Facebook Twitter

№ა-927-შ-24-2014 7 აპრილი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - ი. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - კ. უ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ი. გ-სა და კ. უ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. გ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 20 მარტს და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა კ. უ-ის განცხადება, რომლითაც იგი თანხმობას აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობი იქნას აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საკითხი განხილულ იქნას მის დაუსწრებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. გ-ის შუამდგომლობა აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ი. გ-სა და კ. უ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. გადაწყვეტილება აღსრულებულია აშშ-ს ტეროტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის შუამდგომლობა აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ს ნიუ-იურკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა შეწყდა ი. გ-სა და კ. უ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე