Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-493-467-2014 22 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ვ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ-ე, თ. ჩ-ე, გ. გ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ვ. გ-სა და ა. კ-ეს შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის (გამოსყიდვის უფლებით) შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-სა და მ. მ-ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის შესახებ 2011 წლის 3 ივნისის ხელშეკრულება. მოპასუხე თ. ჩ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარისა და 3689,22 აშშ დოლარის, სულ 18689,22 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება ვ. გ-სა და ა. კ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ვ. გ-სა და ა. კ-ეს შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ა. კ-სა თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. გ-ის სარჩელი ვ. გ-სა და ა. კ-ეს შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღისაგან გათავისუფლდა ა. კ-ის კუთვნილი უძრავი ნივთი (ქ.ქუთაისში, ხ-ის ქ. №50-ში მდებარე №5 ბინა, საკადასტრო კოდით №...).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენლები – ი. გ-ე და ფ. ც-ე. (იხ. ტ.3, ს.ფ.25-30). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 20 მარტისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორის წარმომადგენელმა ი. გ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის 15 აპრილს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 20 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 აპრილს, ვინაიდან 9 აპრილი იყო დასვენების დღე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 10 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ვ. გ-ემ შეიტანა 2014 წლის 8 მაისს (იხ. ტ.3, ს.ფ.38-46) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია