Facebook Twitter

საქმე №ას-452-428-2013 30 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ლ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ჟ. ლ-ას უფლებამონაცვლე მ. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-სა და ჟ. ლ-ას (უფლებამონაცვლე მ. ლ-ა) მიმართ ჟ. ლ-სა და ი. ა-ს შორის 2010 წლის 22 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 22 სექტემბერს ჟ. ლ-სა და ი. ა-ს შორის ქ.ქუთაისში, დ-ოს ქ№11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ა-მა და მ. ლ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ა-სა და მ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით პ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2013 წლის 25 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ პ. ლ-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით.

2013 წლის 19 მარტს ი. ა-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურების საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 1300 ლარს, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეშია წარმოდგენილი. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ა-სა და მ.ლ-ას სააპელაციო საჩივრის გამო ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 31 ოქტომბერს, ი. ა-მა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 19 მარტს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7-დღიანი ვადის დარღვევით, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ი.ა-ის შუამდგომლობა დაუშვებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. ა-მა, მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და საპროცესო ხარჯის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მხარის განცხადების განხილვისას დაარღვია კანონი, მხარე ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრებას მოითხოვდა როგორც შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე, ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია, რითაც დაარღვია კანონი, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ძირითადი გადაწყვეტილებით არ იმსჯელებდა სადავო საკითხზე, მას შეეძლო საკუთარი ინიციატივით გამოეტანა დამატებითი გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რამ უზენაესმა სასამართლომ არ იმსჯელა პ.ლ-ას საკასაციო საჩივარზე, ი.ა-ი გაეცნო საქმის მასალებს, რა დროსაც გაირკვა, რომ მხარის შუამდგომლობა სასამართლოს განხილული არ ჰქონდა. ამ ფაქტის შეტყობიდან 7-დღიანი ვადის დაცვით მიმართა ი.ა-მა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდგომლობით და ამ გარემოებიდან გამომდინარე, არ არსებობდა განცხადების დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების წინაპირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით ი. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ა-სა და მ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით პ. ლ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ადვოკატის მომსახურების გამო აპელანტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე;

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა ი. ა-ი;

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ი.ა-მა სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 19 მარტს;

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მხარის შუამდგომლობის დაუშვებლად მიჩნევის საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიიჩნია ის გარემოება, რომ ი.ა-მა დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მან სწორედ საპროცესო ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს, ამ მოსაზრებას კი, ერთი მხრივ, უკავშირებს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებას, რომლითაც დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა პ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მას შემდეგ, რაც გამოარკვია შუამდგომლობის შეუსწავლელობის ფაქტი, 7-დღიანი ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივითაც შეეძლო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

ზემოხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ასევე აქვს უფლება, თავისი ინიციატივითაც გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუმცა ამ შემთხვევაში უდავოდ გასათვალისწინებელია კანონის იმპერატიული დათქმა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონი განსაზღვრავს მხოლოდ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადას.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადასთან დაკავშირებით, უპირველესად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ საიდან უნდა ავითვალოთ 7-დღიანი ვადა. მითითებული ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას ან სხვა გარემოებებს (როგორიცაა, მაგალითად: კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სადავო გარემოება მისთვის ცნობილი გახდა საქმის გაცნობისა თუ პ.ლ-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით), ამასთან, გადაწყვეტილების გამოცხადებაში იგულისხმება როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების, ასევე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მხარეთა თხოვნით.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება, არის ის, თუ რა იგულისხმება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმაში. ამის გარკვევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, კანონი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელ პირობად მიიჩნევს, აღნიშნულის თაობაზე საკითხის დასმას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია საკითხის დასმა და, შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც მხარის, ასევე სასამართლოს ინიციატივით.

ზემოთ აღინიშნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი შეიძლება იყოს დაინტერესებული მხარე. მან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დასვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში განცხადების (შუამდგომლობის) სასამართლოში წარდგენის გზით.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7 დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის სასამართლო სხდომაზე ან მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, ან თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების, ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში მხარემ არ მიმართა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით, სასამართლო არაა უფლებამოსილი ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

კანონის იმპერატიული დათქმა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია ზემოხსენებული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თუნდაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი, ორი ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ან მხარემ საქმის გაცნობისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე (გარდა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისა) 7 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით, ასეთი განმარტება უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რაც საფუძველს აცლის სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ. სუსგ №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი).

მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს რა ის გარემოება, რომ საპროცესო ხარჯების თაობაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ დაუსვამს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი, ამასთან, მხარემ სასამართლოს მიმართა რა ამ ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად ი. ა-ის განცხადება (შუამდგომლობა).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე