საქმე№ას-395-372-2014 19 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ზ-ე, ზ. ხ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. გ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ზ-ემ, ზ. ხ-ემ და ზ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ.გ-ის“ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის დაკისრებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზ. ზ-სა და ზ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ.გ-ის“ 2013 წლის 25 ივლისის №159 ბრძანება, მოპასუხეს ზ. ზ-სა და ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 2013 წლის 25 ივლისიდან 13 აგვისტომდე მოსარჩელეთა ყოველთვიური ხელფასი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ. ზ-ემ და ზ. ხ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ზ-ემ და ზ. ხ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ზ. ზ-სა და ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს ზ. ზ-ემ და ზ. ხ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300-300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნების წარმოდგენა.
საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 25 აპრილს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ როგორც ზ. ხ-ეს, ისე ზ. ზ-ეს. მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხარვეზი შეევსოთ 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 26 აპრილიდან და ამოიწურა 1 მაისს.
აღნიშნულის მიუხედავად, კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. შესაბამისად, ზ. ზ-სა და ზ. ხ-ეს სრული შესაძლებლობა მიეცათ, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მათ საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებიათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ზ-სა და ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე