№ას-1030-984-2013 5 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის მიმართ და მოითხოვა აღეკვეთოს მოპასუხეს ე. დ-ის ქონების თავისუფლად სარგებლობის ხელშეშლა, დაევალოს ზ. მ-ეს მოსარჩელის ბინიდან ჩამომავალი საკანალიზაციო მილის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ზ. მ-ემ სარჩელი არ ცნო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ. მ-ეს აეკრძალა ე. დ-ის საკუთრების (სანიტარული კვანძის შესაბამის მდგომარეობაში მოყვანა) სარგებლობაში ხელშეშლა. დანარჩენ ნაწილში ე. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 10 მარტის №124 ბრძანებით, ე. დ-ს პირად საკუთრებაში გადაეცა ქ. ხონში, გ-ის ქუჩის №36-ში, ბინა №6-ში მდებარე 57,34, კვადრატული მეტრი იზოლირებული ფართობი (საცხოვრებელი 20,72 კვ/მ.) არასაცხოვრებელი (დამხმარე) 36,62 კვადრატული მეტრი; ამ ბრძანების შესაბამისად გაიცა საკუთრებაში გადაცემული ფართობის შიდა აზომვითი ნახაზი და საკუთრების მოწმობა.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 10 მარტის №124 ბრძანებით, ი. კ-ეს პირად საკუთრებაში გადაეცა ქ. ხონში, გ-ის ქუჩის №36-ში, ბინა №4-ში მდებარე 57,34, კვადრატული მეტრი იზოლირებული ფართობი (საცხოვრებელი 20,72 კვ/მ.) არასაცხოვრებელი (დამხმარე) 36,62 კვადრატული მეტრი. ამ ბრძანების შესაბამისად გაიცა საკუთრებაში გადაცემული ფართობის შიდა აზომვითი ნახაზი და საკუთრების მოწმობა.
შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად ე. დ-მა აღნიშნულ ბინაში გაიყვანა ელექტრო და წყალგაყვანილობა, ხოლო აბანო - ტუალეტის საკანალიზაციო მილი დააერთა მის ქვემოთ პირველ სართულზე არსებულ ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე.
2010 წელს ი. კ-ის ბინა შეიძინა ქ. ხონში მცხოვრებმა ზ. მ-ემ.
2012 წელს ე. დ-ს აღნიშნული საკანალიზაციო მილი უფუნქციოდ დახვდა, ზ. მ-ის მიერ სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ხონის პოლიციის სამმართველოს და მოითხოვა მისი საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა.
მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადასტურა ხელშეშლის ფაქტი, ხოლო პოლიციამ აღნიშნულ აქტზე არ დაიწყო გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
ზ. მ-ე თავისი მოქმედებით ხელს უშლის ე. დ-ის ოჯახს პირადი ქონებით სარგებლობის უფლებაში. მწყობრიდანაა გამოყვანილი სანიტარული კვანძი, ე. დ-ის ოჯახი ვერ სარგებლობს აბანო - ტუალეტით და ბინაში ცხოვრების საშუალება არ აქვს, რის გამოც ამჟამად ცხოვრობს მშობლების ოჯახში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის №046304-2012/07/4 დასკვნის თანახმად 1) მოსარჩელე მხარის მიერ კანალიზაციის სისტემის მოწყობა სახლის გარეთ არსებულ საკანალიზაციო ჭამდე მოპასუხის საცხოვრებელი ფართის გვერდის ავლით შესაძლებელია სპეციალურად შემუშავებული პროექტით. 2) ფაქტიურად არსებული სიტუაციისა და საქმის მასალებში მოცემული სართულის გეგმებიდან გამომდინარე, მშენებლობის დროს საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი განხორციელდა არასრულყოფილად და მეორე სართულიდან ჩამომავალი საკანალიზაციო დგარები დამონტაჟებული არ ყოფილა. 3) ხელის შეშლის დადგენა არ შედის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის კომპეტენციაში. მოსარჩელის საკანალიზაციო სისტემის დაკავშირება სახლის გარეთ არსებულ საკანალიზაციო ჭასთან შესაძლებელია, როგორც მოპასუხის ბინაში საკანალიზაციო დგარის გატარებით, ასევე უშუალოდ მოსარჩელის ბინის გავლით, სპეციალურად შედგენილი პროექტის მიხედვით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, როგორც პირველ სართულზე ასევე მეორე სართულზე განთავსებული სანიტარული კვანძები ერთ სივრცეში იყო განლაგებული. აღნიშნული განლაგება შეთანხმებული იყო მესაკუთრეებთან და რაიმე პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ. ექსპერტის ჩვენებით და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სწორედ ზ. მ-ის კუთვნილ ფართში, სააბაზანოს ადგილზე გადის (საკ.აზომვითი ნახაზით) ჰორიზონტალური საკანალიზაციო მილი, რომელიც უერთდება ჭას.
ადგილზე დათვალიერების ოქმით, ხონში, გ-ის ქ. №36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელი კარიდან მარცხნივ არსებული საცხოვრებელი ფართი არის ზ. მ-ის საკუთრება, ხოლო ედუარდ დ-ის საცხოვრებელი ფართი განთავსებულია მეორე სართულზე, ზ. მ-ის სახლის ზემოთ. საკანალიზაციო ჭა განთავსებულია ეზოში.
საქმის ფურცელ №16-ზე განთავსებული გეგმა-ნახაზი კანალიზაციის სისტემის არსებობის საშუალებას იძლევა. ე. დ-ის წარმომადგენლის დ. ბ-ის განმარტებით საკანალიზაციო სისტემის ვერტიკალური დგარი ადრე არ არსებობდა, ხოლო ჰორიზონტალური დგარი დღესაც არის პირველ სართულზე.
ექსპერტ პ.გ-ის განმარტებით ტექნიკური თვალსაზრისით ალტერნატიული გზით საკანალიზაციო მილის ზემოდან ჩამოშვება შესაძლებელია. სპეციალურად შედგენილი პროექტის საფუძველზე შეიძლება მილი ეზოში არსებულ ჭასთან დაერთდეს, როგორც ზ. მ-ის ბინაში არსებული საკანალიზაციო დგარის გატარებით, ასევე თვით მისი ბინის გავლითაც.
მხარეებს შორის მორიგების შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია საკანალიზაციო მილი გარედანაც გაკეთდეს. ჰორიზონტალური მილი პირველ სართულზე გადის პირდაპირ ზ. მ-ის საკუთრებაში არსებული კედლის გასწვრივ, ისე როგორც ნახაზშია მითითებული. კორიდორის მეორე მხარეს არსებულ ბინებში კანალიზაციის დგარები ჩვეულებრივად პირველი სართულის გავლით უერთდება ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭას.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე პირველი და აღნიშნა, რომ დადგენილია ის ფაქტი, რომ ზ. მ-ე თავისი მოქმედებით ხელს უშლის ე. დ-ის ოჯახს პირადი ქონებით სარგებლობის უფლებაში. მწყობრიდანაა გამოყვანილი სანიტარული კვანძი, ე. დ-ის ოჯახი ვერ სარგებლობს აბანო - ტუალეტით და ბინაში ცხოვრების საშუალება არ აქვს, რის გამოც ამჟამად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. საქმეში არსებული №046304-2012/07/4 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოსარჩელე მხარის მიერ კანალიზაციის სისტემის მოწყობა სახლის გარეთ არსებულ საკანალიზაციო ჭამდე მოპასუხის საცხოვრებელი ფართის გვერდის ავლით შესაძლებელია სპეციალურად შემუშავებული პროექტით.
პალატის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით ცალსახად დადგინდა ის ფაქტი, რომ ზ. მ-ემ სახლში ჩაატარა რემონტი და შეცვალა ოთახების ფუნქციები. ამასთან, აბაზანის ოთახი, რომელიც დ-ის აბაზანის დაბლა იმყოფებოდა გააუქმა და გააერთიანა სამყოფელ ოთახთან. სწორედ მის საკუთრებაში არსებულ ფართში გადის ჰორიზონტალური საკანალიზაციო მილი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 10 მარტის №126 ბრძანებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 10 მარტის №124 ბრძანებით, ასევე აღნიშნულ ბრძანებებთან დაკავშირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზებით დადასტურდა, თუ სად უნდა განლაგებულიყო სანიტარული კვანძები. მათი განლაგება და შესაბამისად სანიტარული კვანძების მოწყობა გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემული საკითხის შესწავლით. ექსპერტ პაატა გერაძემ სასამართლოში მიცემული ჩვენებაში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით კანალიზაციის დგარი დ-ის სააბაზანოდან ვერტიკალურად ჩადის ზ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში, იმ ადგილზე, რაც გათვალისწინებულია ნახაზით და უერთდება იქ არსებულ ჰორიზონტალურ მილს, რომელიც თავის მხრივ შეერთებულია ეზოში ჭასთან.
პალატამ მიუთითა, რომ ზ. მ-ემ თავის ქონება შეიძინა უკვე მითითებული ნახაზებით მოწესრიგებული განლაგების გათვალისწინებით, ამ დოკუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მას საქმეზე არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალტერნატიული პროექტისა და გზების ძიება ამ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის არ არის საჭირო, რადგან ზ. მ-ემ უნდა იმოქმედოს იმ რეჟიმის ფარგლებში, რა ფორმითა და სამართლებრივი მდგომარეობითაც შეიძინა აღნიშნული ქონება. პალატას მიაჩნია, რომ ზ. მ-ემ ხელი არ უნდა შეუშალოს საკანალიზაციო დგარის მოწყობაში ე. დ-ს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზ. მ-ე არ არის უფლებამოსილი თვითნებურად შეცვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი წესი სანიტარული კვანძების მოწყობასთან დაკავშირებით.
პალატამ აღნიშნა, რომ საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ იმავე მრავალბინიან სახლში, იმავე სადარბაზოში არსებული საცხოვრებელი ბინების სააბაზანოები (ვანა-ტუალეტი) მოწყობილია ისე, რომ მეორე სართულიდან საკანალიზაციო მილები პირველი სართულის გავლით უერთდება საკანალიზაციო ჭას ეზოში.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტლება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ე. დ-ი წლების განმავლობაში სარგებლობდა საკანალიზაციო მილით და იგი ზ. მ-ემ მას შემდეგ გადაჭრა, რაც ი.კ-ის საცხოვრებელი ბინა შეიძინა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. იგი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ფართი შეიძინა იზოლდა კაკაბაძისაგან და მასში რაიმე საკანალიზაციო მილი არ არსებობდა. მოწინააღმდეგე მხარემ ზ. მ-ის ცხოვრების პერიოდში გამოტეხა იატაკი (ზ. მ-ის ჭერი) და ისე ჩამოუშვა მილი, რომელიც მისი მოსაზრებით არ შეიძლება საერთოდ კანალიზაციისათვის იყოს გამოყენებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ე. დ-მა აბანო–ტუალეტის საკანალიზაციო მილი დააერთა მის ქვემოთ, პირველ სართულზე არსებულ ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე. მისი განმარტებით აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და ვერც იარსებებდა, ვინაიდან მილი რომელიც ჭერის გამოტეხვის შედეგად იქნა ჩამოშვებული არც იყო დაერთებული საკანალიზაციო მილზე და ვერც იქნებოდა, ვინაიდან ტერიტორიულად ცენტრალური საკანალიზაციო მილი იმ მიმართულებით არ მდებარეობს. კასატორის განმარტებით აღნიშნული დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნითაც.
კასატორი მიუთითებს, რომ მართალია გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკანალიზაციო ჭა ადგილის დათვალიერების მიხედვით მდებარეობს ეზოში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ ზემოდან ჩამოშვებული მილი ვერ მოხვდებოდა საკანალიზაციო მილთან, რადგან როგორც ექსპერტიზის დასკვნიდანვე ირკვევა ამისათვის აუცილებელი იყო სპეციალურად შემუშავებული პროექტი.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მან დაარღვია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან პირიქით, აღნიშნული ნორმების დარღვევა მისი მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხდება.
კასატორი მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როდესაც არ არსებობდა წლების განმავლობაში საკანალიზაციო მილი, მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა სერვიტუტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას არ ექნებოდა სხვა რაიმე საშუალება საკანალიზაციო მილთან მიმართებაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნით ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკუთარი ტერიტორიის გავლითაც უზრუნველყოს საკანალიზაციო მილის დაერთება, ისე რომ არ მოხდეს მისი საკუთრების გამოყენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ზ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ზ. მ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 28 ოქტომბერს №1421165 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზ.“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე