Facebook Twitter

№ას-217-202-2014 28 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ. ჯ-ე, შ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

თ. ჯ-სა და შ. ვ-ს უფლება მიეცათ – ურთიერთობა ექონიათ არასრულწლოვან შვილიშვილთან – ბ. ჩ-ასთან ყოველი კვირის პარასკევს 17.00 საათიდან კვირა დღის 14.00 საათამდე; აგრეთვე, – ზამთრის არდადეგების პერიოდში 1 კვირით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში – 1 თვით წაეყვანათ ბ. ჩ-ა თავიანთ სახლში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-ამ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება,რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ბ. ჩ-ას მოსარჩელეების სახლში ღამით დარჩენით ურთიერთობის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილებში, რომლებითაც:

1. თ. ჯ-სა და შ. ვ-ს უფლება მიენიჭათ – თავიანთ სახლში წაეყვანათ და დაეტოვებინათ არასრულწლოვანი ბ ჩ-ა ღამის საათებში;

2. გ. ჩ-ას სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში და

და დასახელებულ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

1. თ. ჯ-ისა და შ. ვ-ის სარჩელი ... წლის ... აპრილს დაბადებული ბ. ჩ-ას ღამის საათებში მოსარჩელეთა სახლში წაყვანისა და ღამით დატოვების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

2. თ. ჯ-ს და შ. ვ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 75 ლარის გადახდა გ. ჩ-ას სასარგებლოდ;

3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

წლის აპრილს დაბადებული ბ. ჩ-ა არის გ. ჩ-ას და ნ. ვ-ის (გარდაიცვალა 2013 წლის 17 ივნისს) შვილი. იგი ცხოვრობს მამასთან ერთად, ქ.სამტრედიაში, დაბა კ-ში, რ-ის ქ.№90-ში.

თ. ჯ-ე და შ. ვ-ე არიან ნ. ვ-ის მშობლები.

გ. ჩ-ა ოჯახთან (დედა – გ. მ-ი; პაპა – ო. ჩ-ა; შვილი – ბ. ჩ-ა) ერთად ცხოვრობს ერთსართულიან, ექვსოთახიან, კაპიტალურ და კეთილმოწყობილ სახლში: ოთახები კეთილმოწყობილია, ყველა მათგანში დგას შესაბამისი ავეჯი, მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო პირობები; სუფევს სისუფთავე; სახლში არის გათბობა, ცხელი წყალი; ბ-ს აქვს ცალკე ოთახი, სადაც დგას მისი საწოლი, მოთავსებულია მისი ნივთები და სათამაშოები.

თ. ჯ-ე და შ. ვ-ე ცხოვრობენ ორსართულიან, ექვსოთახიან სახლში, შვილებთან – ბ. და ნ. ვ-ებთან, რძლებთან – გ. ს-სთან და ნ. შ-სთან, შვილიშვილთან – ა. ვ-სთან ერთად. სახლში ნაწილობრივაა მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო: არ არის მოწესრიგებული სველი წერტილი, იატაკის საფარი გამოსაცვლელია, სახლი სარემონტოა და არც ერთ ოჯახში შესაბამისი ავეჯი არ დგას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი, რომლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. ამავე კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნად ითვლება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზოგადად, ბებიას და პაპას აქვთ უფლება – ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილთან, ოღონდ ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ დააბრკოლოს ბავშვის ნორმალური აღზრდა. კანონით დადგენილი ეს აკრძალვა გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას; მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ – უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი არ ამტკიცებდა, რომ ზოგადად მოსარჩელეებთან ურთიერთობა ხელს შეუშლიდა ბ. ჩ-ას ნორმალურ

აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენდა მასზე; აპელანტი არ ეთანხმებოდა მხოლოდ ღამის საათებში ბავშვის ბებიისა და პაპის საცხოვრებელ სახლში დატოვებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ბ. ჩ-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მამის – გ. ჩ-ას საცხოვრებელი ადგილი.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განისაზღვრება მშობლის მოვალეობები შვილის მიმართ. ამ მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. კანონის აღნიშნული ნორმების ანალიზით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის უმთავრესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სწორედ მშობელს ეკისრება. მშობელია უფლებამოსილი – ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს, ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ბებიისა და პაპის უფლებას – მშობლის ნების საწინააღმდეგოდ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მოშორებას მისი (მშობლის) საცხოვრებელი ადგილიდან ღამის საათებში. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ღამის საათებში (მით უფრო – ზედიზედ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში) ბავშვის მოშორება მშობლის საცხოვრებელი ადგილიდან ფაქტობრივად ნიშნავდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც, მშობლის თანხმობის არარსებობისას, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლისა და 1198-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმებს. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ,,ღამის საათების” ლეგალურ დეფინიციას. თუმცა – ამავე კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, სამართლის ანალოგიის წესით, სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ჩათვალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-17 ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმადაც, ღამედ ითვლება დრო 22 საათიდან 6 საათამდე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, სწორედ ზემოხსენებული დროის მონაკვეთში იყო აუცილებელი – ბ. ჩ-ა ყოფილიყო მისი (მამის) საცხოვრებელ ადგილას. აქვე, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მამის ოჯახის საცხოვრებელი პირობები უკეთესი იყო ბებიისა და პაპის ოჯახის საცხოვრებელ პირობებზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჯ-მ და შ. ვ-მ.

კასატორების მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მამის – გ. ჩ-ას საცხოვრებელი ადგილი. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, ბავშვი არათუ იმყოფება მამასთან ან ბებასთან, გ. მ-თან, არამედ იგი დღისა და ღამის საათებში იმყოფება გ. მ-ის დის, ლ. მ-ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს უბნის ინსპექტორის 2014 წლის 3 თებერვლის ცნობით.

სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ღამის 22.00 საათიდან 6.00 საათამდე უნდა იმყოფებოდეს მისი მამის საცხოვრებელ ადგილას, რა დროსაც გაითვალისწინა ისიც, რომ მამის ოჯახს კასატორებზე უკეთესი საცხოვრებელი პირობები გააჩნდა. საჩივარზე თანდართულ მასალაში, კერძოდ, გ. ჩ-ას გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ დედამისი – გ. მ-ი წასულია თურქეთში, ხოლო თვითონ მუშაობს ქუთაისში, სამუშაოს დასრულების შემდეგ არის შვილთან (ხსენებული იფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება), მოპასუხე ბავშვის მონახულების შემდეგ, ღამით, სახლში იმყოფება და ბავშვი თავის დეიდასთან არის. გ. ჩ-ა უთითებს, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ დეიდასთან, ლ. მ-თან მივიდნენ და იქ მოინახულონ ბავშვი. ამდენად, არასრულწლოვანი მოშორებულია მშობლიურ საცხოვრებელ ადგილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ისა და შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ჯ-ისა და შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჯ-ისა და შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე