Facebook Twitter
#as-110-389-08

№ა-965-ბ-6-2014 8 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ გ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „კ. ე-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი მოპასუხე სს „კ. ე-ის“ მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2014 წლის 20 მარტს გ. დ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. დ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საკასაციო პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2014 წლის 20 მარტს გ. დ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გ. დ-ს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის დასაბუთებული განჩინების დამოწმებული ასლი ჩაბარდა 2014 წლის 25 იანვარს (ტ.3, ს.ფ.81). ამდენად, მითითებული დღიდან მისთვის ცნობილი გახდა განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლაც ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 თებერვალს, ხოლო განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, გ. დ-მა ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 19 მარტს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გ. დ-მა განცხადება შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნონისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია