№ას-247-232-2014 28 მაისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სარჩელი მოპასუხე შპს „ს. კ-ის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
შპს „ს. კ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 725.50 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 14.30 საათზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 206-ე კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა,
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა „ფოლქსვაგენ ჯეტას“ სახელმწიფო ნომრით ...., მართავდა შპს „ს. კ-ის“ თანამშრომელი გ. კ-ე, ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ-კრუიზერს“ სახელმწიფო ნომრით ...., მართავდა სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი გ. ბ-ი, ხოლო ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ-კრუიზერს“ სახელმწიფო ნომრით ...., მართავდა სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი ლ. ნ-ი.
ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ სახელმწიფო ნომრით .... და ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ სახელმწიფო ნომრით ...., 2009 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე.
ავტომანქანა „ფოლქსვაგენ ჯეტა“ სახელმწიფო ნომრით .... საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „ს. კ-ზე“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ რ.თ-ის მიერ 2012 წლის 1 სექტემბერს გ. კ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #000458113 დასკვნის შედეგებზე, რომელშიც ავტომობილებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებების გათვალისწინებით განხილულ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი. დასკვნის თანახმად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტა“ ..... თავისი წინა ნაწილით შეეჯახა მის წინ მოძრავ „ტოიოტა“ ....., ხოლო შემდგომ კი, „ტოიოტა“ ....-ს უკანა ნაწილში შეეჯახა „ფოლქსვაგენ“ .... თავისი წინა ნაწილით; „ფოლქსვაგენ“ ....-ის მძღოლის – გიორგი კობახიძის მიერ ავტომობილი „ტოიოტასათვის“ .... მიყენებული ზიანი შეადგენდა 725.50 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ავტომობილი „ტოიოტა“ სახელმწიფო ნომრით .... თავისი წინა ნაწილით შეეჯახა მის წინ მოძრავ „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით .....-ს, ხოლო შემდგომ „ტოიოტა“ .....-ს უკანა ნაწილში შეეჯახა ავტომობილი „ფოლქსვაგენ ჯეტა“ სახელმწიფო ნომრით.......
მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის #044712-2012/10/1 დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით .....-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 1653.75 ლარს; ავტომანქანა „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით .....-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს – 10769.33 ლარს; ავტომანქანა „ფოლქსვაგენ“ ......-ის მძღოლის – გ. კ-ის მიერ ავტომობილ „ტოიოტასათვის“ სახელმწიფო ნომრით ..... მიყენებული ზიანი შეადგენს 725.50 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არაკვალიფიციურობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის საფუძველზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები) მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ, სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მხოლოდ მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, რომლებსაც საბოლოოდ, სასამართლო აფასებს 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #000458113 დასკვნის შედეგები, რომელშიც ავტომობილებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებების გათვალისწინებით განხილულ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი. აღნიშნული დასკვნის თანახმად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის წინ, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტა“ .... თავისი წინა ნაწილით შეეჯახა მის წინ მოძრავ „ტოიოტა“ ......-ს, ხოლო შემდგომ კი, „ტოიოტა“ ....-ს უკანა ნაწილში შეეჯახა „ფოლქსვაგენ“ ..... თავისი წინა ნაწილით. ავტომანქანა „ფოლქსვაგენ“ ....-ის მძღოლი ბრალეული იყო მხოლოდ ავტომობილი „ტოიოტა“ .....-ის უკანა ნაწილის დაზიანებაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგებოდა აპელანტის მითითება გ კ-ის საპატრულო პოლიციაში 2012 წლის 1 სექტემბერს მიცემულ ჩვენებასა და კანონიერ ძალაში არსებულ, მოპასუხის მიმართ გაცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე (#ებ023078), როგორც მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპლანტის პოზიცია აღნიშნული მტკიცებულებების ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, ამასთან, მიუთითა, რომ მოპასუხის ბრალეულობისა და მის მიერ მიყენებული ზიანის ფარგლების დამდგენ მტკიცებულებას განეკუთვნებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საპირისპირო მტკიცებულება აპელანტს არ წარუდგენია.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2013 წლის 13 თებერვლის დასკვნის გაცემისა და შესაბამისი კვლევის ჩატარებისას ექსპერტი ხელმძღვანელობდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ფოტოსურათებით და უშუალოდ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი სქემით, რაც დასკვნასთან ერთობლიობაში ადასტურებდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის განვითარებისა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანების შეჯახების თანმიმდევრობის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასაბუთებას, რომ ავტომანქანა „ფოლქსვაგენ“ ....-ის მძღოლი ბრალეული იყო მხოლოდ ავტომანქანა „ტოიოტა“ ....-ის უკანა ნაწილის დაზიანებაში და ავტომანქანა „ფოლქსვაგენ“ .....-ის მძღოლის – გ. კ-ის მიერ ავტომობილ „ტოიოტასათვის“ სახელმწიფო ნომრით ...... მიყენებული ზიანი შეადგენდა 725.50 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე და 415-ე მუხლებით. მოხმობილი ნორმების მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას; თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „ფოლქსვაგენ“ ....-ის მძღოლი გ კ-ე ბრალეული იყო მხოლოდ ავტომანქანა „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით ....-ის უკანა ნაწილის დაზიანებაში, იგი ბრალეული არ იყო „ტოიოტა“ ....-ის წინა ნაწილისა და „ტოიოტა“ ....-ს დაზიანებაში, შესაბამისად, დაზარალებულს ზიანი უნდა ანაზღაურებოდა ნაწილობრივ, ბრალეული ქმედების პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 725.50 ლარის გარდა დამატებით 12463.75 ლარის დაკისრება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არასწორად დაუდო საფუძვლად მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #000458113 ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგი გარემოებების გამო: ა. ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების ისეთი გარემოებები, როგორიცაა, შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანების წონა, მოძრაობის სიჩქარე, ავტომანქანების ურთიერთგანლაგება მოძრაობისას უშუალოდ შეჯახების მომენტამდე, საბურავების მდგომარეობა (ცვეთის ხარისხი), სამუხრუჭე ხუნდების მდგომარეობა, საავტომობილო გზის საფარის თავისებურებები, შეჯახების მომენტში მძღოლების რეაქცია – საჭის მართვის მდგომარეობა, მუხრუჭის გამოყენების მომენტი (როგორც დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ სქემასა და წარდგენილ ფოტოსურათებზე დაყრდნობით); ბ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანების დაზიანებების კვლევა წარმოებდა მოდელირების მეთოდით. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა დ. გ-მა განმარტა, რომ წარდგენილ საექსპერტო კვლევაში მოდელირების მეთოდის გამოყენება გულისხმობდა ექსპერტის მიერ მოვლენების ვიზუალურ, სუბიექტურ აღქმას, ფიზიკის ზოგადი კანონებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნა არაკვალიფიციური და შესაბამისად, დაუსაბუთებელია.
სასამართლომ არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, რ.თ-ის მიერ გ. კ-ისათვის 2012 წლის 1 სექტემბერს ჩამორთმეული ახსნა-განმარტება. მასში გ. კ-ე აღნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა მისი ბრალეულობით და განმარტავს, რომ 2012 წლის 1 სექტემბერს იგი მოძრაობდა ქ.ქუთაისიდან ქ.თბილისის მიმართულებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე სამოძრაი ზოლში მის წინ მოძრაობდა რამდენიმე ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა, წინ მიმავალმა ავტომანქანამ „ტოიოტა“ .... შეანელა სვლა, რა დროსაც გ. კ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და წინა ნაწილით შეეჯახა მის წინ მიმავალ „ტოიოტა“ ....-ს უკანა ნაწილში, ხოლო „ტოიოტა“ ..... შეეჯახა მის წინ მიმავალ „ტოიოტა“ ....-ს.
ზემოთ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას, თავის მხრივ, ადასტურებს მტკიცებულების სახით წარდგენილი საგზაო შემთხვევის სქემა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გ. კ-მ კანონით დადგენილი წესით არ გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის მიერ მისი, როგორც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში ბრალეული პირის დაჯარიმების გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა მისი ბრალეულ პირად მიჩნევის გადაწყვეტილებისადმი პრეტენზიის არქონა. სწორედ აღნიშნულმა ბრალეულობამ გამოიწვია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, ამის შესახებ იგი მიუთითებს საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც.
სასამართლომ არ გაიზიარა კანონიერ ძალაში არსებული, მოპასუხის მიმართ გაცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (#ებ023078), როგორც მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე