Facebook Twitter

საქმე№ას-1025-979-2013 28 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სს ”თ-ის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 29 თებერვლის №კ-35 ბრძანების ბათილად ცნობა, სს ”თ-ში” აუდიტორის თანამდებობაზე აღდგენა და სს ”თ-ისათვის” 2012 წლის 01 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მ. გ-ი 2012 წლის თებერვლამდე მუშაობდა სს ”თ-ში” აუდიტორის თანამდებობაზე, ამავე დროს იყო საქართველოს მომსახურების სფეროს ადგილობრივი და კომუნალური მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის წევრი. 2012 წლის 01 მარტიდან მ. გ-ი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით მას სს ”თ-ის” წერილით ეცნობა, რომ გათავისუფლება მოხდა შრომითი ხელშეკრულების მოშლით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც განხორციელდა რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე. მოსარჩელისათვის არ განუმარტავთ, თუ რა სახის რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

სს „თ-მა“ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის მიხედვით, სს „თ-მა“ ისარგებლა დამსაქმებლის უფლებით და მოშალა შრომითი ხელშეკრულება მ. გ-თან. შესაგებლის ავტორის მითითებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებს, მიუთითოს შრომითი ხელშეკრულების მოშლის მოტივებზე, მიუხედავად ამისა მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემდგომ განემარტა, რომ დამსაქმებლის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა სს ”თ-ში” რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებამ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ თავდაპირველად გაუქმდა აუდიტის განყოფილება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, შემდეგ კი გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტიც, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც აუდიტის განყოფილება წარმოადგენდა.

მოპასუხის განმარტებით, სადავო ბრძანება გამოცემულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის - ვ. მ-ის მიერ, ვინაიდან იგი ახორციელებდა გენერალური დირექტორის - ი. პ-ის მოვალეობას ამ უკანასკნელის შვებულებაში გასვლის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: ბათილად იქნა ცნობილი სს „თ-ის“ 2012 წლის 29 თებერვლის №კ-35 ბრძანება, მ. გ-ი აღდგენილ იქნეს სს „თ-ში“ აუდიტორის თანამდებობაზე მხარეთა შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სს „თ-ს“ მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2012 წლის 1 აპრილიდან წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის თვეში 1680 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები:

1. მ. გ-ი 1999 წლიდან 2012 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სს „თ-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს მ. გ-ს ეკავა სს „თ-ის“აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობა და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1680 ლარს (დარიცხული ხელფასი). შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დადებული იყო უვადოდ;

2. 2011 წლის საშტატო განრიგის მიხედვით, სს „თ-ის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი შედგებოდა 2 განყოფილებისაგან - აუდიტისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისაგან. აუდიტის განყოფილებაში გათვალისწინებული იყო 5 საშტატო ერთეული: 1 განყოფილების ხელმძღვანელი, 3 აუდიტორი და 1 - უმცროსი აუდიტორი. ინვენტარიზაციის განყოფილებაში გათვალისწინებული იყო 4 საშტატო ერთეული: 1 განყოფილების ხელმძღვანელი, 1 პირველი კატეგორიის ინვენტარიზატორი და 1 მეორე კატეგორიის ინვენტარიზატორი. დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი (1 საშტატო ერთეული). შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტში საშტატო ერთეულის რაოდენობა შეადგენდა 10-ს ;

3. 2012 წლის 29 თებერვლის №კ-35 ბრძანებით მოსარჩელე მ. გ-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მარტიდან. ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტი და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად - სამსახურებრივი წერილი;

4. 2012 წლის 23 თებერვალს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამსახურებრივი წერილით მიმართა სს „თ-ის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელშიც აღნიშნულია: „შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეორგანიზაციასა და მისი ფუნქციონალური მოვალეობების გაფართოებასთან დაკავშირებით, შეთანხმების თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტის შემოწმების დატვირთული გრაფიკის გამო, რაც დამტკიცებულია სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტის მიერ, გთხოვთ თანხმობას, 2012 წლის 1 მარტამდე აღნიშნული დეპარტამენტის შემდეგი თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ: 1. ხ-ე ზ., აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი; 2. ბ-ი ქ., აუდიტორი; 3. გ-ი მ., აუდიტორი; 4. ღ-ი გ., უმცროსი აუდიტორი. ზემოაღნიშნული ცვლილებები დეპარტამენტის შემადგენლობაში შეთანხმებულია სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტთან“;

5. 2012 წლის 2 თებერვალს ქ. მოსკოვში შედგა სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგი შედგებოდა შემდეგი საკითხებისაგან: 1. სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის მუშაობის გეგმის დამტკიცება, 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სს „თ-ის“ საშტატო განრიგის გადახედვა, 3. სს „თ-ის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების საზღვრების დადგენა. მე-2 საკითხზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სს „თ-ისათვის“ რეკომენდებულ იქნა სს „თ-ის“ საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანა შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამდებობების დასახელებისა და თანამშრომლების სარგოს ოდენობის ნაწილში, დანართი 2-ის თანახმად, შად-ის რეორგანიზაციასთან და ფუნქციონარული ვალდებულებების გაფართოებასთან დაკავშირებით;

6. 2012 წლის 15 მაისს ჩატარდა სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა (ოქმი №65), რომლის დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები: 1. სს „თ-ის“ საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ, 2. სს „თ-ის“ ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების შესახებ; ამ დროს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შედგებოდა 6 საშტატო ერთეულისგან: 1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 1 გასაღების საქმიანობის აუდიტის მთავარი სპეციალისტი, 1 შესყიდვის საქმიანობის აუდიტის სპეციალისტი, 1 ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის აუდიტის სპეციალისტი, 1 სარემონტო-საინვესტიციო საქმიანობის აუდიტის სპეციალისტი. საშტატო განრიგით, თითოეული საშტატო ერთეულის ხელფასის ოდენობა გაიზარდა;

7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე გაკეთებული დასკვნა მასზედ, რომ სადავო ბრძანების გამოცემა - მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა განაპირობა სს „თ-ში“ დაწყებულმა რეორგანიზაციამ და სტრუქტურულმა ცვლილებებმა და რომ შექმნილი ვითარებიდან (რეორგანიზაციის განხორციელების საჭიროება და სხვ.) გამომდინარე, მოპასუხე სს „თ-მა“ მოსარჩელე მ. გ-თან დადებული შრომითი ხელშეკრულება მოშალა მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია სამსახურებრივი წერილი, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ინფორმაციას შიდა აუდიტის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა არც სამსახურებრივი წერილი და არც სხვა წერილობითი მტკიცებულებები (იხ. ტ 1 ს.ფ. 115–116; 120–122), რომლებზეც მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ შეიცავს საკმარის მონაცემებს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოცემულ შემთხვევაში ფინანსური მდგომარეობის გამო ან სხვა რაიმე ობიექტური გარემოების (აუცილებელი საშტატო ცვლილებები) გამო საწარმოს (დამსაქმებელს) წარმოეშვა აუდიტის საშტატო ერთეულების შემცირების აუცილებლობა და ამ მიზეზით მ. გ-ის გათავისუფლების საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული სამსახურებრივი წერილის შინაარსის შესაბამისად, რეორგანიზაცია მოცემულ შემთხვევაში გულისხმობდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური დატვირთულობის გაფართოებას, სს „თ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის მიერ მიღებული 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დეპარტამენტში არ შემცირებულა აუდიტორების რაოდენობა და საშტატო განრიგის რეკომენდირებული ცვლილებების შესაბამისად აუდიტორების რაოდენობა განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, როგორც ეს განსაზღვრული იყო მ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე – 2011 წლის საშტატო განრიგით. ამასთან, მოგვიანებით (2012 წლის 15 მაისს), როდესაც დამტკიცდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი, გაიზარდა საშტატო ერთეულის ხელფასის ოდენობაც (იხ. ტ 1ლი ს.ფ. 108). პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2012 წლის თებერვლის თვეში დაწყებულ რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო აუდიტის კომიტეტის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებების გატარებას გულისხმობდა და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული რეორგანიზაციის განხორციელება, შეფასებული უნდა ყოფილიყო თავად აუდიტის კომიტეტის 2012 წლის 2 თებერვლის შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კვალობაზე, საიდანაც ცალსახად ირკვევა, რომ ამ რეორგანიზაციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანა მხოლოდ იმ კუთხით, რომ უნდა შეცვლილიყო შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური დატვირთულობის გაზრდა და არა დეპარტამენტის ფუნქციონირების გაუქმება, როგორც ეს სს „თ-ის“ წარმომადგენელმა განმარტა. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2012 წლის თებერვლის რეორგანიზაციის დაწყებამდე შიდა აუდიტის დეპარტამენტი შედგებოდა ორი განყოფილებისაგან – აუდიტის და ინვენტარიზაციის განყოფილებებისაგან, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შიდა აუდიტის დეპარტამენტს ცალკე გამოეყო ინვენტარიზაციის განყოფილება, რომელიც, ამ დროისათვის მოქმედი საშტატო განრიგის მიხედვით, იმყოფება ქონების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ხოლო თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტი რეორგანიზაციის შედეგად დაკომპლექტდა მხოლოდ აუდიტორებისაგან და მთლიანად განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასახელებული რეორგანიზაცია შინაარსობრივად არ გულისხმობდა და დამსაქმებელი საწარმო არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე, არამედ ამ რეორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე აქცენტი გაკეთებული იყო მხოლოდ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდაზე, რისთვისაც უნდა განხორციელებულიყო თანამდებობების დასახელებისა და ფუნქციური დატვირთულობის შეცვლა, ასევე გაზრდილი ფუნქციების კვალობაზე ხელფასების მატება. საბოლოოდ პალატამ ზემოთ მითითებული მსჯელობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაასკვნა, რომ სს „თ-ში“ 2012 წლის თებერვალში დაწყებული რეორგანიზაცია არ გულისხმობდა შიდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდიტორის საშტატო ერთეულების შემცირებას და ამ რეორგანიზაციის ფარგლებში, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მ. გ-ის აუდიტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. პალატის განმარტებით, დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს საწარმოს, რომელსაც გააჩნია საწარმოს დოკუმენტაცია, დამსაქმებელს ეკისრება მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს მართებდა დაედასტურებინა, რომ 2012 წლის თებერვალში სს „თ-ში“ დაწყებული რეორგანიზაციის შინაარსის გათვალისწინებით, მას გააჩნდა მ. გ-ის აუდიტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის მართლზომიერი საფუძველი. სააპელაციო პალატამ აქვე შენიშნა, რომ მოპასუხე თავის შესაგებელს და ახსნა-განმარტებას ამყარებს ძირითადად იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწვეტა განაპირობა სს „თ-ში“ დაწყებულმა რეორგანიზაციამ და სტრუქტურულმა ცვლილებებმა (მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების სხვა ფაქტობრივ საფუძველზე მოპასუხე მხარე არ მიუთითებს), თუმცა მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ 2012 წლის თებერვალში სს „თ-ში“ დაწყებული რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით რატომ აძლევდა დამსაქმებელს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას. პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2012 წლის თებერვალში სს „თ-ის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო რეორგანიზაცია, არ წარმოშობს საკმარის საფუძველს იმ არგუმენტის გასაზიარებლად, რომ სს „თ-ს“ გააჩნდა მართლზომიერი საფუძველი მ. გ-თან შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის თებერვლის თვეში დაწყებული რეორგანიზაცია, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სს „თ-ს“ არ აყენებდა არსებული აუდიტორის საშტატო ერთეულების შემცირების აუცილებლობის წინაშე. ასეთ პირობებში კი, როდესაც სს „თ-ი“ არც ფინანსური მდგომარეობის და არც საშტატო განრიგში განსახორციელებელი აუცილებელი ცვლილებების გამო არ დამდგარა არსებული აუდიტის საშტატო ერთეულების შემცირების საჭიროების წინაშე, პალატის მოსაზრებით, არ იკვეთებოდა შორმითი ხელშეკრულების მოშლისათვის აუცილებელი მართლზომიერი საფუძვლის არსებობის შესახებ მტკიცების გაზიარების საფუძველი. პალატის შეხედულებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე, რასაც როგორც საქმის მასალებიდან გამოირკვა, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ქონია, პირიქით, გაფართოვდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური მოვალეობები, არ შემცირებულა აუდიტორის საშტატო ერთეულები, ამასთან გაიზარდა აუდიტორების ხელფასები;

8. პალატამ მოცემული კატეგორიის დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ ზემოთ დაფიქსირებული მსჯელობის გათვალისწინებით, მუშაკის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს დააკისრა. პალატის მითითებით, დასახელებული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე დაწესებულების მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „თ-ის“ აღმასრულებელი აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერილობა, რომლის თანახმადაც, დღეის მდგომარეობით, სს „თ-ში“ აუდიტის სამსახური გაუქმებულია. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ზემოთ მითითებული მტკიცების გასაზიარებლად საკმარისი არ იყო მხოლოდ სს „თ-ის“ აღმასრულებელი აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერილობა და საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს დაევალა სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა. სს „თ-ის“ მიერ წარმოდგენილი იქნა სს „თ-ის“ საშტატო განრიგი და საშტატო განრიგით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობის შესახებ ინფორმაცია (cd დისკის სახით). აღნიშნული მტკიცებულებათა ანალიზის და აპელანტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან (სს თელასის 2013 წლის 2 მაისის #99 ბრძანების ასლი) შეჯერების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ სს „თ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას მხარეთა შორის ზემოდასახელებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, წარმოდგენილი, ამ დროისათვის მოქმედი საშტატო განრიგით დასტურდება, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის (განყოფილების) სახელწოდებით სს „თ-ში“ აღარ არსებობს სტრუქტურული ერთეული, და რომ ასეთი სახელწოდების დეპარტამენტი გაუქმდა თელასის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, თუმცა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებში დაცული მონაცემები და ინფორმაცია არ გამორიცხავს სს „თ-ში“ აუდიტორული სამსახურის ფუნქციის მატარებელი სხვა სტრუქტურული ერთეულის არსებობას. ამ პოზიციას განამტკიცებს აპელანტის (მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – 2013 წლის 2 მაისის თ-ის გენ. დირექტორის მიერ გამოცემული #99 ბრძანება. პალატამ ყურადღება შეაჩერა დასახელებული ბრძანების გამოცემის თარიღზე და მიუთითა, რომ მოპასუხის მტკიცების და მტკიცებულებების გაზიარების შემთხვეაში სს „თ-ში“ 2012 წლის 15 აგვისტოს შემდეგ პერიოდში საერთოდ აღარ უნდა ყოფილიყო აუდიტის ფუნქციის განმახორციელებელი რაიმე სამსახური, მაშინ, როდესაც აპელანტის მიერ წარმოდგენილი ამ წერილობითი მტკიცებულებიდან ცალსახად დადასტურდა, რომ სს „თ-ი“ მისი გენ დირექტორის სახით, როგორც დამსაქმებელი, თელასის აუდიტორთა ჯგუფის აუდიტორებს, როგორც დასაქმებულებს, 2013 წლის 2 მაისს აძლევს კონკრეტულ დავალებებს შესასრულებლად. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პრეტენზიისა აღნიშნული მტკიცებულების მიმართ, მხარემ ვერ შეძლო რაიმე დასაბუთებული მტკიცება (მაგ: მტკიცება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ბრძანება გაყალბებულია და რომ მაზე დაფიქსირებული გენ. დირექტორის ხელმოწერა არის გაყალბებული) შემოეთავაზებინა სასამართლოსათვის 2013 წლის 2 მაისის #99 ბრძანების გასაბათილებლად (იხ. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის საოქმო ჩანაწერები). ხოლო, რაც შეეხება სს „თ-ის“ წარმომადგენლის არგუმენტს მასზედ, რომ ბრძანების დედნის წარმოუდგენლობის გამო ან იმის გამო, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ბრძანების ასლს არ ახლავს სს „თ-ის“ კანცელარიის სათანადო დასტური მის გაცემაზე, არადამაჯერებელია და მოკლებულია პროცესუალურ–სამართლებრივ დასაბუთებულობას (მაგ: იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ბრძანება გამოცემული იქნა დამსაქმებლის – სს „თ-ის“ მიერ, მოსარჩელე, როგორც დასაქმებული ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს დასახელებული ბრძანების დედანი. მითუმეტეს ამ ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით). ამდენად, მითითებული მსჯელობისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, სს „თ-ში“ არსებობს აუდიტორის თანამდებობა;

9. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო მ. გ-ს მიეცა ერთი თვის ანაზღაურება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 1-ელ, მე-2, მე-3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც მხარეებს შორის სადავო არ ხდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შრომით-სამართლებრივი ხასიათი, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცევა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარება შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას. სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხარის ის პოზიცია, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება, არამედ იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პალატის განმარტებით: სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მ. გ-თან შრომითი ურთიერთობის მოშლისათვის დამსაქმებელს არ გააჩნდა სათანადო მართლზომიერი საფუძველი და შესაბამისად, მისი სამუშაოდან დათხოვნა დამსაქმებლის მხრიდან იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, ვინაიდან დასახელებული რეორგანიზაცია შინაარსობრივად არ გულისხმობდა და დამსაქმებელი საწარმო არ დამდგარა შტატების შემცირების და თანამშრომელთა განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ბრძანების, როგორც კანონდარღვევით მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი სამოქალაქო კდოექსის 54-ე. მუხლის შესაბამისად. ამასთან რამდენადაც დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით სს „თ-ში“ არსებობს აუდიტორის თანამდებობა, ასევე არსებობს მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე გათავისუფლებამდე გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობებით აღდგენის კანონიერი საფუძველი, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის დანაწესისა (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა).

ხელფასის იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2, 31-ე და 32-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სს „თ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოს უნდა დაეკისროს იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის – 2012 წლის აპრილიდან (და არა 2012 წლის მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად ხელფასის ანაზღაურება 1680 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით, როგორც უკანონოდ გათავისუფლების გამო მიუღებელი შემოსავალი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

საქმის განხილვისას დაშვებული იქნა უამრავი პროცესუალური დარღვევა. ოთხი და ხუთი სხდომის გადადება სააპელაციო სასამართლოს მიერ მისივე ინიციატივით სხვადასხვა სახის მტკიცებულებების სს „თ-დან“ გამოთხოვის გამო წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოების ისეთ პრინციპთან, როგორიცაა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კანონი იმპერატიულად მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ცდილობდა, თვითონ მოეპოვებინა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარესთან ჩაება შეჯიბრებითობის პროცესში, რაც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოვებლობაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება და ამ საბაბით მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვა საპროცესო ნორმების შეგნებულად დარღვევას წარმოადგენს. შესაძლებელია ეს გარემოება გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც დაყენებული იქნა კასატორის მიერ, თუმცა კოლეგიის სხვა წევრებმა იმსჯელეს რა აღნიშნულ შუამდგომლობაზე, უარი განაცხადეს მის დაკმაყოფილებაზე აბსურდული და აცილების საფუძველთან კავშირში არმყოფი მიზეზით;

სხდომის თავმჯდომარე ვანო წიკლაურის მიუკერძოებლობაში ეჭვის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ სასამართლომ მხარის შუამდგომლობის გარეშე თავისი ინიციატივით მტკიცებულების გამოთხოვის საბაბით 2012 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმში შეიტანა არასწორი ჩანაწერი საოქმო განჩინების სახით. თავმჯდომარემ თითქოსდა გამოაცხადა განჩინება, განმარტა ამ განჩინების შინაარსი, მისი გასაჩივრების წესი და ვადა 2 წამის ინტერვალში, თანაც სხდომის გადადების შემდეგ, რაც აისახა კიდეც სხდომის ოქმში. ანალოგიური დარღვევაა დაფიქსირებული 2013 წლის 29 მაისის სხდომის ოქმში, იმ განსხვავებით, რომ საოქმო ჩანაწერის თანახმად, განჩინებას დათმობილი აქვს 3 წამი. აღსანიშნავია, რომ არცერთი აღნიშნული განჩინება სხდომაზე არ გამოცხადებულა, რასაც ადასტურებს როგორც საოქმო ჩანაწერი, ისე ჩანაწერი შესრულებული დისკზე. ოფიციალურ დოკუმენტში არასწორი მონაცემების შეტანა პირდაპირ მიუთითებს მოსამართლის მიკერძოებაზე და დაინტერესებაზე და იწვევს საფუძვლიან ეჭვს ოქმის გაყალბებაზე;

კასატორის განმარტებით, ჩამოთვლილი დარღვევების საბოლოო მიზანი იყო მტკიცების ტვირთის გადაკისრება სს „თ-ისათვის“, რათა საბოლოოდ მიღებულიყო, და იქნა კიდეც მიღებული, აპელანტისათვის სასურველი, მაგრამ სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილება;

ბოლო სხდომაზე აპელანტმა წარმოადგინა და სასამართლომაც უმალვე მიიღო მტკიცებულების სახით ბრძანების ასლი, რომლის წარმოშობისა და მოპოვების კანონიერებაზე აპელანტი ვერაფერს ამბობს. ამ ბრძანებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სასამართლო დარწმუნდა იმაში, რომ სს „თ-ში“ არსებობს აუდიტორის თანამდებობა, თუმცა ამ ბრძანებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა ფუნქციის მატარებელი აუდიტორები არიან მასში მითითებული პირები. როგორც ცნობილია, აუდიტორი შეიძლება იყოს რამოდენიმე ფუნქციის მატარებელი, მაგ: საბუღალტრო საქმის, შიდა აუდიტის საწარმოებლად, ტექნიკური ხასიათის ფუნქციების და სხვა. სადავო ბრძანებიდან არ ირკვევა, რომ სს „თ-ში“ არსებობს შიდა აუდიტის განმახორციელებელი რაიმე სამსახური ან ცალკეული პირები, რასაც სასამართლო ხუთი სხდომის განმავლობაში ეძებდა;

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობა სამსახურში აღდგენის ცნებას არ იცნობს და, რაც მთავარია, შიდა აუდიტის, ანუ იმ ფუნქციის მატარებელი სტრუქტურა ან პიროვნება, რომელსაც ასრულებდა აპელანტი, სს „თ-ში“ არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 3 სექტემბრის N17177 საგადახდო დავალებით გადახდილი 1428 ლარის 70% – 999,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „თ-ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 3 სექტემბრის N17177 საგადახდო დავალებით გადახდილი 1428 ლარის 70% – 999,6 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე