Facebook Twitter

№ას-1223-1168-2013 28 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: _ 1. ნ. გ-ი, ინდივიადუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ 34“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ. ბ-ი“,

კასატორი - სს „პ. ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება, ქონების რეალიზაცია, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ. ბ-ა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის, მ. ხ-ის, ნ. გ-ის, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ 34-ის“ მიმართ დავალიანების დაკისრების, ქონების რეალიზაციის, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სს „პ. ბ-სა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა „გ 34-ს“ შორის 2007 წლის 18 ივნისს გენერალური გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტად მიეთითა 700000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს წლიური 24%-ისა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა 970 000 აშშ დოლარი. ვინაიდან, მსესხებელმა ვერ შეძლო საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით თანხის გადახდა, 2008 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გადაიფარა ყველა ადრე გაცემული კრედიტი და მსესხებელს დაუდგინდა გადახდის შეღავათიანი გრაფიკი. აღნიშნული ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის, სოლიდარული და სუბსიდიური ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

მოსარჩელეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და სს „პ. ბ-სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ 34-ს“ შორის დადებული 2007 წლის 14 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება №8819, სს „პ. ბ-სა“ და ინდივიდულურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ 34-ს“ შორის დადებული 2007 წლის 14 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება №8819/1, ინდივიდულურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ 34-ის“ 2007 წლის 14 ივნისის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

შეგებებული სარჩელის მოპასუხე სს „პ. ბ-მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ 34“-ს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის - 269 604.44 აშშ დოლარის გადახდა. თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარის გადახდა. თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა. თ. გ-სა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 780 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. გ-სა და ლ. ლ-ის - 400 000 აშშ დოლარი.

შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „პ. ბ-სა“ და ამხანაგობა „გ 34-ის“ თავჯდომარე მ. ხ-ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული იპოთეკის №8819 და 8819/1 ხელშეკრულებები, ნ. ა-ის, მ. მ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-სა და ნ. ჩ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. გ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,პ. ბ-ის“ სარჩელი თ. გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის, ლ. ლ-ის, მ. ბ-ის, მ. მ-ის, მ. ზ-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 23 მაისს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34“. ამხანაგობის დამფუძნებლები არიან შემდეგი ფიზიკური პირები: მ.ბ-ა, ნ. მ-ე, ვ. ბ-ა, ო. მ-ი, ა. ა-ი, ნ. ა-ი, თ. თ-ა, ი. ო-ა, ე.ო-ი, ს. ო-ა, მ. ბ-ი, ა. კ-ი, რ. ს-ი, მ. ხ-ი, ნ.გ.ე, რ. ა-ე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2005 წლის 5 ოქტომბერს შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს დაემატნენ შემდეგი ფიზიკური პირები: თ. მ-ი, ნ. ჩ-ი, მ. ნ-ე, ზ. გ-ა, ი. თ-ი, დ. მ-ი, ნ.ჩ-ე, გ. ზ-ე, მ. კ-ა, მ. კ-ა, ი. ხ-ი, მ. ზ-ი, ლ.ი-ა, თ. ს-ე, ა. ა-ე. ამხანაგობის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, გ-ს II გასასვლელი №3-ში, გ-ს ქ.№32-ში, გ-ს ქ.№34-ში და გ-ს ქ.№30-ში საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობას გაუძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს მ. ხ-ი. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარე დებს შემდეგ გარიგებებს: ა) სესხებისა და კრედიტების აღება, უძრავი ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიუღებელ საცხოვრებელ სახლში იმ ბინებზე უფლების გასხვისება ან ვალდებულებებით დატვირთვა, რომელიც იქნება ამხანაგობის დამფუძნებელთა საერთო საკუთრება. ეს წესი არ ეხება უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც ბინების განაწილების შემდეგ იქნება დამფუძნებელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში და რომელიც წინასწარი ჩანაწერით რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში.

2007 წლის 18 ივნისს, ერთი მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და, მეორე მხრივ, იბა ,,გ 34-ს“ (თავმჯდომარე მ. ხ-ი) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ) №8819. ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტით საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 700 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად, გაცემული კრედიტების (ხაზი, ცალკეული კრედიტი, მათ შორის ქვემდებარე ტრანშებით, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია) ერთობლივი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს 2.1.1. პუნქტით დადგენილ საკრედიტო ლიმიტს; 2007 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №8819, რომლის შესაბამისად, იბა ,,გ 34-მა“ მიიღო კრედიტი 300 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური 16%, კრედიტის საერთო ვადა 18 თვე. 2007 წლის 28 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №8819/1, რომლის შესაბამისად, იბა ,,გ 34-მა“ მიიღო კრედიტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური 16%, კრედიტის საერთო ვადა 18 თვე. 2007 წლის 31 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №8819/2, რომლის შესაბამისად, იბა ,,გ 34-მა“ მიიღო კრედიტი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური 16%, კრედიტის საერთო ვადა 16 თვე. მესაკუთრესა (იბა ,,გ 34-ს“) და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო (იგულისხმება შემადგენელი საკრედიტო ხაზები, შემადგენელი კრედიტები ან/და ტრანშებით, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტიები) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებათა სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის დადებული იქნა შემდეგი ხელშეკრულებები: 2007 წლის 14 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და, მეორე მხრივ, იბა ,,გ 34-ს“ შორის (წარმომადგენელი ამხანაგობის თავმჯდომარე, მ. ხ-ი), რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა იბა ,,გ 34-ის“ საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა ქ. თბილისი, კოდი 1, სექტორი მთაწმინდა, კოდი 15, კვარტლის №2, ნაკვეთის №46/3, ფართობი 1398 კვ.მ. მისამართი: გ-ს ქუჩა №30, ნაკვეთის წინა №46, უფლება - საკუთრება, ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მიწის ნაკვეთი - ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34-ის“ საკუთრება, შენობა-ნაგებობები - ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34-ის“ საკუთრება, ხოლო ნაგებობები №6, №7, №8, №9 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. 2007 წლის 14 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და, მეორე მხრივ, იბა ,,გ 34-ს“ შორს (წარმომადგენელი (ამხანაგობის თავმჯდომარე) მ. ხ-ი), რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა იბა ,,გ 34-ის“ საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა ქ. თბილისი, კოდი 1, სექტორი მთაწმინდა, კოდი 15, კვარტლის №2, ნაკვეთის №46/17, ფართობი 1016 კვ.მ. მისამართი: გ-ს ქუჩა №32, გ-ს ქუჩა №34, გ-ს მე-2 გას. №3 ნაკვეთის წინა №47/11, 47/2, 47/3, 47/6, უფლება - საერთო საკუთრება, ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მიწის ნაკვეთი - ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34-ის“ საკუთრება, შენობა-ნაგებობები - ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34-ის“ საკუთრება;

2007 წლის 18 ივნისის სუბსიდიური ვალდებულების შესახებ №8819 ხელშეკრულებით, თ. გ-მა, მსესხებელსა და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში გაფორმებული №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად.

სუბსიდიური ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით. 2007 წლის 18 ივნისის სუბსიდიური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება #8819/1, ერთის მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და მეორეს მხრივ, მ. ხ-ს შორს, რომლის შესაბამისად, მ. ხ-მა, მსესხებელსა და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში გაფორმებული №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად. სუბსიდიური ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით. 2008 წლის 17 ოქტომბერს ერთის მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და მეორეს მხრივ, იბა ,,გ 34-ს“ (თავმჯდომარე მ. ხ-ი) შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №13.1.9044, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 329 260 აშშ დოლარი; კრედიტის ვადა 12 თვე, პროცენტის მოცულობა - 21% წლიური. კრედიტის მიზანი: მიმდინარე სესხის გადაფარვა. 2008 წლის 17 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და, მეორე მხრივ, ლ. ლ-ეს შორის, დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ №8819/3 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ლ. ლ-ემ მსესხებელსა და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში გაფორმებული №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად; სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 400 000 აშშ დოლარით. 2008 წლის 17 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს ,,პ. ბ-სა“ და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის, დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ №8819/3 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ნ. გ-მა მსესხებელსა და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში გაფორმებული №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 400 000 აშშ დოლარით. საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 14 ივნისის იბა ,,გ 34-ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმი. კრებაზე დადგინდა, რომ იბა ,,გ 34-მა“ სს ,,პ. ბ-ან“ გაფორმდეს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შვიდასი ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთოს იბა ,,გ 34-ის“ კუთვნილი უძრავი ქონებები და დაევალა ამხანაგობის თავმჯდომარეს მ. ხ-ს წარმოადგინოს ამხანაგობის ინტერესები ბანკთან და ნოტარიუსთან და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს.

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება. აღნიშნული განჩინების აღსრულების ეტაპზე, სასამართლოს მიერ 2009 წლის 31 ივლისს დამტკიცდა მორიგება კრედიტორსა და მოვალეს შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის განხილვა გაგრძელდა სს ,,პ. ბ-ის“ სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იბა ,,გ 34-ის“ ვალდებულება გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული 2008 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტების განმარტება შესრულების გზით, 2008 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი იბა ,,გ 34-ის“ ანგარიშიდან, რომელშიც მითითებულია, რომ 2009 წლის 11 მარტს გაიცა სესხი 318 528.42 აშშ დოლარის ოდენობით (ხელშეკრულება №9104) და მითითებული თანხით დაიფარა 2008 წლის 17 ოქტომბრის №9044 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება (ტ. IV. ს.ფ. 254). დადგენილია, რომ 2009 წლის 11 მარტს მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება №9104, თანხაზე - 318 528.42 აშშ დოლარი, არ გაფორმებულა. ასეთი ხელშეკრულება არ ყოფილა წარმოდგენილი მოპასუხის (იბა ,,გ 34“) მიერ. შესაბამისად, დადგენილია, რომ ბანკს არ გააჩნდა 318 528.42 აშშ დოლარის სესხად გაცემის ვალდებულება არც წერილობითი და არც ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერის საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგება, თანხაზე 318 528. 42 აშშ დოლარი. აღნიშნული გარიგებით იბა ,,გ 34-მა“ იკისრა ვალდებულება კრედიტორისათვის გადაეხადა 318 528.42 აშშ დოლარი 19 თვის განმავლობაში. მორიგების დამტკიცების თარიღი და მორიგებაში მითითებული თანხა ემთხვევა საბანკო ამონაწერში მითითებული ხელშეკრულების თარიღსა და თანხას. შესაბამისად, პალატა იზიარებს ბანკის წარმომადგენლის განმარტებას, რომ საბანკო ამონაწერში მითითებული ტრანზაქცია განხორციელებულ იქნა ბანკის სისტემის შიგნით, როგორც ტექნიკური მოქმედება. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა სს ,,პ. ბ-ის“ სარჩელის საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 18 ივნისს, 2007 წლის 28 ივნისს და 2007 წლის 31 აგვისტოს სს ,,პ. ბ-სა“ და იბა ,,გ 34-ს“ შორის გაფორმებული შემადგენელი ხელშეკრულებებით, მოპასუხისათვის გადაცემული იქნა შესაბამისად, 300 000 აშშ დოლარი, 200 000 აშშ დოლარი, 70 000 აშშ დოლარი, სულ 570 000 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ თითოეული სესხისათვის შედგა თანხის გადახდის გრაფიკი.

დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბერს ბანკსა და ამხანაგობას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება თანხაზე 329 260 აშშ დოლარი და შედგა თანხის გადახდის გრაფიკი. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა მიიღო ამხანაგობამ, რომლითაც შესრულდა 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2008 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დადგენილია, რომ დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 269 604.44 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი - 49 090.61 აშშ დოლარს, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული იქნა 880 აშშ დოლარამდე, რაც სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და ვალდებული პირისთვის საკრედიტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების შესახებ და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და უცვლელად დარჩენას ექვემდებარებოდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია. თავდებობის ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდების წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული უნდა იყოს მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებში პასუხს აგებს თავდები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 18 ივნისს, 2007 წლის 28 ივნისს და 2007 წლის 31 აგვისტოს სს ,,პ. ბ-ის“ მიერ იბა ,,გ 34-სათვის“ გადაცემული იქნა სულ 570 000 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემულ იქნა სესხი 329 260 აშშ დოლარის ოდენობით. 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტით საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 700 000 აშშ დოლარით. სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება ვერ განიხილება 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში, ვინაიდან, აღნიშნულის დაშვების შემთხვევაში, იბა ,,გ 34-ისათვის“ გადაცემული თანხა შეადგენს 899 260 აშშ დოლარს, რაც ცდება გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ლიმიტს 700 000 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლიმიტი ნიშნავს რაოდენობრივ შეზღუდვას, რომელიც ვრცელდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეული ოპერაციების შესრულებაზე. 2008 წლის 17 ოქტომბრის გენერალური ხელშეკრულების 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტი წარმოადგენს საკრედიტო თანხას, რომლის ათვისების უფლებაც (სულ 700 000 აშშ დოლარი) გააჩნია მოვალეს. კრედიტორი ვალდებულია, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეატყობინოს თავდებს. კონკრეტულ შემთხვევაში, ლიმიტის ცვლილებასთან დაკავშირებით შეტყობინება თავდებს არ მიუღია. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. მითითებული ხელშეკრულება განხილული უნდა იქნეს დამოუკიდებელ საკრედიტო ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზეც იბა ,,გ 34-მა“ მიიღო სესხად 329 260 აშშ დოლარი და რომლითაც ამხანაგობის მიერ შესრულებული იქნა 2007 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თ. გ-ის ვალდებულება გრძელდებოდა 2007 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ათვისებული ლიმიტის ფარგლებში, მის სრულ დაფარვამდე. ვალდებულების შესრულება თავდები პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია. 2007 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ამხანაგობის მიერ შესრულება სადავოს არ წარმოადგენს, ხოლო ის გარემოება, რომ ამ ვალდებულების შესრულება ახალი საკრედიტო ხელშეკრულების ხარჯზე განხორციელდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ავტომატურად გადატანას ვერ გამოიწვევს (სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლი).

რაც შეეხება ნ. გ-სა და ლ. ლ-ის, როგორც თავდები პირების სააპელაციო საჩივარს, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 52–ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის. დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბერს, ერთის მხრივ სს ,,პ. ბ-სა“ და მეორეს მხრივ, ლ. ლ-ეს და ნ. გ-ს შორის, დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ №8819/3 ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ ლ. ლ-ემ და ნ. გ-მა მსესხებელსა და ბანკს შორის 2007 წლის ივნისში გაფორმებული №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარულად. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 400 000 აშშ დოლარით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები წარმოადგენს 2008 წლის 17 ოქტომბერს ბანკსა და ამხანაგობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები. კერძოდ, დადგენილია, რომ ამხანაგობასა და ბანკს შორის საკრედიტო ხელშეკრულება და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ დღეს, 2008 წლის 17 ოქტომბერს. დადგენილია, რომ კრედიტის სახით გაიცა თანხა 329 260 აშშ დოლარი, ხოლო სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 400 000 აშშ დოლარით. არალოგიკურია ვარაუდი, რომ სულიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა 2007 წლის 18 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა კრედიტი 570 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა თ. გ-სა და მ. ხ-ის თავდებობით, 700 000 აშშ დოლარით პასუხისმგებლობის ფარგლებში. საბანკო პრაქტიკიდან გამომდინარე, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. 400 000 აშშ დოლარით ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გარდა აღნიშნულისა დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხით დაიფარა 2007 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, ამხანაგობის ვალდებულება 2007 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეწყდა შესრულებით, რაზედაც ასევე აპელირებდნენ აპელანტები, ნ. გ-ი და ლ. ლ-ე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდები პირების ნებას წარმოადგენდა ბანკის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სესხის, 329 260 აშშ დოლარის, უზრუნველყოფა. სამოქალაქო კოდექსის 891.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ასევე ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში, პალატამ ყურადღება გაამახვილა შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის 29 თებერვალს იბა ,,გ 34-ის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ნ. ა-ემ, მ. მ-მა, გ. ზ-ემ, მ. ბ-მა და ნ. ჩ-მ შეგებებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს: სს ,,პ. ბ-სა“ და იბა ,,გ 34-ს“ შორის 2007 წლის 14 ივნისს გაფორმებული იპოთეკის #8819 და №8819/1 ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: იბა ,,გ 34-ის“ დამფუძნებლებთან შეთანხმების გარეშე, 2007 წლის 18 ივნისს, ამხანაგობის თავმჯდომარეს, მ. ხ-სა და სს ,,პ. ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №8819. კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები და იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა ,,გ 34-ის“ მთლიანი უძრავი ქონება. ეს ხელშეკრულებები არ გამოხატავს დამფუძნებელი წევრების ნებას, მათი გაფორმებისას არ ყოფილა ყველა წევრის თანხმობა, აღნიშნული საკითხი არ განხილულა ამხანაგობის საერთო კრებაზე. ხელშეკრულებების საფუძვლად მითითებულია 2007 წლის 14 ივნისის საერთო კრების ოქმი, რომელი არ ჩატარებულა და არის ყალბი. პალატამ განმარტა, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს. დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. პალატამ განმარტა, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებულია, თვითონ გადაწყვიტოს, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული და შესაბამისად განსაზღვროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლისა. სააპელაციო პალატას შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაზუსტებად არ მიაჩნია აპელანტის (ამხანაგობის წევრების) მითითება იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობებს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. 931.1 მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად. 2005 წლის 23 მაისს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ 34“. ამხანაგობის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გ-ს II გასასვლელი #3-ში, გ-ს ქ. #32-ში, გ-ს ქ. #34-ში და გ-ს ქ. #30-ში საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობას გაუძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს მ. ხ-ი. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარე დებს შემდეგ გარიგებებს: ა) სესხებისა და კრედიტების აღება, უძრავი ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიუღებელ საცხოვრებელ სახლში იმ ბინებზე უფლების გასხვისება ან ვალდებულებებით დატვირთვა, რომელიც იქნება ამხანაგობის დამფუძნებელთა საერთო საკუთრება. ეს წესი არ ეხება უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც ბინების განაწილების შემდეგ იქნება დამფუძნებელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში და რომელიც წინასწარი ჩანაწერით რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. 59.1 მუხლის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამრიგად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი თანხმობის არარსებობა, რომლის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონის იმპერატიულ ან დისპოზიციური დანაწესით. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით დგინდება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს მ. ხ-ს, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე, გააჩნდა სადავო გარიგებების (იპოთეკის ხელშეკრულებების) დადების ნებართვა. ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა მ. ხ-ს მიანიჭეს როგორც საკრედიტო ხელშეკრულების დადების, ასევე ამხანაგობის უძრავი ქონების ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება. ამდენად, არ არსებობს იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის კანონისმიერი წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა 2007 წლის 14 ივნისის კრების ოქმის ბათილობის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობის შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, თავმჯდომარის უფლებამოსილება დადასტურებელი იქნა არა მხოლოდ 2007 წლის 14 ივნისის კრების ოქმით, არამედ ამხანაგობის 2005 წლის 23 მაისის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით. ამდენად, კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ნაწილში იურიდიული ინტერესი არ გამომდინარეობს მოსარჩელისათვის რაიმე ქონებრივი სიკეთისა და შეღავათის მიღებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „პ. ბ-მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, თ. გ-ის მიმართ სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება ვერ განიხილება 2007 წლის 18 ივნისის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ხელშეკრულებაში. ასეთის დაშვების შემთხვევაში იბა „გ 34-ისათვის“ ვადაცემული თანხა შეადგენს 899 260 აშშ დოლარს, რაც სცდება გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ლიმიტს – 700 000 აშშ დოლარს.

მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებას, ანუ კრედიტის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია. ხოლო სესხის დაბრუნება გულისხმობს მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას. საკრედიტო ანგარიშზე დაფიქსირებული ბრუნვა (ძველი სესხის გადაფარვა და ახალ სესხად დაფიქსირება) ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებად. არც შინაარსობრივად, არც სამართლებრივად. შესრულება, ანუ სესხის დაბრუნება არ მომხდარა, არამედ, თავად კრედიტორმა, თავისივე სახსრებით მოახდინა კრედიტის გადაფარვა, ახალი გრაფიკის შედგენის მიზნით. აღნიშნული განხორციელდა ბანკის სისტემის შიგნით, როგორც ტექნიკური მოქმედება. ცალსახაა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მხარეებისათვის ბანკის სისტემაში თანხის ტექნიკური გადაფარვა არ იყო მიმართული რაიმე სახის სამართლებრივი შედეგების, მით უფრო ახალი საკრედიტო ურთიერთობის წარმოშობისაკენ.

ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია ხორციელდება ბანკში არსებული ელექტრონულ საოპერაციო სისტემაში თითოეული ტრანზაქციის ასახვით. საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ტერმინით „სესხის გადაფარვა“ ვერ მიიჩნევა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან, აღნიშნული ოპერაცია განახორციელა თავად კრედიტორმა. ამ შემთხვევაში, სს „პ. ბ-მა“ არა ახალი, არამედ სწორედ ამ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული პრობლემური სესხი გადაანაწილა და თავიდან გასცა ახალი პირობებით. შეუძლებელია კრედიტორის მიერ მომხდარიყო საკუთარ თავთან ვალდებულების შესრულება, ის გარემოება, რომ თავად კრედიტორის მიერ მოხდა ამხანაგობის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, უფრო მეტიც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად აპელანტის წარმომადგენელმა წამყვანი ლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტები ყოველდღიურად მიმართავენ ასეთ „საბანკო პრაქტიკას“, რომელიც ეფუძნება ბანკსა და კლიენტს შორის გრძელვადიან ურთიერთობას და რომლის მიზანიცაა, თავიდან ააცილოს კლიენტს სხვადასხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადი მომზადება, მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაღება. ყოველი ცალკეული საბანკო პროდუქციით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედირო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული საბანკო პოდუქციით – კრედიტით მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და სეგმენტირებულია სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, იბა „გ 34-მა“ და ლ. ლ-ემ შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით, ვალდებულების შესრულების დოკუმენტი გაცემულია. აღნიშნულ მტკიცებულებას სააპელაციო სასამართლომ ყოვლად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი შეფასება მისცა, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.5. პუნქტში სასამართლო უთითებს, რომ ბანკის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში – საბანკო ანგარიშის ამონაწერში, მითითებული ფაქტი, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის №9044 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი სრულად დაფარულია წარმოადგენს ბანკის ტექნიკურ მოქმედებას და არა რეალურ ფაქტს. საქმეში არსებული მტკიცებულებით უდავოდ დამტკიცებულია, რომ ნ.გ-ან დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა ნ.გ-ის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან განახორციელა თანხების ჩამოწერა 2009 წლის 11 მარტის სესხის ხელშეკრულების დასაფარად. ამ მოქმედებით კიდევ ერთხელ აშკარად დასტურდება, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა და ბანკს მასზე მოთხოვნა არ გააჩნია. სააპელაციო სსამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა ბანკს, ლ. ლ-სა და ნ. გ-ს შორის გაფორმებულ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებებს. ხელშეკრულებაში ზუსტად არის მხარეების მიერ განსაზღვრული, თუ რა ვალდებულების უზრუნველსაყოფად კისრულობდა ლ. ლ-ე და ნ. გ-ი სოლიდარულ ვალდებულებას ბანკის წინაშე.

სასამართლომ ვარაუდის დონეზე, საბანკო პრაქტიკაზე მითითებით (რაც არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა), შეცვალა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანი და დაადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ არა 2007წლის 18 ივნისის №8819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფაზე, არამედ 2008 წლის 17 ოქტომბრის №13.1.9044 ხელშეკრულების უზრუნველყოფაზე. ამდენად, ნ.გ-ან და ლ.ლ-ან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სოლიდარული ვალდებულების შესახებ, გარკვევით და ნათლად არის მითითებული, თუ რა ვალდებულების უზრუნველსაყოფად არის ხელშეკრულება შედგენილი და რა არის ხელშეკრულების საგანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებებით ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ისა“ და სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ისა“ და სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ისა“ და სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივრები , რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ სს „პ. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის( 8000 ლარის) 70% – 5600 ლარიი, ხოლო ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის ) 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორებს: ნ. გ-სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ 34-ის“ დაუბრუნდეთ ზ. მ-ის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარისა) და ამხანაგობა „გ 34-ის“ მიერ 2014 წლის 22 იანვარს № 1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5500 ლარის ), სულ 6000 (500+5500) ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. კასატორ სს „პ. ბ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 22 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე