საქმე №ას-451-426-2014 15 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გ. მ-ი (მოსარჩელე)
2. ა. დ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2003 წლის 27 თებერვლის №2-11 სამკვიდრო მოწმობის გაუქმება სამტრედიაში, წ-ის ქ.№5-ში მდებარე სამკვიდროს ქონების ½ ნაწილში და აღნიშნული წილის მისთვის მიკუთვნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.სამტრედიაში წ-ის 5-ში მდებარე, ა. კ. ძე დ-ის დანაშთი ქონების ½ წილზე გაუქმდა ქ.სამტრედიის ნოტარიუს ქ.ჭ-ის მიერ 2003 წლის 27 თებერვალს გაცემული №2/11 სამკვიდრო მოწმობა, გ. მ-ს მიეკუთვნა ქ.სამტრედიაში, წ-ის №5-ში მდებარე სამკვიდრო ქონების ანუ საცხოვრებელი სახლის (მიწის ნაკვეთთან ერთად) ½.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მისი გამოუცხადებლობის გამო, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი. ამავე პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. ამავე სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2014 წლის 4 მარტს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ გ. მ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სხვადასხვა ნაწილში როგორც ა. დ-ემ, ისე გ. მ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ საკასაციო საჩივრები შეიტანეს ვადადარღვევით, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2014 წლის 4 მარტისათვის, რის შესახებაც ეცნობათ პროცესზე დამსწრე ა. დ-ის წარმომადგენელ გ. ტ-ეს, თავად გ. მ-სა და მის წარმომადგენლებს. მხარეებს ცხადად განემარტათ, რომ 2014 წლის 4 მარტს, მათი დასწრების მიუხედავად, გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მითითებულ დროს საქმის განხილვის გადადების თაობაზე მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი (ტომი 2, ს.ფ.69).
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, თუმცა გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარეთათვის (გ. მ-ს აღნიშნულის შესახებ ეცნობა პირადად, ხოლო ა. დ-ეს – გასაჩივრების უფლების მქონე წარმომადგენლის მეშვეობით) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ცნობილი იყო, კასატორების მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 24 მარტი, 30-ე დღე – 3 აპრილი. შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სააპელაციო პალატისათვის უნდა მიემართა 2014 წლის 24 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
გ. მ-მა, გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, სასამართლოს მიმართა 2014 წლის 19 მარტს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 4 აპრილს, 30-ე დღის შემდგომ, რაც მას ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მისვლის მოვალეობისაგან არ ათავისუფლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა ორივე კასატორისათვის დაიწყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 3 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 23 აპრილს. გ. მ-მა და ა. დ-ემ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინეს 2014 წლის 24 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, კასატორებმა საკასაციო საჩივრები შეიტანეს აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მათი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე