Facebook Twitter

№ას-220-205-2014 1აპრილი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ვ-მა სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გ. ყ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ. ყ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - გ. ვ-ის მიერ მოპასუხისაგან ნაყიდი ერთი სული ძროხა და ერთი სული ხბო და აღნიშნული საქონელი ნატურით დაუბრუნდა გ. ვ-ს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა და სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება.

განჩინების პასუხად აპელანტმა მიუთითა, რომ ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, გ. ყ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება 4000 ლარით. დავის საგნის ღირებულება სარჩელში განსაზღვრულია, რომლის შესაბამისადაც, აპელანტმა 75 ლარი გადაიხადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აპელანტს დაუბრუნდა გადახდილის 75 ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ მან სწორად გადაიხადა 75 ლარი. სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას (დავის საგანს) წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა. ასეთ შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში(საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამასთან, აპელანტის მითითება, რომ თანახმაა გადაუხადოს მოწინააღმდეგე მხარეს ძროხის საფასური 1600 ლარი, წარმოადგენს აღსრულების ეტაპზე გადასაწყვეტ საკითხს და იგი გავლენას ვერ იქონიებს დავის საგნის ფასის განსაზღვრაზე. პალატამ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით სასამართლო შეზღუდულია საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. ვადის გასაგრძელებლად აუცილებელია მხარის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გ. ყ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასამართლომ არ შეისწავლა საქმის მასალები და არ გაითვალისწინა, რომ აპელანტს 75 ლარი უკვე ჰქონდა გადახდილი. სასამართლო ვალდებული იყო, ხარვეზის შევსების ვადა გაეგრძელებინა და მიეთითებინა, რომ აპელანტს დამატებით 85 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა და სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება.

განჩინების პასუხად აპელანტმა მიუთითა, რომ ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, გ. ყ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება 4000 ლარით. დავის საგნის ღირებულება სარჩელში განსაზღვრულია, რომლის შესაბამისადაც, აპელანტმა 75 ლარი გადაიხადა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, ვინაიდან არასწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამ ტიპის სარჩელზე, ისეთ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლება სადავო არ არის, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული ნორმის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა აღნიშნული ნორმით და არასწორი იყო, აპელანტის პრეტენზია, რომ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია და ის 1600 ლარს შეადგენს. მართალია, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფატი, რომ გ. ყ-ს 75 ლარი უკვე ჰქონდა გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 85 (და არა სრულად 160 ლარის) გადახდა უნდა დაევალებინა, მაგრამ ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ აპელანტს შეეძლო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოესწრებინა. აპელანტს შეეძლო, წარედგინა 85 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიეთითებინა, რომ 75 ლარი უკვე ჰქონდა გადახდილი, რა შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლო ვალდებული იქნებოდა, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიეღო, ან შეეძლო, დადგენილი ვადის გაგრძელება მოეთხოვა, აპელანტმა კი, ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, მხოლოდ იმ განცხადებით შემოიფარგლა, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულება არასწორად განსაზღვრა, მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება 1600 ლარი იყო, რისი შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი მას უკვე გადახდილი ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ყ-ის საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა და კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე