Facebook Twitter

№ა-987-შ-26-2014 7 აპრილი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - ნ. გ-ი

წარმომადგენელი - ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ჯ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. გ-სა თ. ჯ-ს შორის თბილისში 1996 წლის 2 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს N30 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. დადგინდა, რომ განქორწინების შედეგად მეუღლეთა წილები არ თანაბრდება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 20 ივლისიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. გადაწყვეტილება არ აღსრულებულა გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობას ასევე ერთვის თ. ჯ-ის განცხადება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. გ-სა თ. ჯ-ს შორის თბილისში 1996 წლის 2 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს N30 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. დადგინდა, რომ განქორწინების შედეგად მეუღლეთა წილები არ თანაბრდება. გადაწყვეტილებით ასევე ირკვევა, რომ ორივე მხარე არის საქართველოს მოქალაქე, ამასთან არიან ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ იგი ექვემდებარე საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლტოლვის აქვს ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებისადმი მიმართვის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით კი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ლტოლვის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი აქვს, იგი სარგებლოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეების თანაბარი სამართლებრივი გარანტიებით იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება სასამართლოსადმი მიმართვას, სამართლებრივ დახმარებასა და სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლებას.

გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ნ. გ-სა და თ. ჯ-ს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი გერმანიის ტერიტორიაზე აქვთ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული სასამართლო უფლებამოსილი იყო, განქორწინების საკითხი განეხილა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გერმანიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან გამოტანილია საქართველოს მოქალაქეების მიმართ, იგი უნდა აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ქ. ნიურნბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა ნ. გ-სა თ. ჯ-ს შორის თბილისში 1996 წლის 2 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს N30 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. დადგინდა, რომ განქორწინების შედეგად მეუღლეთა წილები არ თანაბრდება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე