Facebook Twitter

№ას-203-190-2014 13 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 22 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ხ-მა მოპასუხე ნ. ხ-ის მიმართ, მესამე პირების – ე. და ლ. ხ-ის მონაწილეობით.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მამის, ბ. ხ-ის სამკვიდრო აქტივის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი, სახლი) ფაქტობრივი მფლობელობით მიმღებ მემკვიდრედ და ½ წილის მესაკუთრედ ცნობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

მოსარჩელე ცნობილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი მდებარე მამის, ბ. ხ-ის სამკვიდრო აქტივის ½ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

მ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

მოსარჩელე ცნობილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი მდებარე მამის, ბ. ხ-ის სამკვიდრო აქტივის 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მამკვიდრებელი ბ. ხ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 20 თებერვალს.

მხარეთა შორის სადავო არ იყო და საქმის მასალებითაც დგინდებოდა, რომ ბ. ხ-ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ე. ხ-ი და შვილები – მ. ხ-ი, ნ. ხ-ი და ლ. ხ-ი.

ბ. ხ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლე ე. ხ-მა და შვილებმა – მ. და ნ. ხ-მა, ლ. ხ-ს მამის სამკვიდრო არ მიუღია.

• პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხე ნ. ხ-ი ფაქტობრივი ფლობის გზით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას. 2012 წლის 6 სექტემბერს, ბ. ხ-ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ნ. ხ-ის სახელზე.

• ბ. ხ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილმა, მ. ხ-მა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული გ. გ-ის განმარტებით, ბ. ხ-ის სიცოცხლეში მ. ხ-ი ხშირად ჩადიოდა მამასთან სოფელში, ეხმარებოდა მამას საქონლის მწყემსვაში, სათიბში. მ. ხ-ი პირადად გ. გ-ს ხშირად ატანდა მამასთან სხვადასხვა პროდუქტებს. მამის სიკვდილის შემდეგ მ. ხ-ი ცხოვრობდა მამის სახლში, სოფელში ცოლ-შვილთან ერთად, ამუშავებდა მიწას, უვლიდა საქონელს (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 11:46:14; 12:00:01). მოწმის განმარტებით, იგი პირადად იყო მოწმე, რომ მ. ხ-ს ცოლისძმამ მამის სიკვდილიდან მალევე, გაზაფხულზე, სოფელში აუშენა საქათმე (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე,11:50:11).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული შ. გ-ის განმარტებით, მამის დაღუპვის შემდეგ, მ. ხ-ი ყოველდღე სოფელში იყო, გარდა იმ დღეებისა, როდესაც მუშაობდა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:27:26; 12:31:19). შ. გ-ის მითითებით, მამის დაკრძალვის შემდგომ მ. ხ-ი მწყემსავდა საქონელს. ისინი ერთადაც ყოფილან ნახირში 2008 წლის ზაფხულში, ივლის-აგვისტოში (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:33:54 – 12:35:33).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული გ.მ-ის განმარტებით, ბ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ, ორმოცამდე, მან და მ. ხ-მა შეღებეს ბ. ხ-ის საფლავი. მამის გარდაცვალების შემდეგ მალევე პირადად მან აუშენა მ. ხ-ს ეზოში საქათმე და საღორე 2008 წლის ივნის-ივლისამდე. ამავე წელს, გ. მ-ი მ. ხ-ს დაეხმარა სათიბში (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:05:03; 13:11:01; 13:13:40-13:13:52).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ზ. კ-ის მითითებით, ბ. ხ-ის დაკრძალვის შემდეგ, თითქმის მეორე დღიდანვე საქონელს უვლიდა და ნახირში დადიოდა მ. ხ-ი (იხ.:სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:09:44 – 14:09:49).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ. კ-ის მითითებით, ბ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ სოფელში ჩამოვიდა მ.ი, უვლიდა საქონელს. მამის გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდნენ მ. ხ-ი ცოლ-შვილით და ე. ხ-ი (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:42:46 – 14:43:04; 14:45:58). ბ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ მიწა დაამუშავა მ. ხ-მა და ნ. ხ-მა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:54:21).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ. დ-ის განმარტებით, მამის სიკვდილის შემდეგ სოფელში ცხოვრობდნენ ე. ხ-ი და მ. ხ-ი, რომელიც სოფლიდან დადიოდა სამსახურში (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:44:51 – 15:46:47).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ მამის გარდაცვალების შემდგომ მ. ხ-ის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ როგორც 2012 წლის 6 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდებოდა, ბ. ხ-ის სამკვიდროს გახსნის ადგილს წარმოადგენდა ქ.თბილისი, ვ-ი 3, I მ/რ, 25-ე კორპუსი, ბინა 42. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე იყო რეგისტრირებული ასევე მ. ხ-იც მამის გარდაცვალების მომენტში 2007 წლიდან 2010 წლამდე (იხ.: სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 58).

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

• ბ. ხ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლემ, ე. ხ-მა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული გ. გ-ის განმარტებით, ბ. ხ-ის დაკრძალვის შემდგომ ბ. ხ-ის სახლში ცხოვრება გააგრძელეს მეუღლემ ე. ხ-მა და შვილმა, მ. ხ-მა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:21:08-12:21:36).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული შ. გ-ის განმარტებით, ბ. ხ-ის დაკრძალვის შემდეგ, მ. ხ-ან ერთად სოფელში ცხოვრობდა ასევე მისი დედა, ე. ხ-ი (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:31:19).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ.კ-ის მითითებით, სოფელში იყო ასევე ე. ხ-ი. ბ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდნენ მ. ხ-ი ცოლ-შვილით და ე. ხ-ი (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 11:43:21; 14:45:58).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ. დ-ის განმარტებით, მამის სიკვდილის შემდეგ სოფელში ცხოვრობდნენ ე. ხ-ი და მ. ხ-ი, რომელიც სოფლიდან დადიოდა სამსახურში (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:44:51 – 15:46:47).

• ბ. ხ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით არ მიუღია მის შვილს, ლ. ხ-ს.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული გ.მ-ის განმარტებით, ლ. ხ-ს არ უცხოვრია მამის გარდაცვალების შემდგომ სოფელში და არ უწარმოებია არანაირი მეურნეობა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:15:34).

ზ. კ-ის განმარტებით, რომელიც ხ-ის ახლო მეზობელია, მას დიდი ხანია არ უნახავს ლ. ხ-ი და ალბათ ვერც იცნობდა, რომ შეხვედროდა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:20:15).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ.კ-ის განმარტებით, ლ. ხ-ს ბ. ხ-ის შემდეგ მამის სახლში არ უცხოვრია (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:53:55).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ქ. გ-ის განმარტებით, ბ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ სოფლის სახლში ლ. ხ-ი არ ცხოვრობდა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:15:16 – 15:15:31).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც ლ. ხ-ის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებაზე მიუთითებდა. სადავო არ იყო, რომ ლ. ხ-ს ასევე არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის მამის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.

2012 წლის 6 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობით რეგისტრირებულმა (რეგისტრაციის N120945003) ნ. ხ-მა, როგორც გარდაცვლილი მამის, ბ. ხ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი მდებარე უძრავი ქონება. თავის მხრივ, ბ. ხ-მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) 2002 წლის 28 მაისს გარდაცვლილი ე. გ-სა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს) 1998 წლის 24 ივლისს გარდაცვლილი ა. კ-სა, ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, მაგრამ არ გაიფორმა ა. კ-ის კუთვნილი სამკვიდრო ქონება.

სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონებას განეკუთვნებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი მდებარე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 3736.0კვ.მ, საცხოვრებელი სახლის ფართით 264.0კვ.მ. სადავო სამკვიდრო ქონება (მდებარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ი, (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 3670.00კვ.მ., შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი, გაშენების ფართი 167კვ.მ.) 2012 წლის 12 სექტემბერს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ. ხ-ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2012 წლის 12 სექტემბერს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N120945003).

დავის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1435-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელე ბ. ხ-ის სამკვიდრო ქონება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად მასზე ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს მეუღლე ე. ხ-მა და შვილებმა – მ. და ნ. ხ-მა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება ბ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე. რაც შეეხებოდა, ლ. ხ-ს მას მამის სამკვიდრო მიღებული არ ჰქონდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ხ-ს უფლება გააჩნდა მამის დანაშთ ქონებაზე 1/3 წილში და იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავში მდებარე მამის, ბ. ხ-ის სამკვიდრო აქტივის 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე მითითებით სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრო მოწმობის გასაჩივრების ვადას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოწმის ჩვენებებში აშკარად იკვეთება მოწმის მიერ შეგნებულად არასწორი ჩვენებების მიცემის ფაქტები. ამ კუთხით კასატორი მიუთითებს მოწმე ზ. კ-ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც დასახელებული მოწმე გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მოცემული საქმის მიმართ. იგი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგია მ. ხ-ს წაართვან სახლი (14.05სთ.), ამასთან, მან გადაწყვიტა, რომ მოიქცეს ისე, როგორც სოფელი ფიქრობს და აქტს ამიტომ მოაწერა ხელი (14.17სთ.). გარდა ამისა, იკვეთება, რომ მითითებული მოწმე არასწორად არის ინფორმირებული მოსარჩელის მხრიდან, რადგან როგორც თავად განაცხადა, გაიგო, რომ მ.ის და ართმევს სახლს (14:05:12). კასატორის მოსაზრებით, მოწმე აშკარად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა;

მოწმე გ. კ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ეს მოწმე სუბიექტურია. საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ნ-ე (საუბარია კასატორ ნ. ხ-ე) კარგს ვერ იტყვის, ამ ბოლო დროს აბრაზებს (16:21:04), ურთიერთობა უფრო მათთან აქვს, 2-3 წელიწადია აქ ცხოვრობს (16:21:25). კასატორის მითითებით, აუდიო ჩანაწერის მოსმენისას აშკარად ჩანს, თუ როგორ აკეთებს მოსამართლე მინიშნებებს მოწმის მიერ გასაცემ პასუხზე. კასატორის შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლი და აღნიშნული ჩანაწერი საქმეს არ დაურთო;

მოწმე შ. გ-ი ადასტურებს, რომ მოსარჩელე 6 თვეში სამკვიდროს არ დაუფლებია;

მოწმე მ. კ-ი ობიექტური ვერ იქნება, რადგან ცუდი ურთიერთობა აქვს კასატორთან იმის გამო, რომ უარი უთხრა სახლის მიყიდვაზე;

მოწმე მ. დ-ის შემთხვევაშიც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლი, აღნიშნული მოწმე პირადად არავითარი მნიშვნელოვანი ფაქტის თვითმხილველი არ არის, მან მხოლოდ მოსარჩელისგან გადაცემით იცის საქმის შესახებ. ამასთან, მ. დ-ის ჩვენებით დასტურდება ის, რომ მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას 6 თვეში არ დაუფლებია, მისი განმარტებით, სოფელში ცხოვრობდნენ ე.ი, რ. და ნ.; როცა ბინა გაიყიდა, მაშინ წავიდა სოფელში მ. ხ-ი (15:32:40; 15.41.43);

გ.გ-ის შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა მოწმის ჩვენებას, რომელიც ვერ ასახელებს ზუსტ დროს და გამოთქვამს ვარაუდს (12:04:48-დან 12:06:25-მდე);

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწმე გ. მ-ის განცხადებით, იგი რიცხვებს ვერ იმახსოვრებს (13:18:28);

მოსარჩელე მ. ხ-ი წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან, კერძოდ, სარჩელში იგი აცხადებს, რომ 2007 წლიდან ცხოვრობს სოფელში, მამასთან, ხოლო სასამართლო სხდომაზე აცხადებს, რომ 2007-2008 წლებში ბავშვი ჰყავდა 3 თვის და თბილისში ცხოვრობდა (ბავშვის დაბადების ღაეიღია – ... წლის ... ოქტომბერი) (15:11:02-დან 15:14:35-მდე);

გასათვალისწინებელია, რომ მ. ხ-ს სადავოდ არ გაუხდია ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, კერძოდ, იგი სარჩელში სადავოდ არ ხდის მოპასუხე ნ. ხ-ის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტს, არ ასაჩივრებს სამკვიდრო მოწმობას, რომლითაც ნ. ხ-ი აღიარებულია სადავო ქონების ერთადერთ მემკვიდრედ. ეს გარემოება ბარიერს ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ნ. ხ-ის სახელზე, ამ ჩანაწერის გაუქმების საფუძველი კი შეიძლება გახდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი, რომლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ხ-ს (პირადი ნომერი – ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 2398779, გადახდის თარიღი – 2014 წლის 12 თებერვალი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე