№ას-167-157-2014 8 მაისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. ჯტს“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.თბილისის მერიამ მოპასუხე შპს „ქ. ჯტს-ის“ მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
ქ.თბილისის მერიასა და შპს „ქ. ჯტს-ს“ შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს – 24299.63 ლარის, მოპასუხე ორგანიზაციისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
შპს „ქ. ჯტს-ს“ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 19451.08 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
იმის გათვალისწინებით, რომ ქ.თბილისის მერიას საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.თბილისში, ჟ.შ-ას ქ.№7-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 2006 წლის 9 ოქტომბერს ცვლილებები შევიდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფმომსახურების სამმართველოსა და შპს „ქ. ჯტს-ს“ შორის 2004 წლის 1 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც, ქ.თბილისის მერიამ შპს „ქ. ჯტს-ს“ იჯარით გადასცა ქ.თბილისში, ჟ.შ-ას ქ.№7-ში მდებარე შენობის ტექნიკურ სართულზე მდებარე 10.5კვ.მ საერთო ფართის მქონე ოთახი და ასევე, შენობის სახურავზე 2 ანტენის განთავსების უფლება.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვრამდე; თუკი ვადის გასვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე მხარეები წერილობით არ მოითხოვდნენ ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეყვეტას, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა მომდევნო 1 წლის ვადით. ანალოგიური წესი გამოიყენებოდა ყოველ მომდევნო ვადის გაგრძელებაზე.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტით საიჯარო ქირა განისაზღვრა 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა გადახდის დღისათვის ქ.თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა საიჯარო ქირის გადახდის წესი, რომლის თანახმად, დამქირავებელი გასული თვის ქირას გადაიხდიდა ყოველი მომდევნო თვის დაწყებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. საიჯარო პირობების 2.4 პუნქტის თანახმად, საიჯარო პირობების 2.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, კერძოდ 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2011 წლის 9 ივნისს, ქ.თბილისის მერიამ შპს „ქ. ჯტს-ს“ გაუგზავნა №07-8/6437 წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო შეთავაზება 2006 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ, საიჯარო ქირის გაზრდასთან დაკავშირებით, რაზეც 2011 წლის 28 ივნისის №07-8/6437 პასუხით მან თანხმობა განაცხადა.
ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.29.818 დადგენილების თანახმად, ცვლილებები შევიდა ქ.თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს „ქ. ჯტს-ს“ შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, კერძოდ, საიჯარო ქირის ყოველწლიური ოდენობა განისაზღვრა 15600 ლარით, საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანაბარწილად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრამდე. ქირავნობის პირობების 12.1. მუხლის თანახმად, ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა.
2012 წლის 1 იანვრიდან შეწყდა შპს „ქ. ჯტს-სა“ და ქ.თბილისის მერიას შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, მოქმედების ვადის გასვლის გამო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 25 ოქტომბერს, ქ.თბილისის მერიამ 07-8/11902 წერილით მიმართა შპს „ქ. ჯტს-ს“, რათა ამ უკანასკნელს წარედგინა საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი საბუთები. 2010 წლის 3 ნოემბრის №02/50-10 წერილით, შპს „ქ. ჯტს-მ“ მოსარჩელეს წარუდგინა 2006 წლის 9 ოქტომბრიდან 2010 წლის 3 ნოემბრამდე საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც 2007 წლის 19 აპრილიდან 2010 წლის 20 იანვრამდე შპს „ქ. ჯტს-ის“ მიერ გადარიცხული საიჯარო თანხა ასახული იყო სხვა სახაზინო კოდზე.
საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, სასამართლომ გადახდის ქვითრების შეფასების შედეგად დადასტურებულად ჩათვალა, რომ შპს „ქ. ჯტს-ის“ მიერ საიჯარო ქირის გადახდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ან ხორციელდებოდა არა ხელშეკრულებით გათვლისწინებულ ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული და ასევე, ადგილი არ ჰქონდა მხარეთა შორის შემდგომ შეთანხმებას ანგარიშის შეცვლის თაობაზე.
საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 19451.08 ლარს.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ქ.თბილისის მერიასა და შპს „ქ. ჯტს-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
დავის გადაწყვეტისას, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავდროულად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, შპს „ქ. ჯტს-ის“ მიერ საიჯარო ქირის გადახდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ან ხორციელდებოდა არა ხელშეკრულებით გათვლისწინებულ ანგარიშზე, არამედ – სხვა ანგარიშზე, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული და ასევე არ ყოფილა მხარეთა შორის შემდგომი შეთანხმება ანგარიშის შეცვლის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა ვერ ჩაითვლებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებად.
მიუხედავად ზემომითითებული მსჯელობისა, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ქ. ჯტს-თვის“ 2006 წლის 9 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პირგასამტეხლოს სახით 24299.63 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, ვინადან მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდა სარჩელის მოთხვნის ხანდაზმულობაზე, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება 2009 წლის იანვრამდე, უსაფუძვლო იყო.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტორ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. ამ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ 2006 წლის 9 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელი მოსარჩელემ აღძრა 2012 წლის 12 ივლისს. სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია სარჩელი 2006 წლიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასმტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის მოთხოვნა 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 19451.08 ლარს. ამდენად, სასამართლომ შპს „ქ. ჯტს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 19451.08 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის პირგასამტეხლოს სახით 12541.95 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს „ქ. ჯტს-ს“ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებოდა 6909.13 ლარის გადახდა.
გარდა ამისა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა ქ.თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისის მერიისა და შპს „ქ. ჯტს-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მერიისა და შპს „ქ. ჯტს-ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ქ. ჯტს-ის“ სააპელაციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
შპს „ქ. ჯტს-ს“ ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 6909.13 ლარის გადახდა;
დანარჩენ ნაწილში (17390.5 ლარის დაკისრების ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
შპს „ქ. ჯტს-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი – 483.64 ლარის ოდენობით;
ქ.თბილისის მერიას შპს „ქ. ჯტს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 501.68 ლარის გადახდა, მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
იმის გათვალისწინებით, რომ ქ.თბილისის მერიას საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.თბილისში, ჟ.შ-ას ქ.№7-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 2006 წლის 9 ოქტომბერს ცვლილებები შევიდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფმომსახურების სამმართველოსა და შპს „ქ . ჯტს-ს“ შორის 2004 წლის 1 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც, ქ.თბილისის მერიამ შპს „ქ. ჯტს-ს“ იჯარით გადასცა ქ.თბილისში, ჟ.შ-ას ქ.№7-ში მდებარე შენობის ტექნიკურ სართულზე მდებარე 10.5კვ.მ საერთო ფართის მქონე ოთახი და ასევე, შენობის სახურავზე 2 ანტენის განთავსების უფლება.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვრამდე; თუკი ვადის გასვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე მხარეები წერილობით არ მოითხოვდნენ ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეყვეტას, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა მომდევნო 1 წლის ვადით. ანალოგიური წესი გამოიყენებოდა ყოველ მომდევნო ვადის გაგრძელებაზე.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტით საიჯარო ქირა განისაზღვრა 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა გადახდის დღისათვის ქ.თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა საიჯარო ქირის გადახდის წესი, რომლის თანახმად, დამქირავებელი გასული თვის ქირას გადაიხდიდა ყოველი მომდევნო თვის დაწყებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. საიჯარო პირობების 2.4 პუნქტის თანახმად, საიჯარო პირობების 2.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, კერძოდ 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2011 წლის 9 ივნისს, ქ.თბილისის მერიამ შპს „ქ. ჯტს-ს“ გაუგზავნა №07-8/6437 წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო შეთავაზება 2006 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ, საიჯარო ქირის გაზრდასთან დაკავშირებით, რაზეც 2011 წლის 28 ივნისის №07-8/6437 პასუხით მან თანხმობა განაცხადა.
ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის №19.29.818 დადგენილების თანახმად, ცვლილებები შევიდა ქ.თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს „ქ. ჯტს-ს“ შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, კერძოდ, საიჯარო ქირის ყოველწლიური ოდენობა განისაზღვრა 15600 ლარით, საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანაბარწილად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრამდე. ქირავნობის პირობების 12.1. მუხლის თანახმად, ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა.
2012 წლის 1 იანვრიდან შეწყდა შპს „ქ . ჯტს-სა“ და ქ.თბილისის მერიას შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, მოქმედების ვადის გასვლის გამო.
2012 წლის 1 იანვრიდან შეწყდა შპს „ქ. ჯტს-სა“ და ქ.თბილისის მერიას შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, მოქმედების ვადის გასვლის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა და არც მხარეთა შორის იყო სადავო ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, დადასტურდა, რომ შპს „ქ. ჯტს-ის“ მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა ვადის დარღვევით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2006 წლის 9 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ხანდაზმული იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა ქ.თბილისის მერიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა აითვლება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ვალდებულება, რომლის შესრულება მოიჯარის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობით დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის განხორციელების ვადას შეადგენს სამი წელი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოული პერიოდისათვის (რაც ამ შემთხვევაში დაყოფილია თვეების მიხედვით) ცალ-ცალკე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
შპს „ქ. ჯტს-ი“, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი არასწორ სახაზინო კოდზე ახორციელებდა საიჯარო თანხის ჩარიცხვას, ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2009 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე გაანგარიშებით, პირგასამტეხლოს სახით მისთვის 6909.13 ლარის დაკისრების ნაწილში.
წინამდებარე საქმე, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქმე მიჩნეულ იქნა სამოქალაქო კატეგორიის დავად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა კი არაგანსჯად სასამართლოდ, რის საფუძველზეც საქმე განსჯადობით განსახილველად გადმოეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. შესაბამისად, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი წესები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად უნდა გაუქმებულიყო და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე შპს „ქ. ჯტს-მა“ არაჯეროვნად, ვადის დარღვევით შეასრულა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ასევე, პირგასამტეხლოს გადახდის წესი და ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს და ამასთან, დადასტურდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობა ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 24299.63 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა აპელანტის – შპს „ქ. ჯტს-ის“ შემდეგ მოსაზრება:
დადგინდა, რომ 2006 წლიდან 2009 წლის იანვრამდე ქ.თბილისის მერიის სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამასთან, ქ.თბილისის მერიის დაანგარიშებით პირგასამტეხლო დარიცხული იყო 2006 წლიდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდზე, ანუ 2009 წლის 1 იანვრიდან გაანგარიშება დაწყებული იყო არა ნულოვანი ბალანსით, არამედ უკვე დაგროვილი დავალიანებით;
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას შეადგენდა შპს „ქ. ჯტს-ის“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა – 6909.13 ლარი, რომლის გადახდის თაობაზე მზაობა გამოთქვა მოპასუხემ – შპს „ქ. ჯტს-მ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო შპს „ქ. ჯტს-ის“ სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს „ქ. ჯტს-ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხოლო მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
საქმეში არსებული, ქ.თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2012 წლის 22 ივნისის №10-8/2401 წერილის მიხედვით, შპს „ქ. ჯტს-ზე“ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 24299.63 ლარი. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით მიმართა ქ.თბილისის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ქ. ჯტს-თვის“, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს – 24299.63 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის მოთხოვნა 2006 წლის 9 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მიიჩნია ხანდაზმულად. ქ.თბილისის მერიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხელშეკრულება, რომელსაც მოდავე მხარეები ეყრდნობიან, დადებულია უძრავ ნივთებთან მიმართებით და შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადამ უნდა შეადგინოს ექვსი წელი.
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, უფლების დარღვევის მომენტი დადგა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება შეწყდა და მხარემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. საქმეზე დადგენილია, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის 1 იანვრამდე და ამავე დროის განმავლობაში მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამდენად, ქ.თბილისის მერიისათვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დადგა 2012 წლის 1 იანვარს, რადგან შეწყდა ხელშეკრულება და ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო სწორედ ამ დროიდან.
იმ შემთხვევაში, თუკი მიჩნეულ იქნება, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელდეს, შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ქ. ჯტს“ საიჯარო ქირას ვადის დარღვევით, თუმცა იხდიდა 2006 წლიდან 2009 წლამდე. ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა თანხის გადახდის ფაქტებს და ყოველი გადახდის შემდგომ არ გასულა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ყველა გადახდა გულისხმობს მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარებას და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. მაგალითად, როდესაც შპს „ქ. „ჯტს-მ“ 2006 წლის ნოემბერში განახორციელა გადახდა, ამით აღიარებულ იქნა მთლიანი მოთხოვნა და ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. ამასთან, 2007, 2008 და შემდგომი წლების ჩათლით განხორციელებული გადახდებიც ადასტურებს ქ.თბილისის მერიის მოთხოვნას და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.
ზემომითითებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენენ. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის დენა იწყება თავიდან. აქედან გამომდინარე, შპს „ქ. „ჯტს-ის“ მიერ განხორციელებული გადახდების პერიოდულობა 3 წელზე ნაკლებია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლო გადახდიდან და ვინაიდან, ამ დროიდან სარჩელის წარდგენამდე არ გასულა 3 წელი, სააპელაციო სასამართლოს ქ.თბილისის მერიის სარჩელი სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას, კასატორის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო, ასეთი ქმედება უნდა განხორციელდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე არ იკვეთება არც ერთი ისეთი გარემოების არსებობა, რაც შესაძლებელია საფუძვლად დადებოდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
სააპელაციო სასამართლომ, ქ.თბილისის მერიის მიერ წარდგენილი გაანგარიშება მხედველობაში არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის დაანგარიშებით პირგასამტეხლო დარიცხულია 2006 წლიდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდზე, ანუ 2009 წლის 1 იანვრიდან დაანგარიშება დაწყებულია არა ნულოვანი ბალანსით, არამედ უკვე დაგროვილი დავალიანებით. კასატორისათვის გაუგებარია დასახელებულ არგუმენტზე აპელირება, რადგან მისი განმარტებით, თუკი სასამართლო პირგასამტეხლოს მოთხოვნას 2006 წლიდან 2009 წლის იანვრამდე პერიოდზე ხანდაზმულად მიიჩნევს, ეს კავშირში ვერ იქნება დაგროვილ დავალიანებასთან. საკითხის სააპელაციო სასამართლოსეული გადაწყვეტა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ქ.თბილისის მერია ვერ მოითხოვს ზემომითითებულ პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოს, თუმცა დავალიანება რჩება დარიცხულად და ამიტომ გამოდის, რომ 2009 წელს პირგასამტეხლოც უნდა დაირიცხოს იმ დროისათვის არსებული დავალიანების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე