№ას-224-209-2014 14 აპრილი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, ქ. თბილისში, ა-ის ქ. №77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა 8/1-ის ლეგალიზებაზე მოპასუხე ნ. მ-ის მიერ წერილობითი ნოტარიული თანხმობის მიცემის დავალდებულება.
ნ. მ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნ. გ-ის მის სასარგებლოდ მიუღებელი ქირის სახით გადასახდელი 7139 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით 714 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 7853 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ნ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ნ. გ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. მ-ს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაევალა ქ. თბილისში, ა-ის ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა 8/1-ის ლეგალიზებაზე წერილობითი ნოტარიული თანხმობის მიცემა; ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4755,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება ნ. მ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
2014 წლის 10 იანვარს ნ. გ-მა განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ და ამავე წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლო საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მტკიცებულებად განმცხადებელმა მიუთითა 2013 წლის 11 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (საკადასტრო კოდი: N...), რომლითაც დასტურდება, რომ თბილისში ა-ის 77-ში მდებარე სადავო საზიარო ბინის ფართი იყო არა 34 კვ.მ, არამედ 87.97 კვ.მ. ეს მტკიცებულება, განმცხადებლის მოსაზრებით, სპეციალურია და ადასტურებს, რომ ნ. გ-ს კუთვნილი ¾ წილის იჯარით გაცემისას კანონი არ დაურღვევია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და განჩინების სრულად გაუქმებას და საქმის განახლებას. ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მტკიცებულებად განმცხადებელი მიუთითებს 2013 წლის 11 დეკემბერს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერს (საკადასტრო კოდი: N...), რომლითაც დასტურდება, რომ თბილისში ა-ის 77-ში მდებარე სადავო საზიარო ბინის ფართი იყო და არის არა 34.00 კვ.მ, არამედ 87.97 კვ.მ. ეს მტკიცებულება განმცხადებლის მოსაზრებით სპეციალურია და ადასტურებს, რომ ნ. გ-ს საკუთარი ¾ წილის იჯარით გაცემისას კანონი არ დაურღვევია.განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლის წერტილად ნ. გ-ი უთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების თარიღს - 2013 წლის 11 დეკემბერს. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა არ შეიძლება დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მომზადდა საჯარო რეესტრის ხსენებული ამონაწერი, ვინაიდან გარემოება, რომელსაც ახლად აღმოჩენილად თვლის (ბინის რეალური ფართის შეუსაბამობა რეგისტრირებულ ფართთან) განმცხადებელი და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ გარემოებას, განმცხადებლისათვის ცნობილი იყო მანამდე. კერძოდ, მან სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელსაც თავად დაურთო ახლად აღმოჩენილი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება - 2013 წლის 24 ივნისის შიდა აზომვითი ნახაზი, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის 2013 წლის 11 დეკემბერს მომზადებულ ამონაწერს. აღნიშნული განცხადება განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა განცხადება გაიხმო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება არა 2013 წლის 11 დეკემბრიდან, არამედ შიდა აზომვითი ნახაზის მომზადებიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2013 წლის 23 ივლისს ნ. გ-მა შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელსაც დაურთო შპს „ჯ. ს-ის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზი. ნახაზის მიხედვით, სადავო შენობის ფართი განისაზღვრა 90,74 კვ. მ-ით. 2013 წლის 1 ოქტომბერს ნ. გ-მა საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა. სარეგისტრაციო წარმოება რამდენჯერმე შეჩერდა, მათ შორის შპს „ჯ. ს-ის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზში მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნითაც, საბოლოოდ, 2013 წლის 11 დეკემბერს დარეგისტრირდა არა 90,74 კვ. მ, როგორც ეს აღნიშნულ ნახაზში იყო მითითებული, არამედ 87,97 კვ.მ, რაც სრულიად ახალი გარემოებაა. განმცხადებელმა წარუდგინა ახალი მტკიცებულება სასამართლოს - საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიმართაც სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ნ. გ-ის განცხადება დაუშვებელი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
იმავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებად რომელზედაც მხარე თავის განცხადებას ამყარებს, ნ. გ-ი მიიჩნევს შენობის რეალურ ფართსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებს შორის შეუსაბამობას. უფრო კონკრეტულად, იმ ფაქტს, რომ შენობის რეალური ფართი 34 კვ. მ-ს აღემატებოდა. აღნიშნული გარემოების თაობაზე კი, მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. ნ. გ-ის ამ შეუსაბამობის თაობაზე არათუ შიდა აზომვითი ნახაზის მომზადების, ან მით უმეტეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების დროს გახდა ცნობილი, არამედ, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე ეს გარემოება სადავო იყო. ჯერ კიდევ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ნ. გ-ი მითითებდა შიდა აზომვით ნახაზებზე და აღნიშნავდა, რომ შენობის ფართი 91 კვ. მ-ს შეადგენდა, მხარე ასევე მიუთითებდა აუდიტის დასკვნაზე, რომელიც თანახმადაც შენობის საერთო სასარგებლო ფართი 69,85 კვ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ნ. გ-მა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მოიპოვა, საკითხის ვითარებას არ ცვლის და ვადის ათვლას საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების მომენტიდან ვერ დაიწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე