 19 აგვისტოდან უნდა დაიწყოს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 2013 წლის 2 სექტემბერი იყო. შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ საჩივარი ფოსტას სწორედ 2013 წლის 2 სექტემბერს ჩაბარდა, ამდენად, ვადაშია შეტანილი და სააპელაციო სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს .

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე