Facebook Twitter

№ას-194-182-2014 10 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ბ-ს სახელით დ. თ-ის მიერ შემოტანილი განცხადების (თავისი არსით კერძო საჩივრის) წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე - სს „თ. ბ-ის“ სარჩელის გამო, გ. და ლ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის სახელით დ. თ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და გ. ბ-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის ან დ. თ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გ. ბ-ეს გაეგზავნა საქმეში (შესაგებელში) მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ნ-ის ფერდობი, მე-4 მ/რ, მე-9 კორპ., ბინა №20, მაგრამ ვერ ჩაბარდა. კურიერის მიერ შედგენილი აქტით (იხ. ტ.I ს.ფ. 275) დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე სახლში არავინ იმყოფებოდა, რის შემდეგადაც ის შეეცადა დაკავშირებოდა ადრესატს გზავნილზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, მაგრამ ისინი გათიშული იყო. ხოლო ნომერზე - …., რომელიც ასევე გზავნილზე იყო მითითებული და ფიქსირდებოდა საქმის მასალებში, კურიერს უპასუხა უცნობმა პიროვნებამ და განუცხადა, რომ აღნიშნილი ნომერი არ ეკუთვნოდა გ. ბ-ეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გ. ბ-ეს გაუგზავნა განმეორებით საქმეში (დაზუსტებულ შესაგებელში, სააპელაციო საჩივარში) არსებულ სხვა მისამართზე - ქ. თბილისი, რ-ის გამზ. №36, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარდა. საქმეში წარმოდგენილი აქტით (იხ. ტ.I ს.ფ. 278) დგინდება, რომ აღნიშნულ მისამართზე კურიერი გამოცხადდა 3-ჯერ, თუმცა არავინ დახვდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ ორჯერ გაუგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გ. ბ-ეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართებზე და არცერთხელ არ ჩაბარდა, პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ის ითვლება ჩაბარებულად კურიერის მიერ მეორედ შედგენილი აქტის დღეს – 2014 წლის 20 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 21 მარტს და დასრულდა ამავე წლის 24 მარტს (23 მარტი იყო დასვენების დღე). აღნიშნულ ვადაში გ. ბ-ეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული კი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის სახელით დ. თ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი