№ას-450-425-2014 16 მაისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ჯ. ჯ-ას მისი არასრულწლოვანი შვილის – გ. ჯ-ას (დაბ: .... წლის .... აგვისტოს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 14 ივლისამდე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან - 300 ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; ჯ. ჯ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჯ. ჯ-ას მიეცა მის არასრულწლოვან შვილთან - გ. ჯ-ასთან ურთიერთობის უფლება ყოველი კვირის შაბათს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე და კვირას 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შიეიტანა ჯ. ჯ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ. ჯ-ას დაეკისრა არასრულწლოვანი გ. ჯ-ას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა; ჯ. ჯ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჯ. ჯ--ას მიეცა უფლება - ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან გ. ჯ-ასთან თვეში ერთხელ, მისი არჩევით, კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით.
მითითებული გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. კ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ასლი 2014 წლის 3 აპრილს ჩაბარდა კასატორ ლ. კ-ს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 160).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 4 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 24 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 25 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 163-172).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან მან საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე