საქმე№ა-1331-შ-39-2014 26 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. დ-ი
წარმომადგენელი - თ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ს
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად და ჯარიმის სახით დაეკისრა 60000 დრახმის გადახდა ა. პ-ის სასარგებლოდ, სასამართლომ საქართველოში, ქ.თბილისში 1997 წლის 8 თებერვალს ა. დ-სა და ა. პ-ს შორის შემდგარი ქორწინება გამოაცხადა გაუქმებულად, მოპასუხესვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის - 85000 დრახმის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. დ-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის განხილვისას საპროცესო საკითხებს წყვეტს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს ქვემდგომი სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, საგამონაკლისო ნორმათა თავისებურების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სარჩელი (შუამდგომლობა), რათა სასამართლომ მხარეს მის განსახილველად მიღებაზე უარი არ უთხრას. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ასევე მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) ზუსტი მისამართის მითითება.
განსახილველ შემთხვევაში ა.დ-მა მომართა რა სასამართლოს შუამდგომლობით, არც თავად შუამდგომლობა და არც მასზე დართული მასალები არ შეიცავს ზუსტ მითითებას შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის - ა. პ-ს ზუსტი მისამართის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. დ-ის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს (მოწინააღმდეგე მხარის მისამართის მიუთითებლობის გამო), რაც გამორიცხავს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63, 68-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი