საქმე№ას-360-339-2014 5 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სარჩოს – 1125 ლარის, ასევე სარჩოს მიუღებელი სხვაობის – 16641 ლარის ერთობლივად გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე მუშაობდა სს „ს. რ-ი“ მემანქანედ. 1994 წლის 8 თებერვალს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი 90%-ით. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მოპასუხისგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს, თუმცა მოპასუხემ სარჩოს ოდენობა არ გადაიანგარიშა მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც მოპასუხემ დაკარგა შემოსავალი, რომელიც ეკუთვნოდა კანონით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. თ-ე მუშაობდა სს „ს. რ-ი“ მემანქანის თანამდებობაზე.
1994 წლის 8 თებერვალს მოსარჩელემ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით უვადოდ. 2003 წლის 30 ივნისის განმეორებითი შემოწმებისას მ. თ-ის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 90%-ით.
სს „ს. რ-ა“ მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, ყოველთვიურად უხდის სარჩოს 451.28 ლარის ოდენობით.
2010 წლის 1 ივნისიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 687.69 ლარს, 2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით – 1050 ლარს, 2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით – 1150 ლარს, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე – 1250 ლარს.
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე შეადგენს 16 638.94 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 1125 ლარი.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ მსჯელობას:
2010 წლის 1 ივნისიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში მოქმედი მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, მ. თ-ეს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 618.92 ლარის ოდენობით (687.69 ლარის 90%), რის ნაცვლადაც იღებდა 451.28 ლარს. შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 167.64 ლარს. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 1 ივნისიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენს 1508.5 ლარს (167.64 ლარი X9 თვეზე).
2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით მოქმედი მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, მ. თ-ეს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო – 945 ლარი (1050 ლარის 90%), რის ნაცვლადაც იღებდა 451.28 ლარს. შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 493.72 ლარს. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით შეადგენს 6418.36 ლარს (493.72 ლარი X 13 თვეზე).
2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით მოქმედი მემანქანის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით მ. თ-ეს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 1035 ლარი (1150 ლარის 90%). აღნიშნული თანხის ნაცვლად, მოსარჩელე სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებდა 451.28 ლარს. ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 583.72 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით შეადგენს 4669.76 ლარს (583.72 ლარი X 8 თვეზე).
2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე მოქმედი მემანქანის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით მ. თ-ეს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 1125 ლარის ოდენობით (1250-ის 90%). აღნიშნული თანხის ნაცვლად, მოსარჩელე სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებდა 451.28 ლარს. მ. თ-ემ ყოველთვიურად ვერ მიიღო სარჩო – 673.72 ლარი. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე შეადგენს 4042.32 ლარს (673 ლარი X 6 თვეზე).
ამდენად, მთლიანობაში, 2010 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო შეადგენს 16638.94 ლარს (1508.50 ლარი + 6418.36 ლარი + 4669.76 ლარი + 4042.38 ლარი), ხოლო 2013 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 1125 ლარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დაუშვებელია სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, ვინაიდან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი, გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.
სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, ამდენად, საფუძვლიანია მ. თ-ის სარჩელი, ზიანის ანაზღაურება მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებით.
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 90%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე შეადგენს 16 638.94 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 ივნისიდან, ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 1125 ლარი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სს „ს. რ-ას“ ბრალი არ მიუძღვის მომხდარ საწარმოო ტრავმაში, ანუ მ. თ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში და იგი არ არის ვალდებული, ყოველთვიური სარჩო გადაუხადოს მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოს ბრალეულობის საკითხის განხილვა ხდება სარჩოს დაწესებისას და არა უკვე დაწესებული სარჩოს აღდგენის ან გადაანგარიშებისას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1994 წლის 8 თებერვალს მოსარჩელემ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარის 90% უვადოდ. მ. თ-ეს დაენიშნა სარჩო, რომელსაც იგი დღემდე იღებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან სს „ს. რ-ა“, საწარმოო ტრავმის გამო, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზარალებულს უხდის ყოველთვიურ სარჩოს, ეს საკითხი მხარეთა შორის უკვე გადაწყვეტილი და უდავოდ დადგენილია, ამიტომ საწარმოს ბრალეულობის საკითხის გამორკვევა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ეტაპზე აღარ ხდება.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებას, რომლითაც დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, იგი ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის, რამეთუ არეგულირებს დახმარების დანიშვნის წესს საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები არ არეგულირებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება განსაზღვრავს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების საფუძველზე დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას.
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები“, რომელშიც შევიდა ცვლილება და მე-12 პუნქტი, რომელიც, შრომის ანაზღაურების ხელფასის ცვლილების შესაბამისად, შეეხებოდა სარჩოს გადაანგარიშებას, ამოღებულ იქნა ბრძანებულებიდან, ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლებზე, რომელთა მოქმედება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე ვერ გავრცელდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 მარტს №899 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1160,76 ლარის 70% – 812,532 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 მარტს №899 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1160,76 ლარის 70% – 812,532 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე