Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-177-166-2014 19 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ის მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-ა ცნობილ იქნა ქ.ხონში, ჭ-ის ქ.№2/25-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ლია კ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 367 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და რ. ხ-ას სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე-98-ე მუხლების შესაბამისად, შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ზემოხსენებული განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ლ. კ-ის მიერ რ. ხ-ას სახელზე გაცემული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებით.

რ. ხ-ამ იშუამდგომლა მარწმუნებლის სახელით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ იმ მოტივით, რომ ლ. კ-ე ავადაა, იმყოფება საზღვარგარეთ და ესაჭიროება დამატებითი დრო ხარვეზის შესავსებად.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით ლ. კ-ეს ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება გაეგზავნა კასატორ ლ.კ-ის წარმომადგენელ რ. ხ-ას და ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით 2014 წლის 25 აპრილს. მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 26 აპრილიდან და ამოიწურა 1 მაისს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა დამატებით გაუგრძელდა. შესაბამისად, ლ. კ-ეს სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე