საქმე№ას-222-207-2014 15 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ჯ-ე, თ. ჭ-ე, ნ. მ-ე, ნ. ლ-ე, მ. ჭ-ი, ე. ც-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ჯ-ქ, ა. ჯ-ქ, დ. ჯ-ქ, ნ. ჯ-ქ (მოპასუხე)
მოსარჩელეები - ნ., ე. და გ. ა-ი, ნ. ლ-ე
შეგებებული სარჩელის ავტორები - ტ. ჯ-ქ, ნ. ჯ-ქ
მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე - ბმა „ვ-ე“, ნ. ა-ი, ნ. ჯ-ე, ნ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - ზიანის ანაზღაურება, მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა, შეგებებულ სარჩელში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-მა, ე. ა-მა, გ. ა-მა, ნ. ჯ-ემ, თ. ჭ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. ლ-ემ, მ. ჭ-მა და ე. ც-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ტ. ჯ-ის, ა. ჯ-ის, დ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს ტ. ჯ-ის ნ. ა-ის, ე. ა-სა და გ. ა-ის სასარგებლოდ - 283 800 ლარის, ნ. ჯ-ის სასარგებლოდ - 149 980 აშშ დოლარის, თ. ჭ-ის სასარგებლოდ - 33400 აშშ დოლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ - 149937 აშშ დოლარის, ნ. ლ-ის სასარგებლოდ - 95151 აშშ დოლარისა და მიუღებელი მოგების - 38 400 აშშ დოლარის, მ. ჭ-ის სასარგებლოდ - 32500 აშშ დოლარის, ე. ც-ის სასარგებლოდ - 28123 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, ამასთან, ტ. ჯ-მა და ნ. ჯ-მა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მბა „ვ-ის“, ნ. ა-ის, ნ. ჯ-სა და ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვეს ნ. ა-ის 75.48 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ის“ 2008 წლის 26 ივნისის №4 კრების ოქმის, ნ. ჯ-ის 91.26 კვ.მ ფართის სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2008 წლის 21 ივლისის №11 კრების ოქმისა და ნ. მ-ის 107.99 კვ.მ ფართის სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2008 წლის 23 ივლისის №12 კრების ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის, ე. ც-ის, ნ. ა-ის, გ. ა-ის, ე. ა-ის, გ. ა-ის, ნ. ჯ-ის, თ. ჭ-ის, ნ. მ-სა და ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ტ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი:
ა) ბმა „ვ-ის“2008 წლის 26 ივნისის №4 კრების ოქმი ნ. ა-ის 75.48 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
ბ) ბმა „ვ-ის“ 2008 წლის 21 ივლისის №11 კრების ოქმი ნ. ჯ-ის 91.26 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
გ) ბმა „ვ-ის“ 2008 წლის 23 ივლისის №12 კრების ოქმი ნ. მ-ისათვის 107.99 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც საფუძველს წარმოადგენდა საჯარო რეესტრისათვის შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჯ-ემ, თ. ჭ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. ლ-ემ, მ. ჭ-მა და ე. ც-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ის, თ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, მ. ჭ-სა და ე. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2591 მუხლზე და განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს მხარის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც კანონის თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისა, რომლებსაც არა ჰყავთ წარმომადგენელი) სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის განმავლობაში, საიდანაც აითვლება შემდგომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა იწყებს დენას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ნ. ჯ-ე, თ. ჭ-ე, ნ. მ-ე, ნ. ლ-ე, მ. ჭ-ი, ე. ც-ი, ამასთან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა, როდესაც სასამართლოა ვალდებული, მხარისათვის გადაწყვეტილების გაგზავნა-ჩაბარებაზე. აპელანტები ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შეღავათით მოსარგებლე პირებს არ წარმოადგენდნენ, როგორც ისინი მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივარში. სასამართლოს შეფასებით, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლებას ისეთ სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებიდან. დანაშაული კი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს. ამდენად, აპელანტებისათვის მოქმედებდა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების ის წესი, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 25 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 5 დეკემბერი. მხარეებს შეეძლოთ მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტების წარმომადგენელი სასამართლოში მივიდა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2013 წლის 9 დეკემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2013 წლის 5 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 დეკემბერს.
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო 2013 წლის 23 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. ჯ-ემ, თ. ჭ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. ლ-ემ, მ. ჭ-მა და ე. ც-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, მისი განუხილველად დატოვების თაობაზე არასწორია, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე ტ.ჯ-მა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა კანონის დარღვევით, რასაც შედეგად საცხოვრებელი სახლის ნგრევა მოჰყვა, კერძოდ, სარემონტო სამუშაოები საჭიროებდა ნებართვას, კონსტრუქციული თავისებურებებისა და საგანგებო კონსტრუქციული მეთოდების გაუთვალისწინებლად შუა გრძივ კედელში ღიობის გამოჭრამ გამოიწვია სახლის ნგრევა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დადასტურებულია ტ. ჯ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ხანდაზმულობის გამო. პროკურორის დადგენილება ძალაშია დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით. ამდენად, მატერიალური ზიანის დანაშაულით გამოწვევის ფაქტი უდავოდაა დადგენილი და სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
არასწორია სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების თაობაზე და ამ მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგანაც საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2013 წლის 5 ნოემბერს, თუმცა, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, არ ჩაბარდათ. გადაწყვეტილების ჩაბარება მხარეებმა ბოლოს 4 დეკემბერს ითხოვეს, თუმცა მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, ის კვლავ არ იყო მზად. საბოლოოდ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარეებმა შეძლეს 2013 წლის 5 დეკემბერს და ამ დროიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა დაცულია, ანუ 2014 წლის 19 დეკემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივრით სრული მოცულობით გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდნენ ნ. და გ. ა-ი, ვინაიდან მასზე სხვა აპელანტთა ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული, 2014 წლის 23 დეკემბერს მხარეებმა შეიტანეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ყველა აპელანტის ხელმოწერით, თუმცა ვინაიდან საჩივრის არსებული ფორმა არ ითვალისწინებდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას, მასზე აღარ მითითებულა დაზუსტების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სააპელაციო საჩივრები ერთობლივად განეხილა, ამასთანავე, ყველა აპელანტი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს და თავად ამხანაგობას გააჩნია უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინებით წინამდებარე კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის, თ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, მ. ჭ-სა და ე. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდნენ ნ. ჯ-ე, თ. ჭ-ე, ნ. მ-ე, ნ. ლ-ე, მ. ჭ-ი, ე. ც-ი.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართეს და იმავე დღეს ჩაბარდათ გადაწყვეტილება: ნ. ა-ს - 2013 წლის 5 დეკემბერს, კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელ ბ.ხ-ს - 2013 წლის 9 დეკემბერს.
ნ. და ე. ა-მა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2013 წლის 19 დეკემბერს, რაც სააპელაციო პალატის მიერ მიღებულია წარმოებაში, ხოლო კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 23 დეკემბერს.
უდავოა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 25 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 5 დეკემბერი.
კერძო საჩივრის ავტორებს (მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაუბარებიათ, არამედ ჩაიბარეს 2013 წლის 9 დეკემბერს, შესაბამისად, საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს 2013 წლის 5 დეკემბერს, რომელიც წარმოადგენს 14-დღიანი ვადის პირველ დღეს და ამოიწურა 2013 წლის 18 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი, მასზე არსებული სარეგისტრაციო შტამპის თანახმად, სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 23 დეკემბერს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ შემდეგი საფუძვლებით: ა) მოცემული დავა გამომდინარეობს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელიდან; ბ) მიუხედავად მათი მცდელობისა, მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზით არ ჩაბარდათ დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მისი ერთ-ერთი აპელანტისათვის გადაცემა მოხერხდა მხოლოდ 2013 წლის 5 დეკემბერს და სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დაცვით, ხოლო მოგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენდა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და სასამართლო ვალდებული იყო ის თავდაპირველად წარდგენილ საჩივართან ერთად განეხილა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარეთა ამ მოსაზრებებს და განმარტავს შემდეგს: თავად კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ და საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის ქმედების დანაშაულებრივი კვალიფიკაცია სასამარლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული არ არის, საქმის წარმოება შეწყვეტილია დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, რაც, ბუნებრივია, დანაშაულის ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით ვერ იქნება განხილული სასამართლო განაჩენის ძალის მქონე მტკიცებულებად, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე არ დასტურდება, რაც ასევე გამორიცხავდა სასამართლოს ვალდებულებას, საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაებარებინა მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება (სსსკ 2591 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ ისინი სასამართლოს მიმართავდნენ და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მათი ბრალის გარეშე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მოუმზადებლობის გამო, ვერ მოხერხდა. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ ფაქტის მიმთითებელ მხარეს ეკისრებოდა, საქმეში კი, არ არის რაიმე მტკიცებულება და არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, თავის მხრივ, მხოლოდ მითითება ფაქტზე ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის წინაპირობას არ ქმნის.
ასევე უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ნ. ჯ-ის, თ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, მ. ჭ-სა და ე. ც-ის სააპელაციო საჩივარი წარმოადგენდა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს ის ნ. და ე. ა-ის სააპელაციო საჩივართან ერთობლივად უნდა განეხილა. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. და ე. ა-ის სააპელაციო საჩივარში ცხადად არის გადმოცემული საჩივრის ავტორთა ვინაობა, ხოლო იმ სააპელაციო საჩივარში, რომლის განუხილველად დატოვების მართლზომიერებაც წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს, შეტანილია სხვა პირების მიერ, ამგვარად მისი დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრად მიჩნევის წინაპირობა არ არსებობს, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ სარჩელის ფარგლებში სოლიდარული მოთხოვნა არ არსებობს, მხარეები მოითხოვენ ზიანის ანაზღაურებას თითოეული მოსარჩელისათვის კონკრეტული თანხის ფარგლებში, რაც შეეხება მათ მოთხოვნას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმები, არც ეს გარემოება ქმნის სამოქალაქო კოდექსის მე-7 კარით გათვალისწინებულ პირთა სიმრავლეს ვალდებულებაში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნათა ფორმალური გაერთიანება და მოსარჩელეთა მოთხოვნები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ეკონომიკურ ერთიანობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჯ-ის, თ. ჭ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, მ. ჭ-სა და ე. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე