საქმე№ას-364-343-2014 5 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ 2013 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 1000 ლარისა და სარჩოს მიუღებელი სხვაობის – 720 ლარის ერთობლივად გადახდის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე მუშაობდა სს „ს. რ-ი” მემანქანედ. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო მან პროფესიული შრომის უნარი 80%-ით დაკარგა, რის საფუძველზეც წლებია, მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს.
მოპასუხე არ ახდენს მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის – მემანქანის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ჯ-ე მუშაობდა შპს „ს. რ-ი“ ელმავლის მე-3 კლასის მემანქანედ, რა დროსაც მიიღო საწარმოო ტრავმა.
მიღებული ტრავმის შედეგად, მოსარჩელე ვ. ჯ-ემ დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით უვადოდ.
სს „ს. რ-ა“ მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, წლების განმავლობაში, ყოველთვიურად უხდის სარჩოს.
2012 წლის ივნისიდან დღემდე ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 920 ლარს.
2012 წლის 1 დეკემბრიდან სს „ს. რ-ის“ მემანქანის ხელფასი შეადგენს 1250 ლარს.
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე შეადგენს სულ – 720 ლარს, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად მისაღები სარჩოს ოდენობაა 1000 ლარი, რადგან 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მოქმედი მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, ვ. ჯ-ეს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 1000 ლარის ოდენობით (1250 ლარის 80%), რის ნაცვლადაც იღებდა 920 ლარს, შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 80 ლარს (1000 ლარს – 920 ლარი).
ამდენად, 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო შეადგენს სულ 720 ლარს (9X80=720).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
სასამართლომ იხელმძღვანელა 2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლით, 44-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიიჩნია, რომ სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა ხელფასის სახით ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი, გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.
სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, ამდენად, საფუძვლიანად ჩათვალა ვ. ჯ-ის სარჩელი, ზიანის ანაზღაურება მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებით.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე შეადგენს სულ – 720 ლარს, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად მისაღები სარჩოს ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სს „ს. რ-ას“ ბრალი არ მიუძღვის მომხდარ საწარმოო ტრავმაში, ანუ ვ. ჯ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში და იგი არ არის ვალდებული, ყოველთვიური სარჩო გადაუხადოს მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოს ბრალეულობის საკითხის განხილვა ხდება სარჩოს დაწესებისას და არა უკვე დაწესებული სარჩოს აღდგენის ან გადაანგარიშებისას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაეკარგა პროფესიული შრომითი უნარი 80%-ით. ვ. ჯ-ეს დაენიშნა სარჩო, რომელსაც იგი იღებს დღემდე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სს „. რ-ა“, საწარმოო ტრავმის გამო, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზარალებულს უხდის ყოველთვიურ სარჩოს, ეს საკითხი მხარეთა შორის უკვე გადაწყვეტილად და უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული, ამიტომ საწარმოს ბრალეულობის საკითხის გამორკვევა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ეტაპზე აღარ ხდება.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებას, რომლითაც დამტკიცებულ იქნა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, იგი ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნით, რამეთუ არეგულირებს დახმარების დანიშვნის წესს საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები არ არეგულირებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება განსაზღვრავს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების საფუძველზე დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას.
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები“, რომელშიც შევიდა ცვლილება და მე-12 პუნქტი, რომელიც, შრომის ანაზღაურების ხელფასის ცვლილების შესაბამისად, შეეხებოდა სარჩოს გადაანგარიშებას, ამოღებულ იქნა ბრძანებულებიდან, ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლებზე, რომელთა მოქმედება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე ვერ გავრცელდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 მარტს №901 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 მარტს №901 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე