№ას-282-264-2014 28 მაისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი. ჯ. გ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ყ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხე შპს „ი. ჯ. გ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 46814.22 ლარის გადახდა;
მასვე ს. ყ-ის სასარგებლოდ დაევალა ადვოკატის ხარჯის – 1636 ლარის ანაზღაურება;
გარდა ამისა, შპს „ი. ჯ. გ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ან უკანასკნელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1454.50 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ი. ჯ. გ-მა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი. ჯ. გ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მოგვიანებით, შპს „ი. ჯ. გ-მა“ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით შპს „ი. ჯ. გ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს. ყ-მა მოპასუხე შპს ,,ი. ჯ. გ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2013 წლის 27 ივნისს, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად.
2013 წლის 1 ივლისს, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება, ხოლო ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
სასამართლო გზავნილით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა.
2013 წლის 16 ივლისს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა, შპს ,,ი. ჯ. გ-ის“ სახელზე გზავნილი, ს. ყ-ის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2013 წლის 2 ივლისს ჩაბარდა ორგანიზაციის კანცელარიის წარმომადგენელ ე. ბ-ს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-ს“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2013 წლის 2 ივლისს კანონით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს შესაგებლის წარდგენა 2013 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოში მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-მა“ შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2013 წლის 18 ივლისს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით.
2013 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-ის“ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი ზემომითითებული ნორმით დადგენილი სტანდარტის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც შეიძლებოდა დადგენილიყო საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზი. გასაჩივრებულ განჩინებაშიც მართებულად აღინიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი უფლებამოსილი პირისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარების დასტური, ჩაბარებისა და მისი უფლებამოსილების საკითხი სადავო არ გამხდარა, ხოლო მხოლოდ სიტყვიერი მითითება, რომ კანცელარიის თანამშრომელს დაავიწყდა კომპანიის დირექტორისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემა, ვერ ჩაითვლებოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ საპატიო გარემოებად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-ს“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2013 წლის 2 ივლისს კანონით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს შესაგებლის წარდგენა 2013 წლის 12 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოში მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-მა“ შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2013 წლის 18 ივლისს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე ,,ი. ჯ. გ-ის“ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას და ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 978-ე, 991-ე მუხლებით და დააკმაყოფილა სოსო ყარმაზანაშვილის სარჩელი.
დასახელებული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით, რაც განსახილველ შემთხვევაში სწორად დადგინდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი. ჯ. გ-მა“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
1.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
კანონის მოხმობილი მუხლებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევისათვის, არ არის სავალდებულო მხოლოდ დაუძლეველი ძალის არსებობა, არამედ საკმარისია სხვა მოვლენის არსებობაც, რასაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა მოპასუხისათვის შესაგებლის დროულად წარდგენაში. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი „სხვა მოვლენა“ შეიძლება იყოს მოპასუხე ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო სანქცია, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე. მოცემულ საქმეზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ იქნა გამოტანილი, როდესაც მოპასუხეს უკვე წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი და შესაბამისად, სახეზე იყო მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება – მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შინაარსის მიხედვით ნათელია, რომ მხარის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არ გულისხმობს ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოპასუხე ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომით.
2.
სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, სარჩელის თანახმად, 2007 წელს მოსარჩელემ მოპასუხისგან აიღო გარკვეული ოდენობის სესხი, უკან კი დაუბრუნა იმაზე მეტი ოდენობის თანხა, ვიდრე ეკუთვნოდა. შესაბამისად, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 978-ე მუხლებს და მათზე დაყრდნობით მოითხოვდა თანხების უკან დაბრუნებას. საქმეში წარმოდგენილი იყო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა ოდენობის თანხა გადაუხადა მოსარჩელემ მოპასუხეს, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, თუ რა ოდენობის თანხა მიიღო მან სესხად 2007 წელს (ხსენებული გარემოების დადასტურებას მოსარჩელე აპირებდა მოწმეთა ჩვენებით და მოპასუხისგან ხელშეკრულების გამოთხოვით). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გაცემული სესხის ოდენობა, გაუგებარია თუ როგორ უნდა დადგინდეს ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა ან ის, თუ რა ოდენობის თანხა უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი. ჯ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ი. ჯ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ა. კ. ჯ-ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2341 ლარი) 70% – 1638.7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი. ჯ. გ-ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – .....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ი. ჯ. გ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2341 ლარი, საგადახდო დავალება № 37, გადახდის თარიღი – 2014 წლის 19 მარტი) 70% – 1638.7 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე