Facebook Twitter

ბს-684-271(კ-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ.,

ქ თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 31 ოქტომბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. კ-ემ მოპასუხე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და მესამე პირის _ მ. ფ-ის მიმართ.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 28 ოქტომბერს თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ მოწყობილ კონკურსზე გატანილ იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ტრანსპორტის გაჩერების მოპირდაპირე მხარეს. კონკურსის შესახებ გამოქვეყნებული იყო გაზეთ “ს...ის” 250-ე ნომერში ¹11 აღნიშვნით.’

კონკურსთან დაკავშირებით მოსარჩელემ 1999წ. 5 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოპასუხეს, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს და იმავე დღეს გადაიხადა ბე 120 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ კონკურენტი არ ჰყავდა, მაგრამ კონკურსის დღეს, 28 ოქტომბერს, აღმოჩნდა, რომ მისი ახალი კონკურენტი იყო მ. ფ-ი, რომელსაც განცხადება შეტანილი ჰქონდა 5 ოქტომბერს. კონკურსის ჩატარების დღეს მ. ფ-ის ნაცვლად გამოცხადდა სრულიად უცხო პიროვნება, რომელსაც არ ჰქონდა კონკურსში მონაწილეობის უფლება. შემდგომში გაირკვა, რომ უცხო პირი გახლდათ მ. ფ-ის მეუღლე.

მოსარჩელის მტკიცებით, მესამე პირის _ მ. ფ-ის მეუღლე შალვა თ-მ განცხადებაზე ხელმოწერით, კონკურსის ოქმისა და წინასაპროექტო ესკიზის გაყალბებით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა მ. ფ-ი.

მოსარჩელემ მოითხოვა 1999 “კონკურსის ჩატარების წესის” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა. კონკურსში ნ. კ-ის ერთადერთ გამარჯვებულად გამოცხადება და მიწის ნაკვეთზე მისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის განჩინებით მიწის მართვის დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. თბილისის მთავრობით, ხოლო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

ნ. კ-ის სარჩელზე შესაგებელი წარადგინა თბილისის მთავრობამ. შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ცნო მ. ფ-ი, ვინაიდან მის მიერ კონკურსზე შემოთავაზებული იყო მაქსიმალური თანხა _ 3200 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ კი _ 2200 ლარი. კონკურსში გამარჯვებულად ცნობის ძირითადი საფუძველი გახლდათ მიწის ნაკვეთისათვის გადახდილი მაქსიმალური თანხა და არა საუკეთესო ქალაქმშენებლობის მოთხოვნები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური და მიწის მართვის დეპარტამენტი.

2003წ. 27 ოქტომბერს მესამე პირმა მ. ფ-მა თავად შეიტანა სარჩელი, თუმცა 2003წ. 11 დეკემბრის მთავარ სხდომაზე უარი განაცხადა მასზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებითY ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ მ. ფ-ი გამარჯვებულად ცნო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე კონკურსის წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რადგანაც მის მიერ შემოთავაზებული თანხა 3200 ლარი 1000 ლარით აღემატებოდა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ თანხას.

აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ის მიზეზი, რომელიც მოსარჩელემ დაასახელა, კერძოდ, “კონკურსის ჩატარების წესის” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა, სასამართლომ არ გაიზიარა.

აღნიშნული გადაწყეტილება 2004წ. 2 თებერვალს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ.

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ მოსამართლემ საფუძვლიანად არ შეისწავლია სარჩელზე წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ის, რომ შ. თ-ს მხრიდან მოხდა დოკუმენტის, ანუ ესკიზის გაყალბება, რომლიც წარმოადგენს წითელი ხაზების გაცემის საფუძველს.

გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ზედაპირულად იქნა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. ამასთან, მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი 3000 ლარის რეალურად გადახდის შესახებ.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს ასევე არ გაითვალისწინა სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ანუ მტკიცებულებები სრულად და ობიექტური არ შეისწავლა. გარდა ამისა, სასამართლოს მხრიდან დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

2004წ. 20 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა ხ. დ-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილიყო ინფორმაცია და მტკიცებულებები იმის თაობაზე, ნამდვილად შეიტანა თუ არა მ. ფ-მა სს “თბ-ში” 1999წ. 24 დეკემბერს 3080 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 2 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. 2003წ. 9 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში შევიდა პასუხი ეროვნული ბანკიდან და ასევე, საშემოსავლო ორდერები, რომლითაც გაირკვა, რომ მ. ფ-მა 3080 ლარი ნამდვილად შეიტანა სს “თბ-ში” 1999წ. 24 დეკემბერს.

თბილისის საოლქო სასამართლოში 2004წ. 17 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 28 ოქტომბერს თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ მოწყობილ კონკურსზე გატანილ იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ... მოპირდაპირედ, ტრანსპორტის გაჩერებასთან. კონკურსის შესახებ გამოქვეყნებული იყო გაზეთ “ს...ის” 250-ე ნომერში ¹11 აღნიშვნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანეს როგორც აპელანტმა ნ. კ-ემ, ასევე მესამე პირმა მ. ფ-მა და 1999წ. 28 ოქტომბერს თბილისის მიწის მართვის და განკარგვის კომისიის ¹9 ოქმით კონკურსში გამარჯვებულად აღიარებულ იქნა მ. ფ-ი, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულებით დამტკიცდა აღნიშნული ოქმი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა მ. ფ-ის მხრიდან 3080 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და, თავის მხრივ, აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდებოდა მ. ფ-ის მიერ სს “თბ-ში” 3080 ლარის შეტანის აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი არ იყო თანმიმდევრული თავის მოთხოვნებში, ვინაიდან მან გაასაჩივრა მხოლოდ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის 1999წ. 28 ოქტომბრის კომისიის ¹9 ოქმი, რომლითაც კონკურსში გამარჯვებულად აღიარებულ იქნა მ. ფ-ი და არა თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულება, რითაც დამტკიცდა ხსენებული ოქმი.’

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულების თანახმად, მ. ფ-ი ვალდებული იყო 2 თვის ვადაში განეხორციელებინა მთელი რიგი მოქმედებები, რაც მას არ განუხორციელებია. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევების მიუხედავად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ხსენებული კონკურსის შედეგების ბათილობისა და ნ. კ-ის გამარჯვებულად აღიარებისა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ დარღვეულა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე კონკურსის ჩატარების წესის” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, რადგან არც ერთი ფაქტობრივი გარემოება (დაულუქავი კონვერტის გახსნა, წინასაპროექტო ესკიზის გაყალბება) არ ყოფილა დამტკიცებული აპელანტის მიერ. ეს კი გამორიცხავს ხსენებული ნორმის გავრცელების შესაძლებლობას მოცემულ სამართალურთიერთობაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა ნ. კ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატას განჩინების გამოტანის დროს უნდა გაეთვალისწინებინა საკითხი იმ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და, რომელზეც მ. ფ-ის მხრიდან თანხის გადახდის მიუხედავად, იურიდიული მოქმედებები 1999 წლიდან დღემდე არ განხორციელებულა.

გარდა ამისა, პალატა ვალდებული იყო ყურადღება გაემახვილებინა დოკუმენტების გაყალბების შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც საერთოდ არ გაუთვალისწინებია და, ამასთან, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მოთხოვნებით, რასაც მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ნ. კ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ქ. თბილისის მერიის ქ. გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 19.11.04წ. ¹დ-89 წერილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 24 მარტის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1999წ. 28 ოქტომბერს თბილისის მიწის მართვის და განკარგვის კომისიის მიერ მოწყობილ კონკურსზე გატანილ იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის ქ. 176-ის მოპირდაპირედ, ტრანსპორტის გაჩერებასთან.

კონკურსის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “ს...ის” 250-ე ნომერში.

დადგენილია, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება შეიტანა როგორც კასატორმა, ასევე, მესამე პირმა მ. ფ-მა.

კასატორის მიერ კონკურსზე, კონკურსის პირობების შესაბამისად, შეთავაზებულ იქნა 2200 ლარი, ხოლო მ. ფ-ის მხრიდან _ 3200 ლარი.

კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძველზე სადავოდ არ ხდის მ. ფ-ის მხრიდან ზემოაღნიშნული თანხის შეტანის ფაქტს, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ფ-ის მიერ კასატორთან შედარებით შეთავაზებული იქნა 1000 ლარით მეტი თანხა.

დადგენილია, რომ 1999წ. 28 ოქტომბერს თბილისის მიწის მართვის და განკარგვის კომისიის ¹9 ოქმით კონკურსში გამარჯვებულად გამცხადდა მ. ფ-ი. ოქმი დამტკიცდა თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულებით.

კასატორის საკასაციო პრეტენზიის ძირითად და ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ იგნორირება გაუკეთა წინასაპროექტო ესკიზის გაყალბების ფაქტს, რაც, კასატორისავე მოსაზრებით, წარმოადგენს კონკურსის შედეგების ბათილობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტის სიყალბე საჭიროებს კანონით დადგენილი წესით დადასტურებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯელობას ესკიზის გაყალბების თაობაზე და თვლის, რომ ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება კასატორის მითითებას ქ. თბილისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წერილზე, რომლითაც მ. ფ-ს უარი ეთქვა წითელი ხაზების დამუშავებაზე იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზედაც ის ითხოვდა წითელი ხაზების დამუშავებას, კონკურსზე არ გატანილა, ვერ დაადასტურებს წინასაპროექტო ესკიზის გაყალბების ფაქტს და საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ და დამატებით საკასაციო პრეტენზიად.

მით უფრო, რომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმის დასტურად, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე კონკურსის ჩატარების წესის” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, რომ კასატორის უდავო უფლებას წარმოადგენს სადავოდ გახადოს კონკურსის ჩატარების კანონიერება და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოითხოვოს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, ხოლო, რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულის მხრიდან შემდგომი პირობების დაუცვლობას, აღნიშნული შესაძლოა იქცეს მხოლოდ გარიგების მონაწილე მხარეთა დავის საგნად და არა მესამე პირის, მოცემულ შემთხვევაში კასატორის, რომლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს შემხებლობა არ გააჩნია მხარეთა შორის დადებული გარიგების პირობების შეუსრულებლობასთან.

აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა მისთვის სსკ-ის 404-ე მუხლის მე- I ნაწილით მინიჭებულ პროცესუალურ შესაძლებლობას, შემოიფარგლება მხოლოდ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლებით და თვლის, რომ კასაცია დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება;

3. ნ. კ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.