№ას-229-214-2014 24 აპრილი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ო. ტ-ა“, შპს „ძ. თ-ი“, შპს „ა-ა-ი“(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. -ი“ (მოპასუხე)
მესამე პირები - მ. ა-ე, ლ. ზ-ე, ა. მ-ი, ს. ლ-ე, ე. კ-ი, შ. ლ-ი, რ.მ-ა, ნ. თ-ი, დ. ქ-ი, ო. ჟ-ა, გ. გ-ი, მ. კ-ა, გ.გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ო. ტ-ამ“, შპს „ძ. თ-მა“ და შპს „ა-ა-მა“ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს. ბ-ის“ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ო. ტ-ას“, შპს „ძ. თ-სა“ და შპს „ა-ა-ის“ სარჩელი სს „ს. ბ-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ო. ტ-ას“, შპს „ძ. თ-სა“ და შპს „ა-ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 6 იანვრიდან დაიწყო და 2014 წლის 19 იანვარს ამოიწურა, რომელიც იყო კვირა დღე, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 20 იანვარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია დაგვიანებით - 21.01.2014 წელს.
აღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 20 იანვარს ჩაბარდა. საჩივარს ერთვოდა საფოსტო ქვითარი, სადანაც ირკვეოდა ჩაბარების თარიღი. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე წარმოადგენს შპს „სკს-ს“ ცნობა, რომლის თანახმადაც, გზვნილი N001778744 თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 20 იანვარს გაიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასლაები და მიიჩნევს, რომ შპს „ო. ტ-ას“, შპს „ძ. თ-სა“ და შპს „ა-ა-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2014 წლის 6 იანვრიდან უნდა დაიწყოს, შესაბამისად, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა 19 იანვარს ამოიწურა, რომელიც არასამუშაო დღე იყო, ამდენად, სსსკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების ბოლო ვადა იყო მომდევნო სამუშაო დღე - 20 იანვარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვოდა საფოსტო ქვითარი, რომლის მიხედვითაც, N001778744 გზავნილი ფოსტას 20.01.2014 წელს ჩაბარდა, ხოლო 21.04.2014 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გზავნილის მიღების თარიღი. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა შპს „სკს-ს“ ცნობა, რომლის თანახმადაც N001778744 გზავნილი 2014 წლის 20 იანვარს გაიგზავნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას 2014 წლის 21 იანვარს ჩაბარდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე გააგზავნეს ფოსტით, შესაბამისად, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა დარღვეული არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო. ტ-ას“, შპს „ძ. თ-სა“ და შპს „ა-ა-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება და საქმე შპს „ო. ტ-ას“, შპს „ძ. თ-სა“ და შპს „ა-ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე