Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-399-376-2014 14 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის მიმართ 2004 წლის 1 აპრილს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ნ. კ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ას ზემოხსენებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2014 წლის 2 მაისს. ამავე წლის 7 მაისს ი.ნ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 7 დღით გაგრძელება იმ მიზეზით, რომ ნ. კ-ე ცხოვრობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შესახებ, თუმცა, დროის სიმცირის გამო, მარწმუნებელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ნ. კ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ნ. კ-ემ, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენელ ი. ნ-ას მეშვეობით (შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია ტ.1, ს.ფ. 57-ზე არსებული მინდობილობით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მითითებული ნორმის შესაბამისად, კასატორს განემარტა დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება და კასატორიც ადასტურებს, რომ ნ. კ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ას ზემოხსენებული განჩინების ასლი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით 2014 წლის 2 მაისს ჩაბარდა.

2014 წლის 7 მაისს ი.ნ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 7 დღით გაგრძელება იმ მიზეზით, რომ ნ. კ-ე ცხოვრობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შესახებ, თუმცა, დროის სიმცირის გამო, მარწმუნებელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მითითებულ შუამდგომლობას დაერთო წერილობითი მასალები (თავისი შინაარსით, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა), რომელთა თანახმად, ი.ნ-ამ ნ. კ-ეს ხარვეზის დადგენის შესახებ სრული ინფორმაცია 2014 წლის 2 მაისვე მიაწოდა და შემდეგ განმეორებით შეახსენა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ბოლო ვადა. ნ. კ-ე ადასტურებს, რომ ის წარმომადგენლის შეტყობინებას 2014 წლის 4 მაისს გაეცნო და თანხის გადახდაზე თანხმობა გამოთქვა.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სახელმწიფო ბაჟი არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც შემდგომ არ გადაუხდია.

თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ. კ-ეს ი.ნ-ას შეხსენებაზე არც კი უპასუხია, თუმცა მისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადები და წესი ნათლად ცნობილი იყო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლო გზავნილს მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში და იმ მომენტიდან, როდესაც იგი ჩაბარდება არა მხოლოდ პირადად მხარეს, არამედ მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სასამართლო განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2014 წლის 2 მაისს ჩაბარდა როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადასახდელად 5 დღის ვადა სავსებით გონივრული და საკმარისია. მსგავსი საპროცესო ვადის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო ეკონომიის პრინციპითა და მოწინააღმდეგე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების დროულად განხორციელებასაც. მართალია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მხარეს ობიექტურად ესაჭიროება დამატებითი ვადა კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად და მითითებული არ ემსახურება საქმის განხილვის ვადის უსაფუძვლო გაჭიანურებას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რისთვის იყო არასაკმარისი საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი 5-დღიანი ვადა, ნ. კ-ის მიერ თანხის მოსაძიებლად, თუ ი. ნ-ის მარწმუნებლისაგან პასუხის მისაღებად. მხარემ ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც საპროცესო ვადის გაგრძელებას დაედებოდა საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. კ-ემ მისი საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზი 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე