Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-296-278-2014 5 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „ლ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ. ს. ც-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით

შპს „ლ-ას“ სარჩელი მოპსუხე შპს „კ. ს. ც-ის“ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს ლ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით შპს „ლ-ამ” და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და შპს „ლ-ას“ დირექტორ თ. ბ-ას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2014 წლის 14 აპრილს შპს „ლ-ას“ დირექტორმა თ. ბ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 22 აპრილის განჩინებით შპს „ლ-ას“ დირექტორ თ. ბ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

2014 წლის 28 აპრილს შპს „ლ-ას“ დირექტორმა თ. ბ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს „ლ-ას“ დირექტორ თ. ბ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.

2014 წლის 2 მაისს შპს „ლ-ას“ დირექტორმა თ. ბ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია _ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და შპს „ლ-ას“ დირექტორ თ. ბ-ას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, მაგრამ მან მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი ასევე ვერ გახდება საპროცესო ვადის სიმცირეზე მითითება, ვინაიდან განსაზღვრული საპროცესო ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის გონივრულია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ-ას“ შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ლ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3.. კასატორ შპს „ლ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს თ. ბ-ას მიერ 2014 წლის 11 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, 2014 წლის 25 აპრილს №84564 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და 2014 წლის 1 მაისს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სულ 150 ლარის ოდენობით) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია