საქმე №ას-391-368-2014 28 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. ქ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრისა და 2014 წლის 20 მარტის განჩინებებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ დ. ქ-ამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით დ. ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განჩინებაზე და ასევე, ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დამტკიცდა მორიგება დ. ქ-სა და სს „ი-ს“ შორის, შეიტანა კერძო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება, ასევე, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება შეეხება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობას, რომლის თაობაზეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს კომპეტენტურ სასამართლოს. ის გარემოება, რომ მხარე პროცესუალურ-სამართლებრივ მოთხოვნას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, საკასაციო პალატას „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დავის განხილვაში რაიმე კუთხით ჩარევის უფლებამოსილებას არ წარმოუშობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი