საქმე №ას-108-103-2014 13 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე, მ. დ-ი, ვ. ხ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-ის, მ. დ-სა და ვ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 16 ივლისს ვ. ხ-სა და მ. დ-ს შორის შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მ. დ-სა და მ. ნ-ეს შორის 2007 წლის 17 ივლისს შედგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მ. ნ-ე ცნობილ იქნეს არაკეთილსინდისიერ იპოთეკარად, ასევე, მ. ნ-ე ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, ვ-ის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე „გ“ კორპუსის №12 ბინის არაკეთილსინდისიერ შემძენად და დასახელებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2007 წლის 17 ივლისს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის პერიოდში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო ქონება ირიცხებოდა მ. დ-ის სახელზე, შესაბამისად, გარიგება გაფორმდა კანონიერად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ხ-სა და მ. დ-ს შორის 2007 წლის 16 ივლისს შედგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნები 2007 წლის 17 ივლისს მ. ნ-სა და მ. დ-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მ. ნ-ის არაკეთილსინდისიერ იპოთეკარად მიჩნევის შესახებ, ასევე მ. ნ-ის ქ.თბილისში, ვ-ის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე „გ“ კორპუსის №12 ბინის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და ზემოხსენებული უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებად ცნობის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ს. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 183-ე, 312-ე მუხლებით და მიუთითა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი, კონკრეტულ შემთხვევაში, მ. ნ-ე წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო გარიგების შედგენისას იპოთეკით დატვირთული ნივთი, საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ირიცხებოდა მ. დ-ის სახელზე და საქმის მასალებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მ. ნ-ემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვ. ხ-ის და მ. დ-ის დანაშაულებრივი ქმედებით და თავდაპირველი მესაკუთრის ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ დაიტვირთა იპოთეკით. 2007 წლის 17 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის მომენტში მ. ნ-ისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, ვ. ხ-სა და მ. დ-ის მიერ სადავო უძრავი ნივთის მიღების პროცესში მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან დასახელებული მოპასუხეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2009 წლის 1 ივლისს.
პალატამ აღნიშნა, რომ მ. ნ-ის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი – სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება და შესაბამისი აუქციონის შედეგები სადავო არ გამხდარა, არ გაუქმებულა და ძალაშია, ქონება მ. ნ-ის სახელზე ირიცხება.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 17 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მართლზომიერება შემოწმებულია საარბიტრაჟო სამართალწარმოების ფარგლებში, ვინაიდან მის საფუძველზე მ. დ-ს დაეკისრა თანხის გადახდა და ქონების რეალიზაცია. იმ პირობებში, როდესაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერების საკითხს მოსარჩელე მხარე არ ხდის სადავოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად იმ გარიგების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც საარბიტრაჟო სასამართლომ თანხა დააკისრა მ. დ-ს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას, მიუხედავად გარიგების ბათილად ცნობისა, ასეთ ვითარებაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ არ იკვეთება. მ. ნ-ე არის კეთილსინდისიერი იპოთეკარი და 2007 წლის 17 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის განხილვის საფუძველზე საარბიტრაჟო სასამართლოს შედგენილი აქვს სააღსრულებო ფურცელი. დასახელებული გარემოებანი გამორიცხავენ სადავო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა მ. ნ-სა და მ. დ-ს შორის 2007 წლის 17 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ამდენად, სამართლებრივ და ფაქტობრივ დასაბუთებასაა მოკლებული სასარჩელო მოთხოვნები მ. ნ-ის ვ-ის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე „გ“ კორპუსის №12 ბინის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების და ამავე ნივთის ს. ხ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა ვ. ხ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელ ლ. გ-ის ახსნა-განმარტება, რომ აუქციონზე უძრავი ნივთის შეძენისას მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ამ ნივთის კანონიერი მესაკუთრის ვინაობა, რასაც უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის დარღვევით პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები და უპირატესობა მიანიჭა ერთი მხარის ცრუ განმარტებას.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ იმსჯელა კეთილსინდისიერების საკითხზე მაშინ, როცა უძრავი ნივთის შემძენმა – მ. ნ-ემ იცოდა, რომ საჯარო აუქციონზე გასაყიდად გატანილი ნივთი საჯარო რეესტრში მ. დ-ის, გამსხვისებლის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, ამდენად, იგი არაკეთილსინდისიერი შემძენია.
შესაძლებელია, გარიგების გაფორმებისას მ.ნ-ემ არ იცოდა ვ. ხ-ის ხელთ არსებული მინდობილობის სიყალბის შესახებ, მაგრამ საჯარო რეესტრში ნადეჟდა ბუთლიაშვილის ქონების ფიქტიურად მ.დ-ის სახელზე აღრიცხვის ინიციატორი მ. ნ-ე იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ს. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. მ-ის მიერ 2014 წლის 27 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს. ხ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. მ-ის მიერ 2014 წლის 27 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე