საქმე №ა-3667-შ-97-2013 14 აპრილი, 2014 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ფ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ე. ძე შ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მ. რ. ძე ფ-ეს ა. ე. ძე შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 23.03.2010 წლის და 24.03.2010 წლის ხელწერილებით დავალიანების დაფარვა 2 500 000 რუბლის ოდენობით, პროცენტების საერთო თანხით 34 588,65 რუბლის ოდენობით, სხვისი ფულადი სახსრების სარგებლობისთვის პროცენტების საერთო თანხით 605 572,92 რუბლის ოდენობით თანხის გადახდა. ასევე მ. რ. ძე ფ-ეს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო საზღაურის გადახდა 23 900 რუბლის 81 კაპ. ოდენობით.
ა. შ-ის წარმომადგენელმა დ. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 12 ივლისს, ხოლო მოპასუხე მ. ფ-ეს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ რფ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა წარმომადგენელი - ადვოკატი ნ.ნ ა-ა. ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. შ-ის წარმომადგენელ დ. კ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
2014 წლის 25 მარტს მ. ფ-ის წარმომადგენელმა თ. წ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტი რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგ გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში, ხოლო მისი საპროცესო ქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარდგენილი. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას.
წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი. 25.05.2013 წლის სამისამართო ბიუროდან ცნობის თანახმად, მოპასუხე ჩაწერილი იყო ქ. ორენბურგში, ორსკის ქ. 119. ადგილზე მისვლით სასამართლო სხდომის მდივანმა დაადგინა, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. მოპასუხის ყოფილმა მეუღლემ, ა.ნ. ფ-ემ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. მოპასუხის მისამართზე გაგზავნილი ყველა კორესპონდენცია დაუბრუნდა სასამართლოს აღნიშვნით ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის შესახებ, რის გამოც რფ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ჩართულიყო მოპასუხის წარმომადგენლის სახით ადვოკატი ნ.ნ. ა-ა. ადვოკატმა, რომელიც მოქმედებდა ორდერის საფუძველზე, სხდომის დროს უარყო სარჩელი, მაგრამ განმარტა, რომ მას არ გააჩნდა მტკიცებულება სარჩელის უარყოფის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოპასუხე მ. ფ-ე არ იყო ინფორმირებული ქ. ორენბურგის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმის განხილვის თაობაზე.
სწორედ ამ საფუძველზე მითითებით მოითხოვა შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ არ არსებობს რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წინაპირობები, რადგანაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომელიც რაიმე ფორმით, მათ შორის საქმის განხილვაზე მიუწვევლობით არ შეიძლება შეეზღუდოთ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტებს. მართალია, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს, რომლის ადგილსამყოფელიც ვერ დადგინდა რფ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაუნიშნა წარმომადგენლი, თუმცა აღნიშნული ფორმით არაინფორმირებული მოპასუხის საქმის განხილვაში ჩაბმას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, იმისთვის რათა დაცული იქნეს მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, რიგ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მოპასუხის ძებნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე (სსსკ-ის 51-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისის.
რაც შეეხება მ. ფ-ის წარმომადგენლ თ. წ-ის განცხადებას აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნებს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დათქმა, რომ საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ, მოიაზრებს არა მხოლოდ მითითებას საქმის ზეპირ განხილვაზე, არამედ შუამდგომლობის ავტორის ვალდებულებას დაასაბუთოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მისი რა კონკრეტული უფლება იქნება დარღვეული. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ასაბუთებს, თუ რა საფუძვლით ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, პალატა მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მ. ფ-ის წარმომადგენლ თ. წ-ის განცხადება აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ.ქათამაძე