Facebook Twitter

¹ბს-680-267(კ-05) 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა, მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 26 იანვარს ჯ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოხუცებულობის გამო მეორე სახის პენსიის დანიშვნა 42 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მითითებით, იგი არის 1922 წელს დაბადებული, დიდი სამამულო ომის მონაწილე, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და მრავალგზის ორდენოსანი, რის საფუძველზეც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სარჩელში მითითებული მოტივით სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 აპრილის განჩინებით ჯ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელი დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ჯ. ნ-ი ითხოვდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას. კერძოდ, უკვე დანიშნულ პენსიაზე მოითხოვდა დანამატს ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ნ-ი არ განეკუთვნება კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას, რადგან იგი, მართალია, არის სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, მაგრამ სამხედრო სამსახურის დროს არ დაინვალიდებულა და არა აქვს ოფიცრის წოდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-მა, შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონოს მე-60 მუხლი და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან ჯ. ნ-ი არ არის ოფიცერი და სამამულო ომის ინვალიდი, ამიტომ არ ეკუთვნის ორი სახის პენსია. კასატორის აზრით, აღნიშნული ეწინააღმდეგება მე-60 მუხლს. საკასაციო საჩივარში, კასატორი გარდა მე-60 მუხლის საფუძველზე საპენსიო დანამატის დანიშვნისა, ამავე კანონის 41-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე ასევე ითხოვს პენსიის მომატებას 50 პროცენტით და ზემოაღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” პუნქტის თანახმად, ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 აპრილის განჩინება:

ჯ. ნ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი მოთხოვნა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მოხუცებულობის გამო პენსიისა და ორმაგი დანამატის, სულ 42 ლარის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ჯ. ნ-ი არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი და იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით, მაგრამ იგი არ არის ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი და მას არა აქვს ოფიცრის წოდება.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელმა “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით გაითვალისწინა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება, ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული ნორმის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით: “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალიწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.

მართალია, ჯ. ნ-ი არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, მაგრამ იგი არ არის ომის ინვალიდი ან ოფიცერი, რის გამოც მასზე მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვერ გავრცელდება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული მე-60 მუხლი მეორე სახის პენსიის დანიშვნის სავალდებულო პირობად არ ითვალისწინებს ომის ინვალიდობას, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მეორე სახეობის პენსიის სახით _ მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მოქალაქეს უკვე დანიშნული უნდა ჰქონდეს ომის ინვალიდობის პენსია.

ჯ. ნ-მა საკასაციო საჩივარში გაზარდა მოთხოვნა და გარდა გარდა კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნისა, ამავე კანონის 41-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე, ასევე მოითხოვა 50 პროცენტით პენსიის მომატება და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” პუნქტის თანახმად, ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სსკ-ის 406-ე მუხლის იმპერატიული მითითების მიხედვით, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ნაბიევის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევები არ არსებობს და სასამართლომ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ჯ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.