საქმე№ას-459-433-2014 14 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ც. ც-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ე (მეურვე – ქ. გ-ე) (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ის (მეურვე – ქ. გ-ე) მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც. ც-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მოწინააღმდეგე მხარისათვის 6000 აშშ დოლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ც. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით ც. ც-ის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაზეც ამ უკანასკნელმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონდარღვევით, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტ ც. ც-ის წარმომადგენელი ნ. დ-ე, რომელსაც მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ს.ფ. 101).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 1 აპრილი, 30-ე დღე კი, – 11 აპრილი. შესაბამისად, ც.ც-ეს ან მის წარმომადგენლს სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სააპელაციო პალატისათვის უნდა მიემართა 2014 წლის 1 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 11 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 1 მაისს. ც.ც-ემ საკასაციო საჩივარი „საქართველოს ფოსტას“ ჩააბარა 2014 წლის 2 მაისს (ს.ფ.345).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, ც. ც-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე