Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-337-318-2014 5 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „შ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „პ-ის“ მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

შპს „პ-ი“ არის მოვალე, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური – კრედიტორი.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 25 ნოემბრის აქტით ქ.თბილისში, შ-ის ქ. №13-ში (პურის ქარხანაში) დაყადაღებულ იქნა: 1) პურის საცხობი ღუმელი 3 ცალი - PANTER 180 (2 ც) KVMKAYA (1ც); 2) ცომის საზელი 2 ცალი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანებით შპს „პ-ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა შპს „პ-ის“ ყადაღადადებული ქონება. ბრძანების იძულებითი აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ქ.თბილისში, შ-ის ქუჩა №13-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეა სს „შ-ა“, რომელიც რეგისტრირებულია ამავე მისამართზე.

საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ სს „შ-ა“ და შპს „პ-ი“ იმყოფებოდნენ საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მეიჯარე სს „შ-ამ“ მოიჯარე შპს „პ-ს“ დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, შ-ის ქ.№13-ში მდებარე საიჯარო ქონება.

პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც დაყადაღებულ იქნა სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები, წარმოადგენს პურის საცხობ ობიექტს.

დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები – პურის საცხობი ღუმელი 3 ცალი – „PANTER 180“ (2 ც) „KVMKAYA“ (1ც) და 2 ცომის საზელი არ არის შპს „პოპულარის“ საკუთრება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „პ-ის“ ყოფილმა დირექტორმა ნ. ლ-ემ დაადასტურა, რომ მას ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარები.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საბაჟო დეკლარაციებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 12 ნოემბერს ფირმა „ე-აკ“ (ექსპორტიორი) მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან სს „შ-ის“ მიერ იმპორტირებულ იქნა პურ-ფუნთუშეულის საცხობი დანადგარები 2 კომ. ხოლო, 2005 წლის 16 აპრილს – საცხობი ღუმელი. სს „შ-ის“ დირექტორის მიერ დადასტურდა საწარმოს ბალანსზე არსებული ქონება: შენობა-ნაგებობა (1 ერთეული) – 32 490 ლარი, პურ-ფუნთუშეულის საცხობი ღუმელი თავისი მაკომპლექტებელი ნაწილებით (3 ცალი) 54788.80 ლარი, სულ – 87278.80 ლარი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ელდეკლარაციის მიხედვით, სს „შ-ას“ 2012 წლის 30 მარტს შესრულებული აქვს საგადასახადო ვალდებულება მის ბალანსზე რიცხული და მისივე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების პროპორციულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ასკვნის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი, შესაბამისად, მოძრავ ნივთზე უფლების შესახებ დავაში მოწმის ჩვენება მტკიცებულებად დასაშვებია და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი. შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ კანონიერია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10, 267-ე, 102-ე და 105-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2, 44-ე, 45-ე, 32-ე მუხლების დანაწესები.

დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლთან დაკავშირებით, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 151-ე მუხლის იმგვარად განმარტება, რომ სადავო ნივთები განიხილება საკუთვნებლად. მართალია, პურის საცხობი და ცომის საზელი საშუალებები დამხმარე ხასიათისაა იმ საქმიანობისათვის, რასაც მოსარჩელე ეწევა, მაგრამ ის მაინც არ უნდა იქნეს საკუთვნებლად განხილული, რადგან მისი არსებობა დამოუკიდებლად სრულიად შესაძლებელია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები წარმოადგენდნენ მოსარჩელის საკუთრებას, რაც დასტურდებოდა 2004 წლის საბაჟო დეკლარაციებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დავის პერიოდში, 2013 წლისათვის, აღნიშნული ნივთები კვლავ მის და არა შპს „პ-ის“ საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, არ დგინდება სადავო ნივთები რეალურად არის თუ არა ის ნივთები, რომლებიც საბაჟო დეკლარაციების თანახმად, მოსარჩელეს ჰქონდა ჩამოტანილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე