Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-226-211-2014 5 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ა, მ. ნ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ლ. შ-ას მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2011 წლის 15 სექტემბერს მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება თ. ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით თ. შ-სა და მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე ქ. თბილისში, თ.ჭ-ის ქ.№12-ში მდებარე ბინაში დაყადაღდა მოძრავი ქონება, კერძოდ, ტელევიზორი „LG“, სამეულის კომპლექტი, საწერი მაგიდა, ტელევიზორის მაგიდა, მაგიდა, საოფისე სკამი, საწერი მაგიდის სკამი, სკამი, სავარძელი, დივანი, საწოლი, მტვერსასრუტი „BEKO“, ვინტილატორი, ტუმბო, „ტრილიაჟი“, „სერვანდი“, წიგნების თარო. ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №002-58567 ბრძანების თანახმად. აქტში გადასახადის გადამხდელად მითითებულია ინდივიდუალური მეწარმე ლ.შ-ა, ხოლო დამსწრე პირად თ. შ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით, მოვალის – ინდივიდუალური მეწარმე ლ. შ-ას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით შუამდგომლობის ავტორს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაერთო ნება, ჩაატაროს იძულებითი აუქციონი მოვალის დაყადაღებული ქონების სარეალიზაციოდ.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 15 სექტემბრის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე.

პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისში, თ. ჭ-ის ქ№12-ში მდებარე ბინა, სადაც განხორციელდა სადავო ქონების დაყადაღება, წარმოადგენს მოსარჩელე მ. ნ-ის საკუთრებას. მხარეთა განმარტებით დადგენილია და ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ. ნ-ან ბინის ნაწილი დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს თ. შ-ას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ლ. მ-ას ჩვენებით, ლ. შ-ა, რომელიც არის თ. შ-ას ძმა, სადავო მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს და მოდის მხოლოდ სტუმრად. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში არსებული მეორადი მოხმარების ავეჯი ეკუთვნის ბინის მესაკუთრე მ. ნ-ეს. ეს ავეჯი თავდაპირველად განთავსებული იყო თავად მ. ნ-ის საცხოვრებელ ფართში, ხოლო შემდგომ განთავსდა სადავო ბინაში, რომელიც ასევე მ. ნ-ის საკუთრებაა. ამჟამად საცხოვრებელი ბინა იმყოფება თ. შ-ას დროებით სარგებლობაში და იგი სარგებლობს აღნიშნული მოძრავი ნივთებით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით, 45-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ჭ-ის ქ.№12-ში არსებული ბინა წარმოადგენს მოსარჩელე მ. ნ-ის საკუთრებას, რომელიც დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული თ. შ-ას. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 15 სექტემბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ბინაში არსებული ნივთები. იგულისხმება, რომ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები, უძრავი ნივთის მესაკუთრის ან/და უძრავი ნივთის დროებითი მოსარგებლე პირის საკუთრებაა. რაც შეეხება ლ. შ-ას, რომლის საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველსაყოფადაც განხორციელდა ბინაში მოძრავი ნივთების დაყადაღება, მოწმის ჩვენებით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. შ-ა არ წარმოადგენს ამ ბინაში მცხოვრებ პირს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მართალია, აღნიშნული ნორმის თანახმად, მესამე პირი ვალდებულია, ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება ერთ-ერთი მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მეორე მოსარჩელის დროებით სარგებლობაში არსებულ სადგომში და მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მათ კუთვნილებას, მოვალის, მესაკუთრედ ყოფნის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს თავისი პოზიცია სათანადოდ არ დაუდასტურებია და მხოლოდ მოსარჩელეთა არგუმენტების უარყოფით შემოიფარგლა. ამდენად, მოპასუხეს არ მოუხდენია თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისი გარემოება, რომ ყადაღადადებული ნივთები მართლაც მოსარჩელეთა საკუთრებაა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მესამე პირთა სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10, 267-ე, 102-ე და 105-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2, 44-ე, 45-ე, 32-ე მუხლების დანაწესები.

დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლთან დაკავშირებით, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 151-ე მუხლის იმგვარად განმარტება, რომ სადავო ნივთები განიხილება საკუთვნებლად. სადავო ნივთები და საცხოვრებელი ბინა სამოქალაქო სამართალბრუნვის დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენენ და მათი ერთობლიობაში განხილვა კანონშეუსაბამოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაც (საქმე ას-262-253-2012).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე