Facebook Twitter

საქმე№ას-242-227-2014 15 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ქ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ. ლ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ. მ-ე, თ. ა-ე, თ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ჯ. ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ქ-ის, მ. მ-ის, თ. ა-სა და თ. ა-ის მიმართ, შპს „ა. ჯ. ლ-სა“ და ნ. ქ-ეს შორის 2011 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული №10369 ლიზინგის ხელშეკრულების ჩამორთმეული საგნის ღირებულების გათვალისწინებით დავალიანების - 2702.5 ლარის, 2012 წლის 20 თებერვალს გაფორმებული №10370 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -1050,07 ლარის, 2012 წლის 19 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3241,7 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხე ნ. ქ-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ამასთან შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ა. ჯ. ლ-ის“ მიმართ, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების მოშლილად აღიარების მოთხოვნით.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწვეტილებით შპს „ა. ჯ. ლ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყდა შპს „ა. ჯ. ლ-სა“ და ნ. ქ-ეს შორის 2011 წლის 24 ნოემბრის გაფორმებული №10369 ლიზინგის ხელშეკრულება, ასევე 2012 წლის 20 თებერვლის №10370 და 2012 წლის 19 ნოემბრის №10401 სესხის ხელშეკრულებები, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ნ. ქ-სა და თ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 697,5 ლარის გადახდა; 2012 წლის 20 თებერვლის №10370 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ნ. ქ-ეს დაეკისრა 1050,07 ლარის გადახდა; 2012 წლის 19 ნოემბრის №10401 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ნ. ქ-ეს, მ. მ-სა და თ. ა-ეს სოლიდურად დაეკისრათ 3241,7 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ის შეგებებული სარჩელი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილვევლად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხე ნ. ქ-ე, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, აპელანტმა 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 9 ოქტომბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 10 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 23 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა დაგვიანებით - 2013 წლის 24 ოქტომბერს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ქ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, წარმოებაში მიიღოს ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ.ქ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 9 ოქტომბერს და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დაარღვია ერთი დღით, არასწორია, რადგანაც 2013 წლის 9 ოქტომბერს რაიონულ სასამართლოში ნ.ქ-ეს ხელი მოაწერინეს ხელწერილზე და გადასცეს მისი ასლი. ხელწერილით მოთხოვნილია 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარება N2/35 საქმეზე, თუმცა გაურკვეველია, გადასცეს თუ არა მხარეს გადაწყვეტილება, ამასთანავე, გადაცემის შემთხვევაში, ასევე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა გადაწყვეტილება გადასცეს მას, რადგანაც ამ რიცხვით სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, ერთადერთი, რაც თეორიულად შეიძლება ამ თარიღით არსებობდეს, 2013 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე მიღებული განჩინებაა, მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ კი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაურკვეველი საფუძვლით მიიჩნია, რომ მხარემ 2013 წლის 9 ოქტომბერს ჩაიბარა 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებას ადასტურებს ისიც, რომ ნ.ქ-ე მხარეს წარმოადგენდა N2/35-13 საქმეზე და არა N2/35 საქმეზე, როგორც ეს სადავო ხელწერილშია მითითებული. საყურადღებოა ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო 2 გადაწყვეტილება, 2013 წლის 11 სექტემბრისა და 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ნ.ქ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, გარდა იმ გარემოებისა, რომ ხელწერილში მითითებული თარიღი არც ერთ მათგანს არ შეესაბამება, ასევე გაურკვეველია, თუ რომელი მათგანი გადასცა სასამართლომ მოპასუხეს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო და 2013 წლის 24 ოქტომბერს ამოიწურა, სწორედ ამ დროს ჩაბარდა ფოსტას ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი, ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით ნ. ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევა და დავის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენა წარმოადგენს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება 2013 წლის 11 სექტემბერს მიიღო და, ბუნებრივია, ამავე რიცხვით გამართულ სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ 2013 წლის 11 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა გასაჩივრების უფლების მქონე პირი - ნ.ქ-ე.

ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დადგენილია, რომ აპელანტმა ფოსტას საჩივარი 2013 წლის 24 ოქტომბერს ჩააბარა.

სადავო არაა ის გარემოება, რომ ნ.ქ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების მიღების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, თავის მხრივ ეს ფაქტი პალატამ დაამყარა საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს და დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს, 2013 წლის 9 ოქტომბერს ჩაიბარა მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო ამავე წლის 10 ოქტომბრიდან და ამოიწურა 23 ოქტომბერს.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რადგანაც სადავო მტკიცებულება არ ადასტურებს აპელანტის მიერ 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს. ხელწერილის თანახმად, მან ჩაიბარა 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეში ამგვარი გადაწყვეტილება კი არ არის, ასევე არასწორია საქმის ნომერი, თავის მხრივ, სასამართლომ ასევე მიიღო განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და იმის უტყუარად დადგენა, თუ რა გადაწყვეტილება ჩაბარდა ადრესატს, ვერ ხერხდება.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სამართლებრივად ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმგვარი დასაბუთებული შედავებაა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

სადავო ხელწერილის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მართლაც არ დასტურდება ნ.ქ-ემ რა საქმეზე ჩაიბარა გადაწყვეტილება და მის მიერ ჩაბარებული საპროცესო დოკუმენტი წარმოადგენს თუ არა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ამასთანავე, შინაგანი რწმენის თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ნ.ქ-ის ხელწერილზე (სადაც ასევე არასრულყოფილადაა მითითებული საქმის ნომერი), რომლის თანახმადაც მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს - 2013 წლის 1 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო ხელწერილზე არსებული მოსამართლის თანაშემწის ხელმოწერით დადასტურებულია გადაწყვეტილების მხარისათვის გადაუცემლობის ფაქტი, რაც შეეხება სადავო ხელწერილს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია, გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტთან ერთად, სასამართლო მოხელის ხელმოწერით ასევე დადასტურებულია მისი ჩაუბარებლობის ფაქტი.

პალატა შენიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო მოხელის ხელმოწერის საკანონმდებლო რეგულაცია არსებული საპროცესო კოდექსის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის, თუმცა სადავო ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასების მიზნით აღნიშნულმა შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს საკითხის სწორი გადაწყვეტისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენის დასაწყისის არსებითად სწორად დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაუკავშირდეს კანონით გათვალისწინებულ ვადას, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვის ფაქტის გამოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის სუბიექტს ან პატიმრობაში მყოფ პირს, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი და ის კანონით დადგენილ ვადაში - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ ჩაიბარებს გადაწყვეტილებას, მის მიმართ საჩივრის წარდგენის დენის დასაწყისად მიჩნეული უნდა იყოს სწორედ კანონით გათვალისწინებული მომენტი - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღე, რომელიც ამავდროულად გასაჩივრების პირველ დღეს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ფაქტი სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან 14-დღიანი ვადის დაცვით, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უტყუარად უნდა გამოარკვიოს საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლთან შესაბამისობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე