საქმე№ას-394-373-2013 20 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - მ. ქ-ე, გ. ც-ე, ი. ქ-ე, ამხანაგობა „ლ. ს-ო“, ე. ც-ე, ნ. დ-ე, პ. კ-ი, მ. ბ-ე, მ. ხ-ა, ნ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. ქ-ის, გ. ც-ის, ი. ქ-ის, ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-სა და ნ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის 389 059.22 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხა 105465,91 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 51378,23 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 232215,08 აშშ დოლარი, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაცია. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2006 წლის 13 სექტემბერს სს „ს. ბ-ს“, გ. ც-სა და მ. ქ-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლებს გაეხსნათ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი თანხით 120 000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით წლიური 10%-დან 24%-მდე სარგებლით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელესა და მ.ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული სოფელ გ-ი მდებარე 694 კვ.მ უძრავი ქონება. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2006 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებლებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებლებს გადაეცათ 120 000 აშშ დოლარი, 108 თვის ვადით, 15,5%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2007 წლის 10 მაისს ბანკსა და ი. ქ-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბათუმში, ჯ-ის ქN75-ში მდებარე 71,70 კვ.მ N45 ბინა. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე მიწის ნაკვეთი მ. ქ-ემ შენატანს სახით შეიტანა ამხანაგობა „ლ. ს-ი“, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინები ფიზიკურ პირებზე გაასხვისა, შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა ახალ მესაკუთრეებზეც გადავიდა. მ. ქ-ემ და ი. ც-ემ დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ერიცხებათ დავალიანება, მიუხედავად ვალდებულების შესრულების თაობაზე წერილობითი გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის განსაზღვრისა, მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, ამდენად, სს „ს. ბ-მა“ მოითხოვა სესხის დავალიანების დაკისრება და თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხოლო თუ რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა დავალიანებას, ბანკმა ასევე მოითხოვა თანხის ამოღება გ. ც-სა და მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
მოპასუხეებმა: მ. ქ-ემ და გ. ც-ემ სარჩელი ნაწილობრივ - ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნეს, ხოლო ჯარიმის ნაწილში განმარტეს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც ითხოვეს მისი შემცირება.
მოპასუხე ამხანაგობა „ლ. ს-ომ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ამხანაგობას სს „ს. ბ-ის“ მიმართ ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად, სოფელ გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის რეალიზაციის მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
ი. ქ-ემ მისი კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მიუხედავად იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისა, მ. ქ-სა და ი. ც-ის ვალდებულების გამო მან არ უნდა აგოს პასუხი.
მოპასუხეებმა: ე. ც-ემ, ნ. დ-ემ, პ. კ-მა, მ. ბ-ემ, მ. ბ-ემ, მ. ხ-მა და ნ. ჩ-მა ასევე არ ცნეს სარჩელი უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნა დაამყარეს შემდეგს:
სადავო უძრავი ქონების - ბინების შეძენისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არც მათ მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე და არც მიწის ნაკვეთზე იპოთეკა არ იყო რეგისტრირებული, აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობის, სისრულისა და გარიგების დამდები შემძენის სასარგებლოდ ამ ამონაწერის სისრულის პრეზუმფცია. მათთვის, როგორც შემძენებისათვის, არ უცნობებიათ მოსარჩელის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე, გარდა აღნიშნულისა, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მიწის ნაკვეთით და არა მასზე აღმართული, მოპასუხეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობით, რომელიც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ არის და იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება, მოპასუხეების, როგორც ახალი შემძენების მიმართ, არ ვრცელდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ც-ეს და მ. ქ-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 256 844.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც - 105 465.91 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა, - 51 378.23 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ხოლო 100 000 აშშ დოლარი დარიცხულ ჯარიმას წარმოადგენდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვა განხორციელდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაციით, კერძოდ, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა
საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:
- ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, დაზუსტებული ფართობი 694.00კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19კვ.მ საკადასტრო კოდი № ...;
- მოპასუხე ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001. კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 5, ბინა 20. ფართით 64.90კვ.მ. საკადასტრო კოდი №...;
- მოპასუხე მ. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/015, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე, შენობა - ნაგებობის საერთო ფართი 2329.19კვ.მ. სართული 4, ბინა 15, ფართით 64.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი....;
- მოპასუხე მ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/011 დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ. სართული 4, ბინა №11, ფართით 100.18 კვ.მ, საკადასტრო კოდი № ...;
- მოპასუხე პ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/008, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ. სართული 3, ბინა №8, ფართით 46.11 კვ.მ, საკადასტრო კოდი № ...;
- მოპასუხე ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/006 დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 3, ბინა №6, ფართით 100.18 კვ.მ, საკადასტრო კოდი № ...;
- მოპასუხე ე. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/001 დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 2, ბინა №1, ფართით 100.18 კვ.მ.საკადასტრო კოდი № ...;
- მოპასუხე ი. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, ჯ-ის ქუჩა №75, ბინა №45, ფართით 71.70 კვ.მ, საკადასტრო კოდი № ...;
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდებოდა მოპასუხეების გ. ც-სა და მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 13 სექტემბერს სს „ს.ბ-ს“, გ. ც-ეს და მ. ქ-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლებს გაეხსნათ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 120 000 აშშ დოლარზე, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 10%-დან 24%-მდე.
საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს ბანკს და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული ქ.ბათუმში, სოფელ გ-ი მდებარე 694 კვ.მ დაზუსტებული ფართის (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, საკადასტრო კოდი №...) მიწის ნაკვეთი. იპოთეკა დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში კანონის შესაბამისად.
2006 წლის 21 სექტემბერს ბანკს და მსესხებლებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლებზე გაიცა 120 000 აშშ დოლარი, 108 თვის ვადით, 15,5%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%.
საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 10 მაისს ბანკს და ი. ქ-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი. ქ-ის საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, ჯ-ის ქუჩა №75-ში მდებარე 71,70 კვ.მ №45 ბინა. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და აღირიცხა საჯარო რეესტრში.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 694 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი მ. ქ-ემ საკუთრებაში გადასცა ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, რომელმაც აღნიშნულ მიწაზე დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. ამხანაგობა „ლ. ს-ომ“, თავის მხრივ, მშენებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა (გაასხვისა) ფიზიკურ პირებს და საცხოვრებელი ბინები ირიცხება მოქალაქეების: ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ას, ნ. ჩ-ის და ამხანაგობა „ლ. ს-ოს“ საკუთრებაში.
2012 წლის 2 აპრილის მდგომარეობით გ. ც-ეს და მ. ქ-ეს ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: 2006 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი - 105 465.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 51 378.23 აშშ დოლარი, ჯარიმა - 232 215.08 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, რომელთა შორისაცაა აპელანტ მ. ბ-ის სახელზე რიცხული ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი ... დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა №11) 100.18 კვ.მ ბინა საკადასტრო კოდით №....
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ასევე ე. ც-ემ, ამხანაგობა „ლ. ს-ომ“, მ. ბ-მა და მ. ხ-ამ, რომელთაგან განსახილველად მხოლოდ მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი იქნა მიღებული. სხვა აპელანტების მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 867-ე მუხლით და აღნიშნა, რომ 2006 წლის 13 სექტემბერს სს „ს. ბ-ა“ და გ. ც-სა და მ. ქ-ეს შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებითი ურთიერთობა საბანკო კრედიტის გამო, როცა სს „ს. ბ-მა“ იკისრა ვალდებულება მოქალაქეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის წინაშე გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 120 000 აშშ დოლარზე, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 10%-დან 24%-მდე და შემდეგ აღნიშნული საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულებით მსესხებლებზე გაიცა 120 000 აშშ დოლარი, 108 თვის ვადით, 15,5%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0,5%. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან საბანკო კრედიტი სესხის ნაირსახეობაა, ზოგადი ნორმის სახით ამ ურთიერთობაში მოქმედებს ამავე კოდექსის 623-ე მუხლიც, რომელიც არ ეწინააღმდეგება სპეციალურ ნორმებს საბანკო კრედიტის თაობაზე. პალატის შეფასებით, სს „ს. ბ-ის“ მიერ გ. ც-სა და მ. ქ-ის საბანკო კრედიტის 120 000 აშშ დოლარის გადაცემით, მას გაუჩნდა უფლება, მოითხოვოს თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილი იყო შემდეგი: საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს ბანკს და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმში, სოფელ გ-ი, დაზუსტებული ფართით 694 კვ.მ (საკადასტრო კოდი №...). იპოთეკა დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი, მ. ქ-ემ საკუთრებაში გადასცა ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, რომელმაც აღნიშნულ მიწაზე დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამხანაგობა „ლ. ს-ომ“, თავის მხრივ, მშენებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა (გაასხვისა) ფიზიკურ პირებს და დღეისათვის აღნიშნული ბინები ირიცხება მოქალაქეების: ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ას, ნ. ჩ-სა და ამხანაგობა „ლ. ს-ოს“ საკუთრებაში. 2012 წლის 3 აპრილის მდგომარეობით გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ აპელანტ მ. ბ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი ... დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა №11, საკადასტრო კოდი № ...) 101,18 კვ.მ უძრავი ქონება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ უსაფუძვლო იყო სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა მ. ქ-სა და გ. ც-ის დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, მისი უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ როდესაც მ. ბ-ემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იპოთეკა მ. ბ-ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ ყოფილა, რაც დასტურდებოდა მის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიმართ კი მოქმედებდა უტყუარობის, სისრულის და გარიგების დადებისას შემძენის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერის სისწორის პრეზუმფცია. პალატის განმარტებით, საქმეში არსებული სს „ს. ბ-ის“ მიერ საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით, დადასტურებული იყო, რომ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს ბანკსა და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმში, სოფელ გ-ი, დაზუსტებული ფართით 694 კვ.მ (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001. საკადასტრო კოდი №...). იპოთეკა დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში კანონის შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოსარჩელე ბანკთან მიმართებაში მოქმედებდა. სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლისა და 150-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იპოთეკა ვრცელდებოდა როგორც მიწის ნაკვეთზე, ისე მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც აპელანტ მ. ბ-ის და სხვა მოპასუხეთა სახელზე იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნა გადავიდა ახალ მესაკუთრეებზეც.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ბ-ის მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად არასათანადო მოპასუხე მ. ბ-ის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ მ. ბ-ე წარმოადგენდა პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. ამასთან, საჯარო რეესტრის 2012 წლის 3 აპრილის ამონაწერით ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე 694.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2329,19 კვ.მ შენობა-ნაგებობის ერთ-ერთ მესაკუთრედ დარეგისტრირებული იყო მ. ბ-ე.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 103-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, რომელსაც არ წარმოუდგენია მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ: მ.ბ-ის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის, მისი კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ბ-ის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, რადგანაც არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია კანონის მოთხოვნის შესაბამისად პრეზუმფციული ორი ფაქტის ურთიერთგანსხვავებაზე, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიანიჭა უპირატესობა სს „ს. ბ-ის“ მიერ წარდგენილ 2012 წლის 3 აპრილს საჯარო რეესტრის ამონაწერს და ეს მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის ძალით უპირატესი ძალა მიანიჭა და საერთოდ არ უმსჯელია მ. ბ-ის მიერ წარდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლების საფუძველზე მიწაზე მყარად აღმართულად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნია კასატორისათვის უძრავ ქონებად მიყიდული არარსებული ნაგებობა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგანაც ვალდებულების წარმოშობისათვის არ არსებობდა მ.ბ-სა და მოსარჩელეს შორის ხელშეკრულება, ამასთანავე არ არსებობდა მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის განმაპირობებელი სხვა გარემოება, ამდენად, სასამართლომ მ.ბ-ე არასწორად ჩათვალა სათანადო მოპასუხედ, ხოლო მისი არარსებული ქონება არასწორად მიაქცია აუქციონზე სარეალიზაციოდ.
სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლები.
სასამართლომ ასევე იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გარანტირებულ საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, პრეზუმფციული მტკიცებულებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ამონაწერს.
კანონის ზემოაღნიშნული დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მ. ბ-ე არასათანადო მოპასუხედ, რითაც ასევე დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, ამასთანავე, სასამართლოს არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ბ-ის მიერ 2010 წლის 20 სექტემბერს ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამოყენებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში იპოთეკის არსებობა მითითებული არ ყოფილა.
სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებისას არ იქნა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა. ჯერ კიდევ დაუსრულებელი მშენებლობის უძრავ ქონებად მიჩნევა და სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლების შესაბამისად, მათი მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად კვალიფიკაცია არასწორია. არსებულ ვითარებაში, დაუსრულებელი ნაგებობა არ შეიძლება ჩაითვალოს იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნის ობიექტად თანახმად სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა. მ.ბ-ის მიერ წარდგენილი 2010 წლის 20 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, ადასტურებს, რომ კასატორი კეთილსინდისიერი მფლობელია, როლის მიერ შეძენილი საკუთრება არ შეიძლება აღმოჩენილიყო იპოთეკით დატვირთული კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გარეშე, ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობა, როდესაც უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერს. ამგვარი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობა კანონის არც ერთი დანაწესით არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 13 სექტემბერს სს „ს. ბ-ს“, გ. ც-ეს და მ. ქ-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლებს გაეხსნათ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 120 000 აშშ დოლარზე, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლით 10%-დან 24%-მდე;
საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს სს „ს. ბ-სა“ და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული ქ.ბათუმში, სოფელ გ-ი მდებარე 694 კვ.მ დაზუსტებული ფართის (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, საკადასტრო კოდი №...) მიწის ნაკვეთი. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და აღირიცხა საჯარო რეესტრში;
2006 წლის 21 სექტემბერს სს „ს. ბ-სა“ და მსესხებლებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებლებზე გაიცა 120 000 აშშ დოლარი, 108 თვის ვადით, 15,5%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%;
საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 10 მაისს სს „ს. ბ-სა“ და ი. ქ-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, იპოთეკით დაიტვირთა ი. ქ-ის საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, ჯ-ის ქუჩა №75-ში მდებარე 71,70 კვ.მ №45 ბინა. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და აღირიცხა საჯარო რეესტრში;
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 694 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი მ. ქ-ემ საკუთრებაში გადასცა ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, რომელმაც აღნიშნულ მიწაზე დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. თავის მხრივ, ამხანაგობა „ლ. ს-ომ“ მშენებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა (გაასხვისა) ფიზიკურ პირებს და ბინები ირიცხება მოქალაქეების: ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ას, ნ. ჩ-ის და ამხანაგობა „ლ. ს-ოს“ საკუთრებად;
2012 წლის 2 აპრილის მდგომარეობით გ. ც-ეს და მ. ქ-ეს ერიცხებოდათ შემდეგი დავალიანება: 2006 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი - 105 465.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 51 378.23 აშშ დოლარი, ჯარიმა - 232 215.08 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები სადავოს არ წარმოადგენს და წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალის მქონეა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, რომელთა შორისაცაა მ. ბ-ის სახელზე რიცხული ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი ... დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა №11) 100.18 კვ.მ ბინა საკადასტრო კოდით №....
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს „ს. ბ-ს“, გ. ც-სა და მ. ქ-ეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მისი უძრავი ქონების რეალიზაციის წინაპირობა. მ.ბ-ე თავის მოსაზრებას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: ა) მოცემულ საქმეში მ. ბ-ე არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის საწინააღმდეგოდ მას და მოსარჩელეს შორის გარიგება არ დადებულა, შესაბამისად, არც კასატორის მიმართ წარმოშობია მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს; ბ) სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და უპირატესობა მიანიჭა სს „ს. ბ-ის“ მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერს მოპასუხე მ.ბ-ის მიერ წარმოდგენილ ამონაწერთან შედარებით, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელ მტკიცებულებაში იპოთეკის არსებობა არ დასტურდებოდა, ამასთანავე, კასატორის კუთვნილი ქონება არასწორად იქნა მიჩნეული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე და თვლის, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული შედავება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეს მ.ბ-ე არ წარმოადგენდა, თუმცა ეს გარემოება გავლენას მ.ბ-ის მიმართ მოთხოვნის წარდგენის მართლზომიერებაზე ვერ იქონიებს.
მოქმედი მატერიალური კანონმდებლობა მხარის მიმართ მოთხოვნის უფლების წარმოშობას მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას არ უკავშირებს და დასაშვებად მიიჩნევს, მხარეს ასევე მოეთხოვოს გარკვეული შესრულების განხორციელება, მაგ: ზიანის ანაზღაურების, უსაფუძვლო გამდიდრებისა თუ კანონით აუკრძალავი სხვა დასაშვები საფუძვლიდან გამომდინარე (სკ 317.1).
მოცემულ შემთხვევაში, სს „ს. ბ-ის“ სარჩელით მოთხოვნილია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გ.ც-სა და მ.ქ-ან ვალდებულების შესრულება, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს, ასევე მოთხოვნილია დავალიანების დაფარვის მიზნით ვალდებულების (საბანკო კრედიტის) იმ უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია, რომელზეც უფლება მ.ბ-ეს გააჩნია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-6 თავი - საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე იპოთეკის სანივთო გარიგებას, დასაშვებად მიიჩნევს სხვა პირის საკუთრების ობიექტის გამოყენების შესაძლებლობას მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის იმგვარად, რომ უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე ვალდებულებითი ურთიერთობის ადრესატი არ იყოს. სათანადო პირობების არსებობისას კი, როდესაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულება სწორედ სხვა პირის ქონების ხარჯზე შეიძლება განხორციელდეს, ნივთის მესაკუთრის უფლებრივ მდგომარეობაზე ქონების ამ თუ იმ სახით განკარგვა პირდაპირ გავლენას იქონიებს. იმისათვის, რათა ამ პირის (მესაკუთრის) უფლებები სათანადოდ იყოს დაცული, სავალდებულოა საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ამ პრინციპის დაუცველად გადაწყვეტილების მიღება არ გამომდინარეობს სტაბილური მართლმსაჯულების მიზნებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა და განმარტავს, რომ ამ პრინციპის შინაარსიდან გამომდინარეობს ასევე მოსარჩელის უფლება, თავად გადაწყვიტოს მოთხოვნის ადრესატი - მოპასუხე მხარე, მართალია, სასამართლო არ არის შეზღუდული, შეფასება მისცეს მოპასუხედ დასახელებული პირის სათანადოობას, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც სს „ს. ბ-ი“ მოითხოვს მისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის იპოთეკის საგნის რეალიზაციას, რომელზე უფლებაც კასატორს გააჩნია, სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია მ.ბ-ე სათანადო მოპასუხედ და მართებულად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესით.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მხარემ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
როგორც უკვე აღინიშნა, მ. ბ-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი ... დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა №11, საკადასტრო კოდი № ...) 101,18 კვ.მ უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციასაც მოსარჩელე მოითხოვს. მოპასუხემ ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ ქონების შეძენის დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, უძრავ ნივთზე იპოთეკა რეგისტრირებული არ ყოფილა. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით წარმოადგინა 2010 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულება დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ხელშეკრულების თანახმად, 2010 წლის 21 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 100,18 კვ.მ ბინაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...) იპოთეკა, საგადასახადო გირავნობა, ვალდებულება, ასევე მოვალეთა რეესტრი რეგისტრირებული არ არის, ნასყიდობის საგანი არის უფლებრივად უნაკლო და იგი არ არის ყადაღადადებული. მოპასუხემ ასევე წარმოადგინა ამავე ქონებაზე 2010 წლის 20 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც სადავო ქონების მესაკუთრედ მ. ბ-ა მითითებული და ქონებაზე ვალდებულება (მათ შორის იპოთეკა) რეგისტრირებული არ არის.
სასამართლომ არ გაიზიარა მხარის ზემოაღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ სს „ს. ბ-ის“ მიერ საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით, დადასტურებული იყო, რომ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2006 წლის 13 სექტემბერს ბანკსა და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მ. ქ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმში, სოფელ გ-ი, დაზუსტებული ფართით 694 კვ.მ (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001. საკადასტრო კოდი №...). იპოთეკა დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და აღირიცხა საჯარო რეესტრში კანონის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი მოსარჩელე ბანკთან მიმართებაში მოქმედებდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს გასაჩივრებული განჩინების ამ მსჯელობას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა მიუთითებს ასევე ნორმის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, შეეხება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა ასევე არეგულირებს იმგვარ ურთიერთობებს, რომლებიც შეეხება ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არა არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. საყურადღებოა, რომ ამ კუთხით სს „ს. ბ-ს“ მოპასუხის შესაგებლის საწინააღმდეგო მტკიცება არ განუხორციელებია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ სარწმუნო ფაქტებსა თუ მტკიცებულებებზე, რაც გარიგების დადების დროს შემძენის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა, ამასთან, ნივთზე ვალდებულების არსებობის ფაქტის თაობაზე შემძენის ინფორმირების კუთხით არც სააპელაციო სასამართლოს დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებითაც დასტურდება სადავო ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია, მომზადებულია 2012 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც კასატორმა ნივთი შეიძინა 2010 წლის 20 სექტემბერს.
სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლი განამტკიცებს იპოთეკის რეგისტრაციის წესს. ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მართალია, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ მ.ქ-სა და გ.ც-ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით აღირიცხა საჯარო რეესტრში, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რეესტრის მონაცემების სისრულის პრეზუმფციიდან და ამ ფაქტის მიმართ მ.ბ-ის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, ამ იპოთეკას იურიდიული ძალა კასატორის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს რა ის გარემოება, რომ ნივთის შეძენისას საჯარო რეესტრის ჩანაწერებით მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაცია არ არსებობდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ რეესტრის ჩანაწერების თაობაზე კანონით გარანტირებული სისწორის პრეზუმფცია და მათ მიმართ მოპასუხის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამორიცხავს მ.ბ-ის კუთვნილი ნივთის რეალიზაციის ნაწილში სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ამასთანავე, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე არ არსებობს კასატორის იმ პრეტენზიის კვლევის აუცილებლობა, რომელიც მისი ნივთის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევას შეეხება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა მ. ბ-ის კუთვნილი ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე, პალატა თვლის, სს „ს. ბ-ს“ კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 450 ლარი (150+300).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი გ. ც-სა და მ. ქ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით მ. ბ-ის კუთვნილი, ქ.ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე (სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი ... დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი; მშენებარე შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა №11, საკადასტრო კოდი № ...) 101,18 კვ.მ უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. სს „ს. ბ-ს“ (ს/N...) მ. ბ-ის (პ/N...) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 450 ლარი.
5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე