Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-153-143-2014 5 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ.-მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ელექტროენერგიის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. კ.-მ-მა მოპასუხე სს „თ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

სს „თ-ის“ მიმართ მასზე დაკისრებული 7366.82 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. კ.-მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

მოსარჩელე გათავისუფლდა სს „თ-ის“ მიმართ 7366.82 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ე. კ.-მ-სა და სს „თ-ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

ე. კ.-მ-ს სს „თ-ის“ მიმართ 2010 წლის მაისის თვიდან ერიცხებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება 7366.82 ლარის ოდენობით.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

საქმეში წარდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგინდა და არც მხარეთა შორის იყო სადავო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ელექტროენერგიის გადასახადი უკანასკნელად გადაიხადა 2010 წლის 20 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტოენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასრურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, უდავო იყო, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყველთვიურად.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 20 მაისამდე პერიოდში აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფასური უნდა გადახდილიყო მეორე თვის განმავლობაში და რამდენადაც სს „თ-ის“, როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებლის, მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აბონენტის – ე. კ.-მ-ის მიერ 2010 წლის 20 მაისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური – 7366.82 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტის გათვალისწინებით (2013 წლის 20 ივნისი), მისი მხრიდან გადახდას არ ექვემდებარებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს – სს „თ-ს“ გაშვებული ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სს „თ-ის“ მიერ სადავო დავალიანების გადახდის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაშვებას ადასტურებდა თავად აპელანტი (მოპასუხე) (სააპელაციო საჩივარი, ტომი 1, ს.ფ. 93; 2013 წლის 18 დეკემბრის სხდომის ოქმი,15:27:45-15:28:00).

სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ სადავო დავალიანების დაფარვის შესახებ სს „თ-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია, მოპასუხის მხრიდან რაიმე დასაბუთებული საპირისპირო არგუმენტაციით არ ყოფილა შედავებული და სს „თ-ი“ წარდგენილ შესაგებელში ძირითადად იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ხანდაზმული იყო თავად მოსარჩელის მოთხოვნა, რისი გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში წარმოშობილი დავალიანების გადახდის შესახებ სს „თ-ის" მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის გამომწვევი გარემოების არსებობაზე, მოპასუხეს საერთოდ არანაირი დასაბუთება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის.

რაც შეეხებოდა თავად მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებულ არგუმენტს, სააპელაციო სასამართლომ უწინარესად აღნიშნა, რომ მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, რამდენადაც თანხის გადახდისაგან გათავისუფლებით, ფაქტობრივად მოთხოვნილი იყო – სადავო პერიოდის განმავლობაში წარმოშობილი დავალიანების გადახდის მოთხოვნაზე სს „თ-ის“ უფლების არარსებობის დადგენა, სარჩელი განეკუთვნებოდა აღიარებით სარჩელთა კატეგორიას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, აშკარად გამოკვეთილი იყო მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება (თანხის გადახდისაგან გათავისუფლება). შესაბამისად, აშკარად გამოკვეთილი იყო მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომ მომხდარიყო მასზე დარიცხული სადავო თანხის გადახდისაგან გათავისფულება (ვინაიდან სს „თ-ი“ სადავო თანხის ოდენობის დავალიანებას მაინც უფიქსირებდა აბონენტს – ე. კ.-მ-ის სახელზე გამოწერილ ქვითარში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სადავო თანხაზე სს „თ-ის“ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამდენად, მოსარჩელის სარჩელის მოთხოვნა იურიდიული ინტერესის არსებობის კუთხით ეჭვს არ იწვევდა და შესაბამისობაში იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან.

უშუალოდ საკითხი კი, იმის შესახებ, რომ ე. კ.-მ-ის სარჩელი იყო ხანდაზმული, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „თ-ისგან“ განსხვავებით, რომელსაც უშუალოდ ელექტროენერგიის ნასყიდობის (მიწოდების) ხელშეკრულებიდან (მატერიალურ სამართელბრივი ურთიერთობიდან) გამომდინარე წარმოშობილი ჰქონდა აბონენტის მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ მოთხოვნა და რომელიც მოქცეული იყო სამწლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში, ე. კ.-მ-ის სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო სადავო თანხის გადახდის მოთხოვნაზე „თ-ის“ უფლების არარსებობის დადგენის შესახებ, გამომდინარეობდა იმ მდგომარეობიდან, რომ სს „თ-ს“ გაშვებული ჰქონდა სადავო პერიოდის განმავლობაში წარმოშობილი დავალიანების გადახდაზე მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის ვადა და რომ მისი მოთხოვნა ე. კ.-მ-ის, როგორც აბონენტის, მიმართ სამწლიანი ვადის გასვლის გამო გახდა ხანდაზმული.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამის დაინტერესებულ პირს მის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის და შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის ან/და უფლების არარსებობის დადგენის შესახებ მოთხოვნა შეუძლია დააყენოს ნებისმიერ დროს და იგი არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ხანდაზმულობას. ამ კუთხით კრედიტორის ხანდაზმული მოთხოვნის „გაცოცხლებას“ ვერ გამოიწვევს ის გარემოება, რომ მოვალემ კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგომიდან სამწლიან, ან თუნდაც ათწლიან ვადაში არ მოითხოვა უფლების არარსებობის დადგენა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე სს „თ-ის“ მიერ სარჩელის საწინააღმდეგოდ წარდგენილი ძირითადი არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, არ უნდა გაზიარებულიყო.

ზემომითითებული გარემოებებისა და მსჯელობის, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტის (2013 წლის 20 ივნისი) გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა, კერძოდ, რამდენადაც დადასტურდა და არც მხარეთა შორის ხდებოდა სადავო ის გარემოება, რომ 2010 წლის 20 მაისამდე პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გამო წარმოშობილი დავალიანების – 7366.82 ლარის გადახდის თაობაზე სს „თ-ის“ მოთხოვნა ხანდაზმული იყო და მოკლებული იყო სამართლებრივ ვარგისიანობას, აღნიშნული თანხა არ ექვემდებარებოდა ე. კ.-მ-ის მხრიდან გადახდას და შესაბამისად, მოსარჩელე უნდა გათავისუფლებულიყო შესრულების ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სს „თ-ი“ თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა სასამართლოს მხრიდან ე. კ.-მ-ის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის შემოწმების აუცილებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპელანტის მოსაზრებით, სახეზე უნდა ყოფილიყო აღიარებითი სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ, სს „თ-ის“ დასახელებული არგუმენტაცია ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ შეატრიალა და მიიჩნია, რომ ე. კ.-მ-ის სარჩელი თითქოს განეკუთვნებოდა აღიარებით სარჩელთა კატეგორიას, თითქოს სარჩელით მოთხოვნილი იყო წარმოშობილი დავალიანების გადახდის მოთხოვნაზე სს „თ-ის“ უფლების არარსებობის დადგენა. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ხსენებული მსჯელობა განავრცო და მოსარჩელის მოთხოვნაში იურიდიული ინტერესიც დაინახა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ე. კ.-მ-ის სარჩელი აღიარებითი ხასიათის იქნებოდა, სადავო დავალიანების ჩამოწერა ვერ მოხდებოდა. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა უკვე აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტილების (შედეგების) საფუძველზე აღნიშნული მოთხოვნით ახალი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება არ გაამახვილა.

სარჩელში მითითებული არ არის, რომ მოსარჩელეს სურდა აღიარებითი სარჩელის აღძვრა. დავის საგნის გრაფაში, სადაც აღნიშნულია, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის სურვილის ქონის პირობებში, მოსარჩელემ ასევე უნდა მიუთითოს იურიდიულ ინტერესზე, მოსარჩელემ მიუთითა: „თანხის ჩამოწერა“, სარჩელის მოთხოვნადაც მან მიუთითა „თანხის ჩამოწერაზე“. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სინამდვილეში აღძრული იყო მიკუთვნებითი სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. არსებული პრაქტიკის თანახმად, მიკუთვნებითი მოთხოვნები (მაგალითად, ელექტროენერგიის დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნა) ვერ ჩაითვლება აღიარებით სარჩელებად, რაც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე სასამართლოსგან ვალის ხანდაზმულად აღიარებას კი არ მოითხოვს, არამედ უკვე ხანდაზმული დავალიანების „ჩამოწერის“ სურვილი გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 368.50 ლარი) 70% – 257.95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ-ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – ....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „თ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (368.50 ლარი, საგადახდო დავალება № 20898, გადახდის თარიღი – 2014 წლის 23 იანვარი) 70% – 257.95 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე