Facebook Twitter

№ას-342-323-2014 14 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ძ-ას სახელით ბ. ბ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე - ლ. ძ-სა და გ. მ-ის სარჩელის გამო, ვ. ჩ-ას მიმართ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ძ-ას სახელით ბ. ბ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ლ. ძ-სა და გ. მ-ის წარმომადგენელ ბ. ბ-ს (იხ. რწმუნებულებები ტ.I, ს.ფ. 43-45,46-48) და ჩაიბარა პირადად ბ. ბ-მა 2013 წლის 12 ოქტომბერს (იხ.ტ.I, ს.ფ. 321).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 13 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2013 წლის 13 ოქტომბერს და დამთავრდა 2013 წლის 24 ოქტომბერს. კერძო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 26 მარტს (იხ. კერძო საჩივარზე თანდართული საფოსტო შეტყობინების ქვითარი ტ. I, ს.ფ. 343), კერძო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2014 წლის 26 მარტი (იხ.ტ.I, ს.ფ. 335), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ძ-ას სახელით ბ. ბ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ძ-ას სახელით ბ. ბ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი