საქმე№ას-218-203-2014 7 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალდებულება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ 2010 წლის 18 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 120 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2013 წლის 26 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. მ-ეს შ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარისა და დარჩენილი სარგებლის - 120 აშშ დოლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კი, მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2013 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 იანვრის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა სააპელაციო საჩივრად და აპელანტს დაენიშნა საპროცესო ვადა მასში არსებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, უნდა წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც სრულყოფილად და თანმიმდევრულად იქნებოდა ასახული აპელანტის მოსაზრებები თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 581 ლარი.
განჩინების საპასუხოდ, 2013 წლის 18 დეკემბერს მ. მ-ემ წარადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ იგი არის დაზარალებული, მოტყუებული, რის გამოც ითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დასჯა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით.
2014 წლის 8 იანვარს მ. მ-ემ წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება, რადგან, მისი აზრით, დავა გამომდინარეობდა სისხლის სამართლის №052161213803 საქმიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ, აპელანტი საქმეში მონაწილეობდა მოპასუხის სტატუსით, გარდა ამისა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით მ. მ-ემ წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დავა გამომდინარეობდა სისხლის სამართლის საქმიდან. ამასთან, მას არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი პენსიის გარდა და ითხოვა გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 და 61-ე მუხლებით და განმარტა, რომ 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 19 იანვრიდან და დასრულდა 2014 წლის 28 იანვარს, 24:00 საათზე, ისე, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და კვლავ წარადგინა დაუსაბუთებელი განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო საჩივრის შესვლიდან გასული იყო ორ თვეზე მეტი, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, საპროცესო ვადა დაინიშნა სამჯერ, თუმცა უშედეგოდ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ორჯერ გააგრძელა საპროცესო ვადა, აპელანტმა კი კვლავ დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ, რადგან დავა გამომდინარეობდა სისხლის სამართლის საქმიდან, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო, 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით კი, განემარტა, რომ საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი მის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა ასევე აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების სხვა საფუძველი, აპელანტის მითითება პენსიის გარდა სხვა შემოსავლის არქონაზე, მტკიცებულებათა წარუდგენლად შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებისა. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლზე და ჩათვალა, რომ, ერთი მხრივ, საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება აღარ წარმოადგენდა მიზანშეწონილს, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ თითოეული ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეფუძნება მიზანშეწონილობას, თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი, რათა დაცულ იქნას სამართლიანი ბალანსი ერთი მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებით გამოწვეულ სარგებელსა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის შეზღუდვას შორის, ანუ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენდა, ასეთი გადაწყვეტილება აპელანტის სასარგებლო იყო, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის საზიანოც, რადგან ქვემდგომი, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გარკვეული დროის მანძილზე არ ხდება და სამართალწარმოება ჭიანურდება. მით უფრო, გაუმართლებელი იყო საპროცესო ვადის გაგრძელება მაშინ, თუ აპელანტის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, განიხილოს მის სააპელაციო საჩივარი შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, აპელანტი არის პენსიონერი, ამასთანავე, დავა გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმიდან, რადგანაც მ.მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დანაშაულებრივი გზით დაიტვირთა იპოთეკით. სისხლის სამართლის საქმე ზესტაფონის რაიონული სამმართველოდან გადაგზავნილია ქუთაისის სამმართველოში, რის გამოც ვერ მოხერხდა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების წარდგენა. მ.მ-ე დაბადებულია ... წლის ... მარტს, დაახლოებით 25-30 წლის წინ შეიძინა სახლი ზესტაფონის რაიონში, რომელიც არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მისმა დისშვილმა სამი წლის წინ სთხოვა მ.მ-ის უძრავი ქონების უზრუნველყოფით აეღო სესხი კერძო იპოთეკარიგან, რისი წინააღმდეგიც იყო აპელანტი. მოგვიანებით ენდო დისშვილს და საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის გადასცა პირადობის მოწმობა და საბინაო წიგნი, ხოლო მისი მოთხოვნით, დისშვილმა დაუბრუნა პირადობა. რამდენიმე თვის შემდეგ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა, რომ დისშვილს საცხოვრებელი სახლი აღურიცხავს საჯარო რეესტრში და 8000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაუტვირთავს.
აპელანტის შვილმა შემთხვევით აღმოაჩინა სახლის კარზე მიმაგრებული სასამართლო შეტყობინება, რომლის თანახმადაც მის მიმართ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ყადაღა ადევს უძრავ ქონებას, ამ გარემოების გათვალისწინებით მ.მ-ე არა მოვალე, არამედ დაზარალებულია. სააპელაციო სასამართლოსათვის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, არ იქნა გათვალისწინებული ეს გარემოება და მხარე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან არ გათავისუფლდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე, რომელიც სამართლებრივად სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრად მიიჩნია, მას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის დაცვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 177-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის - 581 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი განცხადებით აპელანტმა ითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და საჯარო რეესტრში ქონების თაობაზე ყოველგვარი მოქმედების შეჩერება, ასევე იპოთეკარის პასუხისგებაში მიცემა, ასევე წარადგინა პროკურატურისადმი მიმართვის ასლი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
აპელანტმა სასამართლოს მიმართა განცხადებით და წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ დავა გამომდინარეობდა სისხლის სამართლის საქმიდან.
სააპელაციო პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტს ამომწურავად განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და ის გარემოება, რომ მითითებული ნორმა არ წარმოადგენდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ამასთან, გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის მიზნით.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით: ა) მ.მ-ე არის პენსიონერი; ბ) იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებოდა საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება განცხადებას არ ერთვის.
სააპელაციო პალატამ 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ ჰქონდა შესრულებული რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა, ამასთანავე, პალატამ მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს რა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მისი მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იგი წარმოადგენს დაზარალებულს, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ამასთანავე, არის პენსიონერი.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს მხარის ამ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებისათვის სავალდებულოა შემდეგი პირობების არსებობა: შუამდგომლობის ავტორი უნდა იყოს დავაზე მოსარჩელე მხარე, ამასთანავე, დანაშაულის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ხოლო სამოქალაქო წესით განსახილველი დავის საგანი ამ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას უნდა წარმოადგენდეს. მოცემულ შემთხვევაში კანონის ამ დანაწესთაგან არც ერთი სახეზე არ არის, რაც გამორიცხავს შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული ნორმით დადგენილი არც სხვა საფუძვლით გათავისუფლების წინაპირობა დასტურდება საქმის მასალებით.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარე პენსიონერია, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ არც ამ საფუძვლით არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობა და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით რეგულირებულია სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელების პრინციპო. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებს იმას, რომ მის შემოსავალს წარმოადგენს პენსია, მას მითითებული გარემოება რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის შედეგად უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, როგორც მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის, ისე საპროცესო ნორმათა სწორი განმარტების გზით უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, ამასთანავე, მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ განუხორციელებია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობა იყო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე