Facebook Twitter

№ას-1200-1145-2013 16 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2010 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის - 12 386 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 9010.46 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ა. მ-ის ვ. გ-ის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს -12.38 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან (2013 წლის 25 მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

მოპასუხე ა. მ-ემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ვ. გ-ან თანხა არ მიუღია და ეს ხელშეკრულება გაფორმდა სხვა გარიგების დაფარვის მიზნით, კერძოდ, ვ. გ-ის მიმართ ფულადი ვალდებულება გააჩნდა მის მამას რ. მ-ეს, რომელსაც სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა, რის გამოც, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მან. ამდენად, იგი არ ეთანხმება ამ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვ. გ-ს 1800 აშშ დოლარი გადასცა რ. მ-ემ და ეს თანხა უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით კი, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 9 482 აშშ დოლარის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. მ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირთადი თანხა - 12 386 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4505.23 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ლარი; ა. მ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6.19 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან (2013 წლის 25 მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სესხის ძირითადი თანხიდან 2904 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს სახით 4505.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6.19 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით 2013 წლის 25 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 28 სექტემბერს ვ. გ-სა და ა. მ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ. გ-მა ა. მ-ეს სესხის სახით გადასცა 12 750 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, პროცენტის დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების თანახმად მხარეთა შორის ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. I, ს.ფ. 12).

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ა. მ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 12 386 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 9010.46 აშშ დოლარის გადახდა. ასევე ა. მ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.38 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან (2013 წლის 25 მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილია 364 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შემდგომ პირგასამტეხლოს სახითაა გადახდილი 1104 აშშ დოლარი, რაც გამოაკლდა თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასატეხლოს ოდენობას და საბოლოოდ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო განისაზღვრა 9010.46 აშშ დოლარით ;

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 9 482 აშშ დოლარის ნაწილში, რაც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. აპელანტი სააპელაციო საჩივრით პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მას 9 482 დოლარის გარდა სესხის ძირითადი თანხის სახით დამატებით დაეკისრა 2904 აშშ დოლარი. აპელანტის განმარტებით, ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულია და აღნიშნული თანხა გადახდილია.

პალატის განმარტებით, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 28.09.2010წ. ხელშეკრულების საფუძველზე სესხად აღებული ძირი თანხის ანგარიშში აპელანტის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2012წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 4505.23 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6.19 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან (2013 წლის 25 მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 9010.46 აშშ დოლარიდან შეამცირა 4505.23 აშშ დოლარამდე, ხოლო სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.38 აშშ დოლარიდან შეამცირა - 6.19 აშშ დოლარამდე.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 28.09.2010წ. ვ. გ-სა და ა. მ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ. გ-მა ა. მ-ეს სესხის სახით გადასცა 12 750 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, პროცენტის დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების თანახმად მხარეთა შორის ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 28.09.2010წ. ხელშეკრულების საფუძველზე სესხად აღებული ძირი თანხის ანგარიშში აპელანტის მიერ მითითებული თანხის გადახდის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობით აღიარებული ვალდებულების 9 482 ლარის გარდა სესხის ძირითადი თანხის სახით 2904 აშშ დოლარის, ჯამში - 12 386 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 9010.46 აშშ დოლარიდან შეამცირა 4505.23 აშშ დოლარამდე, ხოლო სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.38 აშშ დოლარიდან შეამცირა - 6.19 აშშ დოლარამდე.

პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გაცემული სესხი არ იყო სარგებლიანი, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით რ. მ-ის დაკითხვის თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მან აღნიშნული სესხის დასაფარად ვ. გ-ს ხელზე გადასცა 1800 აშშ დოლარი, რის შესახებაც, მოსარჩელის წარმომადგენელმა არც უარყო და არც დაადასტურა.

კასატორის განმარტებით, ვ. გ-ს მისთვის თანხა არ გადაუცია, ეს ხელშეკრულება გაფორმდა სხვა გარიგების დაფარვის მიზნით, კერძოდ, ვ. გ-ის მიმართ ვალდებულება გააჩნდა თავის მამას – რ. მ-ე, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმებისას არ გააჩნდა პირადობის მოწმობა, რის გამოც, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისმა შვილმა ა. მ-ემ, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ვ. გ-ს საბანკო ანგარიშსწორებით გადაუხადა 1468 აშს დოლარი, ხოლო ხელზე გადასცა 1800 აშს დოლარი, სულ გადაუხადა 3268 აშშ დოლარი. სესხი შეადგენდა 12 750 აშშ დოლარს, ვინაიდან ა. მ-ემ ვ. გ-ს გადაუხადა 3268 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 9482 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ა. მ-ეს დააკისრა ძირითადი თანხა 12 386 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4505.23 აშშ დოლარის გადახდა, ამასთან, პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა 6.19 აშშ დოლარი შესაბამისი ლარის კურსით ასრცელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც კასატორის აზრით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირგასამტეხლო იმდენად დიდია, რომ აღემატებ ძირ თანხას, რითაც უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (841 ლარი) 70% –588.7ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. მ-ეს დაუბრუნდეს რ. მ-ის მიერ 2013 წლის 27 დეკმებრს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (841 ლარი) 70% – 588.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე